Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არღვევს თუ არა ომის წამომწყები საერთაშორისო სამართალს?


მსოფლიოს სახელმწიფოები ნახევარ საუკუნეზე უფრო

დიდი ხნის წინ მორიგდნენ ძალადობის პრინციპულ აკრძალვაზე. არის თუ არა ეს აკრძალვა კვლავ ძალაში, ვის და რა შემთხვევაში შეუძლია დაარღვიოს, მისი ფუძემდებლების აზრით, კაცობრიობის ეს უდიდესი მიღწევა - სამხედრო ძალის გამოყენების დაუშვებლობის პრინციპი? ეს კამათის თემაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ქვეყანაში, რომლის მთავრობა ზოგისთვის ამ პრინციპის დამრღვევია, სხვისთვის კი მოძალადისგან განმათავისუფლებელი ძალა. დღეს მინდა ორი ამერიკელი იურისტის ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები გაგაცნოთ.

83 წლის ბენჯამინ ფერენცი, საერთაშორისო სამართლის თავგამოდებული მომხრე, 1946-48 წლებში ნიურნბერგის პროცესზე, სადაც ნაცისტები გაასამართლეს, ბრალმდებლად იყო. აი, რას ამბობს ის: მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მომავალში ომის საშინელების თავიდან ასაცილებლად, დაიბადა იდეა შექმნილიყო ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელშიც ყველა ადამიანი, განურჩევლად, შეძლებდა მშვიდობიანად და ღირსეულად ეცხოვრა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნები, შეერთებული შტატების წინამძღოლობით, შეთანხმდნენ ახალ წესებზე, რათა მომავალი თაობები ომის მძევლობისგან დაეცვათ. შეირაღებული ძალადობა აიკრძალა. დაშვებულ იქნა ორად ორი გამონაკლისი: ან თავდაცვის მიზნით იარაღის ხმარება, ან გაეროს უშიშროების საბჭოს მკაფიო მანდატით მოქმედება. გაეროს ქარტიის ეს დებულება ყველა ერისთვის სავალდებულოა. ჩვენ დახოცილთა წინაშე ვალდებულნი ვართ, მშვიდობის მიმართ ეს მოვალეობა შევასრულოთ. - ასე ფიქრობს ბენჯამინ ფერენცი, ვეტერანი იურისტი. გაეროს ქარტიის აქტუალობას ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლის პროფესორი მაიკლ გლენონი, რომელიც ადრე ვაშინგტონში, საგარეო საქმეთა უწყებაში, ასევე - სენატში, მრჩევლად იყო მიწვეული. გლენონის აზრი ასეთია:
მხოლოდ თავდაცვა და გაეროს მანდატი იძლევა ომის დაწყების უფლებას. აშშ ერაყთან ომში ისე ჩაება, რომ ამ პირობებს ვერ ასრულებს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს ვაშინგტონი საერთაშორისო სამართალს არღვევდეს. მაგრამ განსჯა ამით არ მთავრდება, ის აქ მხოლოდ იწყება. საკითხავი ის არის, სინონიმებია თუ არა საერთაშორისო სამართალი და გაეროს ქარტია; წარმოადგენს თუ არა, ასე ვთქვათ, სამართალს გაეროს ქარტიისეული ძალის გამოყენების ეს შეზღუდვა? ჩემი პასუხია: არა.

