Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჩრდილოეთში ვითარება გაურკვეველია


შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ჯარები ბაღდადის წინააღმდეგ მასირებული შეტევისთვის ემზადებიან. ერაყის ჩრდილოეთში კი ბევრად უფრო მოკრძალებული სამხედრო მოქმედებები შეიმჩნევა.

მიუხედავად ამისა, მოიპოვება ცნობები იმის თაობაზე, რომ კოალიცია სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთის ფრონტს.

დიქტორი: უკვე მეორე კვირაა, რაც ერაყში ომი დაიწყო, მაგრამ ჩრდილოეთ ერაყში ჯერ არ შეინიშნება სერიოზული საომარი მოქმედებები. მიუხედავად მზარდი სამხედრო ყოფნისა, ვაშინგტონი, როგორც ჩანს, მოსულის, კირკუკისა და სხვა სტრატეგიული ქალაქების აღებას მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებს.

ამასობაში სადამის მოწინააღმდეგე ქურთები ქვეყნის ჩრდილოეთში იმედგაცრუებული არიან ამერიკელთა თავშეკავებულობის გამო. როგორც ბრიტანელმა სამხედრო ექსპერტმა, ლონდონის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ფილიპ მიჩელმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჟან-კრისტოფ პეკს, ერთ-ერთი მთავარი მისია, რომელიც აკისრია შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ ერაყში, არის ქურთისტანის პატრიოტული კავშირისთვის დახმარების გაწევა სადამის მომხრე დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე ამოცანაა ქურთებსა და დანარჩენ ერაყს შორის სადემარკაციო ხაზის გადაღმა საბოტაჟის აქტების დაგეგმვა და შესრულება ჩრდილოეთის მხრიდან.

რაც შეეხება ერაყის სამხრეთს, აქიდან კოალიციის ჯარები ბაღდადისკენ მიიწევენ, რათა ალყაში მოაქციონ დედაქალაქი. ანალიტიკოსების აზრით, ბაღდადისთვის ბრძოლა ყველაზე გააფთრებული იქნება მთელი სამხედრო კამპანიის მანძილზე.

ასეთ პირობებში, კიდევ ერთი ლონდონელი ექსპერტის, ელი გოლდსუორთის თქმით, ჩრდილოეთში კოალიციის ჯარების გააქტიურებას სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია ბაღდადის აღებაში. მისი აზრით, მიუხედავად გარეგნული პასიურობისა, იქ, წესით, ინტენსიურად უნდა ემზადებოდნენ მეორე ფრონტის გახსნისთვის. საჭიროების შემთხვევაში ამას საჰაერო დესანტით განახორციელებენ. ამჟამად ჩრდილოეთ ერაყში უკვე იქნა გადასროლილი 1000 ამერიკელი პარაშუტისტი.

სხვათა შორის, დესანტის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება მას მერე, რაც თურქეთმა შეერთებულ შტატებს თავისი ტერიტორიის გამოყენების უფლება არ მისცა ჩდილოეთის ფრონტის გასახსნელად.

საერთოდ, თურქეთს ამერიკისთვის ერთობ მოუხერხებელი როლი ერგო ამ ომში. ანკარა ესწრაფვის, ჩრდილო ერაყში თავისი ჯარები შეიყვანოს, რათა კონტროლი დააწესოს ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზე და შეაჩეროს ერაყის მხრიდან თურქეთისკენ მიმავალ ლტოლვილთა ტალღა. ამერიკელები კი შიშობენ, რომ ერაყში თურქეთის ჯარების შესვლამ პრობლემები შეიძლება შეუქმნას მოკავშირეებს.

[გოლდსუორთის ხმა] "თუკი თურქეთი თავის ჯარებს უფრო ღრმად შეიყვანს ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზე ჩრდილოეთ ერაყში, ამან შეიძლება პრობლემა შეუქმნას იქ განლაგებულ ამერიკის ჯარებს. ვინაიდან იმის ნაცვლად, რომ ამერიკელებმა სამხრეთისკენ, ბაღდადისკენ მიმართონ ყურადღება, ისინი იძულებული გახდებიან ცალი თვალი უკან ეჭიროთ და ზურგსუკან ჯარები განათავსონ. ეს ამერიკელთა ჯარების ნაწილს ხელ-ფეხს შეუკრავდა," ფიქრობს ელი გოლდსუორთი.
XS
SM
MD
LG