Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუჭერენ თუ არა მხარს სადამ ჰუსეინს საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილები


ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა თავის ბოლო სატელევიზიო მიმართვაში მსოფლიოს ყველა არაბს და მუსულმანს მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა განწყობის შესახებ ჩვენ ამას წინათ გესაუბრეთ. ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ საქართველოში კომპაქტურად განსახლებული მუსულმანური რწმენის ჩეჩენი ლტოლვილების პოზიციაზე, იმ ლტოლვილებისა, რომლებმაც ომის სიმწარე საკუთარ თავზე გამოსცადეს.

საქართველოში მცხოვრებ ჩეჩენ დევნილებს ერაყის მოსახლეობასთან რელიგია, ერაყში მცხოვრები მოჰაჯირთა შთამომავალი ჩეჩნები და კიდევ ბევრი სხვა რამ აკავშირებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩეჩენთა შეიარაღებული რაზმები აქტიურად იბრძოდნენ ქართველი აგრესორებისგან მოძმე აფხაზების დასაცავად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩეჩნები არც ერაყის რელიგიურად თუ ეთნიკურად მონათესავე ხალხის გვერდით ბრძოლაზე იტყოდნენ უარს. მიუხედავად ამისა, საქართველოში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილთა წარმომადგენლებთან საუბრისას სულ სხვა რამ გაირკვა. ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ჩეჩენთა დიასპორის ლიდერმა ხიზრი ალდამოვმა განაცხადა:

[ალდამოვის ხმა] „სადამ ჰუსეინი ყოველთვის უჭერდა მხარს რუსეთს ჩეჩნების წინააღმდეგ და ამართლებდა იმ გენოციდს, რასაც ჩეჩნებს უწყობდნენ რუსები. ჩვენ არ გვინდა სამაგიერო გადავუხადოთ მაგას, მაგრამ, როდესაც გამოდის და ითხოვს დახმარებას, რატომღაც დაავიწყდა იგივე ჩვენი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვიყავით ასეთ მდგომარეობაში და დღესაცა ვართ."[სტილი დაცულია]

ალდამოვი ნებისმიერი ომის წინააღმდეგია, თუმცა მიაჩნია, რომ, თუ რომელიმე ჩეჩენს ომში მონაწილეობა შეუძლია, ის, უპირველეს ყოვლისა, ჩეჩნეთში უნდა იბრძოდეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად.

საქართველოში მყოფ ჩეჩნებში ჰუსეინის არმიის რიგებში ჩადგომის სურვილსაც კი გამორიცხავს ჩეჩნეთიდან ლტოლვილი მექა ხანგოშვილი:

[მექა ხანგოშვილის ხმა] „არა, არა, გამორიცხულია, იმიტომ რომ ჩეჩნებს თავიანთი პრობლემა აქვთ. ყველა საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ისევ, ალბათ, ვალდებულია და იმ აზრისაა, რომ წავიდეს და ისევ ჩეჩნეთი დაიცვას, ვიდრე ერაყში წავიდეს და ერაყი დაიცვას. საერთოდ, ომს, რა თქმა უნდა, ყველა ჩეჩენი გმობს."

თუ რა განწყობაა პანკისის ხეობაში დარჩენილ ჩეჩენ ლტოლვილებში, ამას დუისის გამგებლის ჯარაფ ხანგოშვილისაგან შევიტყობთ:

[ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] „სიმართლე გითხრათ, ხალხის აზრი -ადგილობრივებისაც და ლტოლვილებისაც - მე ასე ვიცი, რომ ისინი თანაუგრძნობენ ჰუსეინს და ეს ომი მიაჩნიათ უსამართლო ომად ამერიკის მხრიდან, სუფთა ადამიანური გაგებით. მაგრამ ჰუსეინს რომ დაეხმარონ, ამას მართლა არ აპირებენ, იმიტომ რომ, როცა რუსეთი ეომებოდა ჩეჩნეთს, ჰუსეინს თითიც არ გაუტოკებია, რომ ჩეჩნებს დახმარებოდა, გინდა სიტყვიერად, გინდა მორალურად, გინდა მატერიალურად."

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორია უკვე კარგახანია დატოვა ჩეჩენ მებრძოლთა დიდმა დაჯგუფებამ, რუსლან გელაევის მეთაურობით. მათი პანკისის ხეობაში ყოფნის შემთხვევაში, სულაც არ იყო გამორიცხული, რომ მესამე ქვეყანაში გასასვლელის მაძიებელ ჩეჩენ მეომრებს მართლაც გადაეწყვიტათ ერაყის ომში ჩართვა.
XS
SM
MD
LG