Accessibility links

logo-print

რა ხიფათი ახლავს საომარ მოქმედებებში შვეულმფრენების გამოყენებას?


ავარიების, შეჯახებებისა და მიწაზე იძულებით დაშვებათა სერიამ კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ!) წამოჭრა საომარ მოქმედებებში შვეულმფრენების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი.

ამ თემაზე, ექსპერტებისა და რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის, ჯოლიონ ნეგელეს დახმარებით მოვამზადეთ მასალა, რომელიც, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ.

გასულ კვირას ერაყის ქალაქ ქარბალასთან საავარიო დაჯდომა განახორციელა აშშ-ის "აპაჩის" ტიპის შვეულმფრენმა, რომლის ორივე პილოტი ერაყელებმა ტყვედ იგდეს. იმავე დღეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამაშველო შვეულმფრენმა კატასტროფა განიცადა ავღანეთში, დაიღუპა ექვსი ადამიანი.

შაბათს სპარსეთის ყურის თავზე ერთმანეთს შეეჯახა დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების "სი კინგის" ტიპის ორი შვეულმფრენი, რასაც ეკიპაჟების შვიდი წევრის დაღუპვა მოჰყვა. ორი დღით ადრე ქუვეითში ჩამოვარდა აშშ-ის სატრანსპორტო შვეულმფრენი "სი ნაიტი", დაიღუპა მასში მყოფი 12-ვე ჯარისკაცი. ასევე წინა ხუთშაბათს, სამხრეთ ერაყში ავარია შეემთხვა აშშ-ის საგანგებო დანიშნულების შვეულმფრენს. იქ, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, რაც, როგორც ჩამოთვლილი შემთხვევებიც ადასტურებს, იშვიათ გამონაკლისად უნდა მივიჩნიოთ.

პენტაგონს ამ ინციდენტების დეტალები არ გაუმხელია, და კომენტარის გაკეთებისგანაც ჯერჯერობით თავს იკავებს.

"ნიუ იორკ ტაიმსის" თანახმად, ვიეტნამის ომში აშშ-ის არმიამ 5000-მდე შვეულმფრენი დაკარგა, მათი უმრავლესობა ავტომატური თუ სხვა სახის მსუბუქი იარაღის გასროლით იქნა ჩამოგდებული. ექსპერტთა თქმით, ბოლო ათწლეულების ტექნოლოგიურმა მიღწევებმა საბრძოლო შვეულმფრენების უსაფრთხოების ხარისხი საგრძნობლად გაზარდა, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საომარი მოქმედების რაიონებში შვეულმფრენების გამოყენება ყოველთვის დაკავშირებული იქნება ხიფათთან.

ჩვენი კორესპონდენტი ჯოლიონ ნეგელე ამ თემაზე ესაუბრა ბრიტანეთის სამხედრო-ანალიტიკური გამოცემის, "ჯეინს დიფენს უიკლის" ავიაციის კონსულტანტს ნიკ კუკს.

[ნიკ კუკის ხმა] "ვიეტნამის შემდეგ უზარმაზარი შრომა იქნა გაწეული საბრძოლო შვეულმფრენების დაცვის გაუმჯობესების მიზნით. მთავარი ყურადღება დაეთმო შვეულმფრენის ძრავიდან გამოსული სიმხურვალის "დამალვას", რათა თბომგრძნობიარე რაკეტებს ობიექტის ძებნა გასჭირვებოდათ. მაგრამ ტექნიკური სიახლეების მიუხედავად, შვეულმფრენს ორი მნიშვნელოვანი ნაკლი დარჩა: ის ნელა მოძრაობს და დაბლა დაფრინავს, რაც მას შედარებით იოლ სამიზნედ აქცევს."

1997 წლიდან აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებს "აპაჩის" ტიპის შვეულმფრენის ულტრა-თანამედროვე მოდიფიკაციას, სახელწოდებით "ლონგბოუ". ეს საფრენი აპარატი აღჭურვილია რადარით, ღამის ხედვის ინფრაწითელი მოწყობილობით, ტყვიამფრქვევით და 16-მდე რაკეტით, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მფრინავი ობიექტების ან ტანკების წინააღმდეგ. მეტიც, სხვა შვეულმფრენებისგან განსხვავებით, "აპაჩი" უმეტეს შემთხვევაში მაშინაც კი განაგრძობს ფრენას, როცა მსუბუქი იარაღიდან გამოსროლილი ტყვია თუ ყუმბარა მოხვდება. თუმცა, როგორც ერაყის ინფორმაციის მინისტრი საიდ ალ საჰაფი ამტკიცებს, "აპაჩის" ჩამოგდება უბრალო სანადირო თოფითაც შეიძლება. ბევრ თქვენგანს ნანახი ექნება ამ რამდენიმე დღის წინათ მრავალი ტელეარხით გადაცემული კადრები, რომელზეც ერაყელი გლეხები "აპაჩის" ჩამოგდებას ზეიმობენ.

ავიაციის ექსპერტს ნიკ კუკს, ეჭვი ეპარება სანადირო თოფით "აპაჩის" ჩამოგდების შესაძლებლობაში. მისი თქმით, ამ შვეულმფრენის ჩამოგდება არათუ თოფით, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატითაც კი უაღრესად რთულია. თუმცა, კუკი დასძენს, რომ "აპაჩებს" რამდენიმე სუსტი წერტილი აქვთ (მაგალითად, სამართავი პროპელერი). ასე რომ, თუ ტყვია შვეულმფრენს რომელიმე სუსტ წერტილში მოხვდა, მისი ჩამოვარდნის ალბათობა იზრდება.

"აპაჩის" პირველი მოდელი 1984 წელს შეიქმნა. მას შემდეგ მან მოიპოვა რეპუტაცია, როგორც ამერიკის არმიის საწყისი იერიშის შვეულმფრენმა, და თავი გამოიჩინა როგორც სპარსეთის ყურის ომში, 1991 წელს, ისე ათი წლის შემდეგ ავღანეთში.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ "აპაჩი" ყოველთვის სარგებლობდა ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდლობის სრული ნდობით. მაგალითად, 1999 წელს პენტაგონმა "აპაჩები" ალბანეთში გაგზავნა, რათა ისინი კოსოვოში, სერბიის ჯარის წინააღმდეგ გამოეყენებინა. მაგრამ საწვრთნელი ფრენის დროს მომხდარი ორი ავარიის შემდეგ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა საომარ მოქმედებაში "აპაჩების" ჩართვაზე.

შეგახსენებთ: კოსოვოს ომი ნატოს ძალებმა მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით წარმართეს. სერბიის ჯარი ისე დანებდა, რომ სახმელეთო შენაერთების საქმეში ჩართვა საჭირო აღარ გამხდარა. 78-დღიანი სამხედრო კამპანია ნატოსთვის, ფაქტობრივად, უდანაკარგოდ დამთავრდა.

ერაყში საქმე სულ სხვაგვარად არის. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არა მარტო ტექნიკის, არამედ ცოცხალი ძალის დანაკარგსაც განიცდიან. თუმცა, როგორც პენტაგონის მესვეურები აცხადებენ, სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად ისინი რისკის გაწევას არ მოერიდებიან.
XS
SM
MD
LG