Accessibility links

logo-print

პარლამენტმა ეკონომიკური კანონმდებლობისთვისაც მოიცალა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პოლიტიკური დებატებით და "საპროცედურო ომით" გადაღლილმა საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში ცოტა ხნით კანონმდებლობისთვისაც მოიცალა.


დეპუტატებმა "საბიუჯეტო სისტემის შესახებ კანონის" მეორე მოსმენა და "ახალი საგადასახადო კოდექსის " განხილვა დაიწყეს და პირველი მოსმენით მისი მიღებაც შეძლეს. "ახალი საგადასახადო კოდექსი", რომელიც, ფრაქცია "მრეწველების" ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე ქართველი და ევროპელი ექსპერტების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ მომზადდა, პარლამენტარებს 5 თვის წინ დაურიგდათ, თუმცა, ამ დოკუმენტის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო, მისი განხილვა დღემდე ვერ მოხერხდა.

თავად ახალი კოდექსი გულისხმობს არსებული საგადასახადო სისტემის ძირეულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი იქნება: საგადასახადო ბაზის ლეგალიზება მოქმედი სისტემის მნიშვნელოვანი გამარტივების გზით; გადასახადის დამალვისა და კორუფციული მოტივების მკვეთრად შესუსტება. ახალი კოდექსით, უნდა მოხდეს სისტემის ორიენტირება ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაზე. გათვალისწინებულია არსებული გადასახადების საგრძნობი შემცირება. თუ ამჟამად მოქმედი კოდექსით დაწესებულია 12 საერთო სახელმწიფოებრივი და 6 ადგილობრივი გადასახადი, პროექტით შემოთავაზებულია მხოლოდ სამი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი და ერთი სახის ადგილობრივი გადასახადი.

კოდექსიდან ამოღებული გადასახადების ნაწილი ტრანსფორმირდება სალიცენზიო ან ადგილობრივ მოსაკრებლად. მაგალითად, ეს შეეხება სათამაშო და საკურორტო ბიზნესს, ხოლო გადასახადის მეორე ნაწილი მთლიანად უქმდება.

მოგების გადასახადი, ახალი კოდექსით, განისაზღვრება 15 პროცენტით, ხოლო დღგ-ს განაკვეთად დასაბეგრი ბრუნვის 15 პროცენტია აღებული. მოკლედ, კოდექსი მიზნად ისახავს საგადასახადო პოლიტიკის მნიშვნელოვან გამარტივებას, რამაც, ავტორების აზრით, ბიზნესგარემოს გამოსწორების გარდა, საგადასახადო ადმინისტრირების ამაღლება უნდა გამოიწვიოს, ვინაიდან კოდექსი არა მარტო საგადასახადო წნეხის შერბილებას, არამედ არგადამხდელების მიმართ სანქციების გამკაცრებასაც გულისხმობს. პროექტის ავტორებს ასევე შემოაქვთ დასავლეთში დამკვიდრებული და ჩვენთვის საკმაოდ უცხო კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტი, რომელიც სასამართლოსთან ერთად გადაწყვეტს ფისკალურ დავებს. ამასთან, საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს არჩევის უფლება გადასახადის გადამხდელს მიენიჭება.
"მრეწველების" მიერ წარმოდგენილ პროექტს მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ოპონენტთა შორის მაჟორიტარული დეპუტატები გამოირჩევიან, რომელთაც ადგილობრივი გადასახადების ერთ მოსაკრებელზე დაყვანის პერსპექტივა ნამდვილად არ ხიბლავთ.

"ახალი საგადასახადო კოდექსის" ირგვლივ კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ავტორთა ჯგუფს შორის კიდევ გრძელდება და ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ ის მიღებული იქნება. ამ ეტაპზე კი კანონმდებლებმა, შენიშვნების მიუხედავად, პროექტი პირველი მოსმენით თითქმის ერთხმად მიიღეს.

გასულ კვირაში, სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ქართულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების მოსამსახურეთათვის ანაზღაურების ქართულ ლარში გაცემის თაობაზე
მრავალწლიანი გაჭიანურებული მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. 24 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული რუსული ბაზების მოსამსახურეები ხელფასს ქართულ ლარში აიღებენ.