კვლავ ძალის გამოყენების სამართლის ჩარჩოებში მოქცევის მომხრე ბენჯამინ ფერენცს დავუბრუნდეთ. მისი აზრით, გაეროს უფლების გარეშე ვინმესთვის სამხედრო პრევენციული დარტყმის მიყენება დარღვევაა ქარტიისა, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის მოქმედ სამართალს წარმოადგენს. უშიშროების საბჭოს მანდატის გარეშე ერაყზე თავდასხმა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ამერიკელი იურისტის თქმით, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს განუმეორებელი საშუალება ჰქონდა ეს სამართალი აემოქმედებინა. თუკი უშიშროების საბჭო არ იძლეოდა ძალის გამოყენების უფლებას, პრეზიდენტი უნდა დამორჩილებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის ნებას და ემოქმედა არა ომის გზით, არამედ საერთაშორისო პოლიციური აქტით, ანუ სადამი და მისი თანამზრახველები დაეკავებინა. მაიკლ გლენონი, რომლის აზრებმა ბევრი ააღელვა მსოფლიოში, რეალიზმისკენ და ილუზიებისგან განთავისუფლებისკენ მოუწოდებს ყველას და ფაქტების ენით ლაპარაკობს: 1945 წლის შემდგომ მსოფლიოში ასზე მეტი ომი გაჩაღდა. პოლიტიკოსებმა, დახურულ კარს მიღმა მაინც, ხელი აიღეს გაეროს მაშინდელი წესების დაცვაზე. ვერც გერმანიას და ვერც შეერთებულ შტატებს, ვერც ნატოს სხვა წევრებს ვერ შეუშალა გაეროს ქარტიამ ხელი უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე იუგოსლავია დაემბობათ. მეორე მაგალითი: რატომ ესწრაფვის კომუნისტური კორეა აშშ-თან თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას? გაეროს ქარტია ხომ თავადაა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, სულ მცირე, ცდილობს ასეთი რამ იყოს. მაგრამ, აბა, ვინ დააჯერებდა კორეელებს: ნუ დარდობთ, გაეროს ქარტია დაგიცავთო? ეს წესები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მათ ძალა უკვე დიდი ხანია დაკარგეს. მაგრამ ახალი წესიც ვერ შევიმუშავეთ. დროდადრო აღმოვაჩენთ ხოლმე გეოპოლიტიკურ აწმყოსა და სამართლებრივ წარსულს შორის უთანხმოებას. უფსკრული რიტორიკასა და რეალობას შორის აშკარა ხდება.
ამ რეალობას სამართლებრივ ჭრილში განიხილავს ბენჯამინ ფერენცი, რომლის აზრით, ისინი, ვისაც საომარ დანაშაულს დაუმტკიცებენ, უნდა გავასამართლოთ. მოქმედი საერთაშორისო სასამართლოების კოდექსი, განაგრძობს ფერენცი, უნდა განვავრცოთ იმისათვის, რომ ეს პროცესები სამართლიანი იყოს. ფერენცი იხსენებს: 1958 წლის 15 მაისს ჩემი ყოფილი მეთაური და იმ დროისათვის აშშ-ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი გვაფრთხილებდა, თუკი ცივილიზაციის გადარჩენა გვსურს, სამართლის ბატონობას უნდა მივემხროთო. ამერიკის ასევე ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, როცა მისი ჯარები უშიშროების საბჭოს დავალებით ერაყს უტევდნენ, ამბობდა: მოგვეცა შანსი, ჩვენთვის და მომავალი თაობებისათვის დავამყაროთ ახალი წესრიგი მსოფლიოში, რომელსაც ამიერიდან ჯუნგლების კანონი კი არა, სახელმწიფოთა ნება მართავსო. ფერენცის აზრით, ახლანდელ პრეზიდენტს არგებდა, თავისი მამისთვის დაეგდო ყური. მაიკლ გლენონი, როგორც მოქმედ პოლიტიკოსებთან ნამუშევარი კაცი, სახიფათო ილუზიად მიიჩნევს აზრს, რომ გაეროს ქარტია ომისგან დაგვიცავს. ეს ილუზია უკეთესი სამყაროსკენ გზას გვიღობავს, - აცხადებს საერთაშორისო სამართლის ამერიკელი პროფესორი და ცდილობს თავისი პოზიცია უფრო ნათელი გახადოს: იარაღი ახალი წესრიგის დასამყარებლად, როგორც ნაპოლეონი ამბობდა, იმის ხელთაა, ვინც მისი მოხმარება იცის. სამწუხაროდ, იარაღი, რომლითაც ამა თუ იმ ქვეყანამ სახელმწიფო ინტერესები უნდა დაიცვას, ძალაა, აცხადებს ის, მაგრამ იქვე დასძენს: იმ მსოფლიოში, სადაც კანონი იბატონებს, საქმე სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ სამყარო იმგვარად უნდა დავინახოთ, როგორიც არის და ჩვენი სამყარო კი ასეთია ახლაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG