Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი ერაყში საომარი მოქმედებების დასრულებას შიშით ელოდება. მოგვარდება თუ არა აფხაზეთის პრობლემა აშშ-ის ჩარევით


სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლება ერაყში კოალიციის მიერ წარმოებულ საომარ ოპერაციებს რუსული სტანდარტებით აფასებს და ჰუსეინის რეჟიმს მხარდაჭერას უცხადებს. გარდა პრორუსული განწყობილებისა,

ამ მხარდაჭერას განაპირობებს საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობა და, კერძოდ, განცხადებები იმის თაობაზე, რომ ერაყის რეჟიმის დამხობის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებისთვისაც მოიცლის. მართალია, ასეთი განცხადებები ოფიციალურ დონეზე არ ვრცელდება, მაგრამ სოხუმში, უდავოდ, მღელვარება შეინიშნება. შეერთებული შტატები არ აპირებს აფხაზეთისა და ყარაბახის კონფლიქტებში ჩარევას, - განაცხადა "ნეზავისიმაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ვერშბოუმ. ამერიკელი დიპლომატის მკაფიო ფორმულირების მიუხედავად, აფხაზეთში ამერიკის სამხედრო დახმარების თემა საზოგადოებაში მაინც აქტუალურია, განსაკუთრებით - გაეროს უძლურების ფონზე.

მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გაეროს კატეგორიული უარი უთხრა ომისშემდგომი ერაყის სამართავად დროებითი ადმინისტრაციის შექმნაზე, ნათელი გახდა, რომ გაეროს დისკრედიტაციას გაგრძელება მოჰყვება, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდანაც.
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "რუსეთი გაეროს, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო მკაცრად მოეპყრობა ამის შემდეგ. რუსეთი ჩათვლის, რომ თუ ამერიკელებს და ინგლისელებს უფლება აქვთ უშიშროების საბჭოზე ასეთი დემარში განახორციელონ უშიშროების საბჭოს მიმართ, რატომ არა ქვთ ამის უფლება მათ? და არ არის გამორიცხული, რომ უშიშროების საბჭოზე დაყენებული მეტ-ნაკლებად სერიოზული დოკუმენტი და მეტ-ნაკლებად სერიოზული პოზიცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ რუსებმაც გამოიყენონ დემარშისთვის და დაუპირისპირდნენ უშიშროების საბჭოს."
როგორც ადამიანის უფლებების დამცველი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, სახელგატეხილ გაეროს ავტორიტეტი იმ დონემდე არ დაუკარგავს, რომ მან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაზე აიღოს ხელი, იმის მიუხედავად, რომ ამ კონფლიქტის თემაზე მიღებული 28 რეზოლუციიდან პრაქტიკულად ერთმაც ვერ იმუშავა. ამაში პაატა ზაქარეიშვილი ადანაშაულებს არა გაეროს, არამედ კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, საქართველოს, როგორც გაეროს წევრ ქვეყანას.
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "საქართველომ, საერთოდ, უნდა თქვას, რომ მე არ მჭირდება გაერო და მე თვითონ მივხედავ ამ საკითხს, თუ გულახდილად გინდა თქმა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებაა უუნარო სწორედ. ჩვენ გაეროს უუნარობაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ გაეროს არ შეუძლია ჩვენ მაგივრად საქმე გააკეთოს. ეხლა ვითომ ამერიკელები შემოვლენ. ზღაპარია, გამორიცხულია, აბსურდულია ეს განცხადება, იმიტომ რომ არავითარი საფუძველი მას არ გააჩნია. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი."[სტილი დაცულია]
როგორც საინფორმაციო სააგენტო მედიამაქსი იტყობინება, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას ევროპასა და ევრაზიაში ამერიკული დახმარების კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელმა თომას ადამსმა განაცხადა, რომ 2004 წელს შეერთებული შტატები, "თავისუფლების მხარდაჭერის აქტის" ფარგლებში, საქართველოსთვის 75 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას აპირებს. თანხა, ძირითადად, ქართველ მესაზღვრეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებას და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კომისიების სწავლებას უნდა მოხმარდეს. შევარდნაძის მემკვიდრის თემა ამერიკისთვის აქტუალურია და ქართველ ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი, მართლაც, ფიქრობს, რომ გავრცელებული ხმები აფხაზეთში ამერიკის სამხედრო ოპერაციის შესახებ საარჩევნო კამპანიის ნაწილია. სხვათა შორის, აფხაზეთში ამერიკული სამხედრო დახმარების თემა პირველად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ წამოსწია.
ამ თემას დღეს ყველაზე დიდი ოპტიმიზმით ეხმაურება აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც ამერიკისა და მეგობარი ქვეყნების დახმარების ყველაზე ოპტიმალურ შესაძლებლობას კვლავაც გაეროს ფარგლებში მოიაზრებს, ოღონდ ძალისმიერი მეთოდებით და არა მედიატორული რეზოლუციებით.
XS
SM
MD
LG