1995 წლის შემდეგ, ქართული ეროვნული ვალუტის შემოღებიდან დღემდე, ხელისუფლება რუსეთის წინაშე პერმანენტულად აყენებდა საკითხს საქართველოში არსებული სამხედრო ბაზების მოსამსახურეთათვის ხელფასების ეროვნულ ვალუტაში გაცემის თაობაზე. ეს მოლაპარაკებები ყველა დონეზე მიმდინარეობდა, თუმცა ამ მოთხოვნას დღემდე შედეგი არ მოჰყოლია. ყინული მხოლოდ გასულ წელს დაიძრა, როდესაც ორი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ხელშეკრულება შარშან დეკემბერშივე გაფორმდა მოსკოვში.

საქართველოში დისლოცირებული რუსული ბაზები, გარდა წმინდა პოლიტიკური და სამხედრო საშიშროებისა, ეკონომიკური საფრთხის მატარებელიც არის. დღემდე რუსეთის ე.წ. საველე ბანკების მეშვეობით საქართველოში ასეულ მილიონობით რუსული რუბლი შემოდიოდა, რომლის არათუ აღკვეთა, აღრიცხვაც დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული, რადგან რუსეთის სამხედრო უწყება არც თანხის და არც აქ არსებული სამხედროების ზუსტ რაოდენობას არ აფიქსირებდა. შესაბამისად, უცხოური ვალუტის შემოდინების პროცესი ხელისუფლების კონტროლის სფეროდან იყო გასული. ეს განსაკუთრებულ პრობლემას ქმნიდა საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც, რუბლის ექსპანსიის გამო, ლარის, როგორც ერთადერთი გადახდის საშუალების, დამკვიდრება იმთავითვე რთული იყო. სწორედ ამის გამო ახალქალაქის რეგიონში უფრო მეტი პოპულარობით დღემდე რუსული რუბლი სარგებლობდა.

გასულ კვირაში კი ამ საკითხის დასარეგულირებლად საბოლოო ხელშეკრულება გაფორმდა. ეროვნულ ბანკში ხელმოწერილი დოკუმენტი საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნასა და საკასო მომსახურებას ითვალისწინებს.

შეთანხმების თანახმად, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ხელფასის ლარებში ანაზღაურების ფინანსური ოპერაცია შემდეგნაირად განხორციელდება: რუსეთის ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკში რუსეთის ცენტრალური ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე გადმორიცხავს სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილი ხელფასების შესაბამის თანხას რუსულ რუბლში, რაც მისი ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარებში კონვერტაციის შემდეგ დაურიგდებათ სამხედრო მოსამსახურეებს. რუსული რუბლი კი გადაირიცხება რუსეთის ცენტრალურ ბანკში საქართველოს ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე და განხორციელდება მისი კონვერტაცია აშშ დოლარში. ეს თანხა წელიწადში, სავარაუდოდ, 15-20 მლნ დოლარს შეადგენს და იგი ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შევსების დამატებითი წყარო გახდება.

ამასთან, ფინანსურთან ერთად, საკითხის მოგვარებას უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება, კერძოდ, ახალქალაქში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ სამხედრო ბაზებშია დასაქმებული.

ახალქალაქის გარდა, ხელშეკრულება გავრცელდება თბილისსა და ბათუმში არსებულ რუსულ სამხედრო ობიექტებზეც. რაც შეეხება გუდაუთის ბაზას, იქ ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად დარჩება, თუმცა ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკები ამ საკითხზე კონსულტაციებს კიდევ განაგრძობენ.

რუსი სამხედროებისათვის ანაზღაურების ლარში გაცემა განსაკუთრებით აქტუალურია ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, რადგან თუ მსოფლიოს სანავთობო ბაზრებზე სპარსეთის ყურეში განვითარებული მოვლენების შემდგომი ტენდენცია გაგრძელდა და ნავთობზე ფასებმა პერმანენტული კლება იწყო, ეს რუსეთის ეკონომიკას და რუბლს, რომელიც სწორედ ნავთობპროდუქტების იმპორტზეა მიბმული, კარგს არაფერს უქადის. რუბლის გაუფასურების "საგარეო შოკი " ერთხელ, 5 წლის წინ, უკვე იწვნია საქართველომ, როდესაც რუსული ვალუტის მასიური ექსპანსია სწორედ აქ დისლოცირებული სამხედრო ბაზების მეშვეობით ხორციელდებოდა. ანაზღაურების ლარში გაცემის შემთხვევაში ამგვარი საგარეო ეკონომიკური "დივერსიის" საშიშროება უკვე მინიმალური იქნება.
XS
SM
MD
LG