Accessibility links

logo-print

აშშ ერაყს "ომის წესების" დარღვევაში ადანაშაულებს


ერაყში სამხედრო მოქმედებები გრძელდება და დაპირისპირებული მხარეები ახალ-ახალ ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს. მაგალითად, აშშ ერაყს სულ უფრო ხშირად ადანაშაულებს "ომის წესების დარღვევაში",

რაც, როგორც ირკვევა, ერთობ მძიმე ბრალდებად არის მიჩნეული.

ტერმინი "ომის წესები", ერთი შეხედვით, სრულიად შეუფერებელ, მეტიც - ერთმანეთის გამომრიცხავ ცნებებს აერთიანებს. შეიძლება წესებზე ლაპარაკი მაშინ, როცა ადამიანებს, მათ შორის სრულიად უდანაშაულო სამოქალაქო პირებს, ბავშვებსა და ქალებს ხოცავენ? როცა კაცს სარჩოს ართმევენ და დასახლებებს მიწასთან ასწორებენ?

1864 წელს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გადაწყდა, რომ წესებზე ლაპარაკი ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება, ის კი არა აუცილებელიც არის, რათა ძალადობის ნაწილობრივ აღკვეთა მაინც მოხერხდეს: მაგალითად, ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს ტყვედ ჩავარდნის შემდეგ. მაგრამ ერაყში, შესაძლოა, სწორედ ეს წესი დაირღვა.

ამერიკელმა გენერალმა პიტერ პეისმა ორიოდე დღის წინ ტელეკომპანია "CNN"-თან ინტერვიუში თქვა, რომ რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი, ერაყში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ იქნა მოკლული. როგორც ჩვენი რადიოს თანამშრომელმა, ბრეფნი ორურკმა შეიტყო, ეს ცნობა სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ, ხოლო ერაყი უარყოფს ბრალდებას. გაეროში ერაყის ელჩის, მოჰამედ ალ-დურის თქმით: [ალ-დურის ხმა] "ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და დავიცავთ ჟენევის კონვენციას, დავიცავთ სამხედრო ტყვეებსა და მათ ჟენევის კონვენციის შესაბამისად მოვეპყრობით".

მაგრამ ამერიკის მხარე ერაყს კიდევ ერთ, უფრო დაწვრილებით აღწერილ ბრალდებას უყენებს: საქმე ეხება სამხრეთი ერაყის ქალაქ ნასირიაში ინტენსიური ბრძოლების დროს მომხდარ ინციდენტს, რომლის შესახებაც პენტაგონის პრეს-მდივანი, ვიქტორია კლარკი ამბობს: [კლარკის ხმა] "ერაყელმა სამხედროებმა საავადმყოფოც კი სამხედრო საყრდენად გამოიყენეს ამერიკელ საზღვაო ქვეითებზე სროლისას. ომის დროს საავადმყოფო ითვლება უსაფრთხო ადგილად ავადმყოფებისა და დაჭრილებისათვის. შენობა გარკვევით ატარებდა საავადმყოფოს სიმბოლოს: მასზე, თავდასხმისაგან დასაცავად, აღმართული იყო დროშა წითელი ნახევარმთვარის გამოსახულებით".

პენტაგონის პრეს-მდივანი ამ სიტყვებით მიუთითებს ომის წესების მეცხრე მუხლზე, რომელშიც ნათქვამია, რომ იერიშისაგან დაცული არიან სამოქალაქო საავადმყოფოები, რომელზეც ჩანს წითელი ჯვრის, ან წითელი ნახევარმთვარის სიმბოლოები. და თუ ზემოხსენებული ნასირიის საავადმყოფოს შემთხვევაში, მომხდარის ამერიკული ვერსია დადასტურდა (ლაპარაკია საავადმყოფოში, დაახლოებით 170 ერაყელი ჯარისკაცის შეპყრობასა და დიდი რაოდენობით იარაღის ამოღებაზე), საქმე გვექნება ომის წესების უხეშ დარღვევასთან: დამცველი სიმბოლოებით, მათ შორის წითელი ნახევარმთვარით ბოროტად სარგებლობა, სამხედრო დანაშაულად ითვლება!

დაბოლოს, ნასირიის საავადმყოფოსთან ბრძოლას უკავშირდება კიდევ ერთი ბრალდება: ამერიკელების თქმით, იქ შეპყრობილი ჯარისკაცები უმეტესწილად სამოქალაქო ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილი და სამხედრო ფორმის თითო-ოროლა ელემენტს თუ ატარებდნენ. რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საბრძოლო მოქმედებების დროს ჩაცმულობის ფაქტორი, ამის შესახებ დღევანდელ გადაცემაში ჩემი კოლეგის, დავით კაკაბაძისაგან შეიტყობთ. აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ომის წესებით, მეომარი - იმისათვის, რომ "კანონიერი მეომრის" სტატუსი დაიმსახუროს - სამხედრო ფორმაში უნდა იყოს გამოწყობილი და იარაღს ადვილად შესამჩნევად ატარებდეს.
XS
SM
MD
LG