Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ისევ მოითხოვს ახსნა-განამრტებას საქართველოს საჰაერო სივრცეში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენი გამო


იმ არაერთი განმარტების მიუხედავად, რომლის მიხედვით, ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში ანტიტერორისტული მისიით გამოჩნდა, რუსეთის მხარე კვლავ

დაჟინებით ითხოვს პასუხს შეკითხვაზე, რა მიზნით დაფრინავდა რუსეთის საზღვრის სამხრეთით ამერიკული თვითმფრინავი. ეს საკითხი და ისიც, რომ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარ სამხედრო აეროდრომებს სთავაზობს, რუსეთში ერაყის ომზე არანაკლებ აწუხებთ. ვითარება რუსეთ-საქართვეოს ურთიერთობაში იმდენად იძაბება, რამდენადაც არსებობს მოლოდინი იმისა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველო დასჭირდება.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენის გამო რუსეთის სახელისუფლებო წრეებში ისევ ღელავენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას მოსთხოვა დასაბუთება იმის, თუ რა მიზნით დაფრინავენ ამერიკული სადაზვერვო საშუალებები რუსეთის სამხრეთით, საქართველოს საჰაერო სივცეში. არადა, დასაბუთება არსებობს. ამ დღეებში არაერთხელ განიმარტა, რომ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოქმედებდა, მით უფრო, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელიც ნებას რთავს შეერთებულ შტატებს საქართველოს საჰაერო სივრცე ანტიტერორისტული ოპერაციისთვის გამოიყენოს და მაინც მოვიყვანთ ციტატას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის რიჩარდ არმიტეჯის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთმა "იზვესტიამ" გამოაქვეყნა: " ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს საზღვრის მახლობლად სიტუაციის შესასწავლად გვჭირდება, მათ შორის, პანკისის ხეობაზე დასაკვირვებლად. თუ იქ რაიმე საეჭვო იქნებოდა შემჩნეული, ამერიკის შეერთებული შტატები აუცილებლად მიაწვდიდა ინფორმაციას რუსეთის მხარეს. "განმარტება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ამერიკული მზვერავით შემოვლა რუსეთის მიმართ მტრული აქცია არ იყოფილა. ასეა თუ ისე, რუსეთს არც ამერიკელების სჯერა და არც ქართველების. იქ ირწმუნებიან, რომ ამერიკელები საქართველოდან რუსეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას ცდილობენ და, როგორც ჩანს, ამ საკითხის გამო ვნებათაღელვას წერტილი ჯერ კიდევ არ დაესმება, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შანსი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამხედრო აეროდრომების გამოყენების თხოვნით მიმართოს.
" ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურ შტაბში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კვლავ აწარმოებს კონსულტაციებს ამერიკელ ექსპერტებთან. ამ კონსულტაციების შედეგები უცნობია. თბილისში კი არ გამორიცხავენ პენტაგონის ინტერესის სფეროში მოექცეს ვაზიანის სამხედრო ბაზა - ბაზა, რომლის აეროდრომიც საქართველოს მხარეს მუშა მდგომარეობაში გადაეცა", - წერს "ნეზავისიმაია გაზეტა". ვაზიანის სამხედრო აეროდრომი, სხვა სამხედრო აეროდრომებთან შედარებით, მუშა მდგომარეობაში მყოფად რომ უნდა ჩაითვალოს, ამას ქართველი სამხედრო ექსპერტებიც ადასტურებენ, თუმცა ცნობილია, რომ პენტაგონის ინტერესების სფეროში შესვლის შემთხვევაში, მასზე გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იქნება. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით თეორიული მსჯელობის საგანია. სამხედრო აეროდრომების გამოყენების თხოვნით საქართველოსთვის არავის მიუმართავს. მოუწევს თუ არა საქართველოს დიდი მოკავშირის აქტიური სამხედრო მოკავშირეობა არავინ იცის. საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მარნეულში დაკავებულ პირს კი, რომელიც იარაღით ვაჭრობაში იმხილება და რომლის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ თურქეთის მოქალაქეს დიდი რაოდენობით იარაღი გადასცა, სავარაუდოდ, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG