Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ერაყის ომის ფონზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი იმისდა მიუხედავად, რომ ერაყის ომთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება საპირისპირო პოზიციებზე აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ ანტიერაყული კოალიციის მიერ საბრძოლო

მოქმედებების დაწყებამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას დინამიზმი შემატა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ერაყში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც ოფიციალური მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენელთა კონტაქტებმა ერთი ორად იმატა.

რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის გააქტიურების დასტურად უახლოესი მოვლენების გახსენებაც კმარა. ფაქტი პირველი: რუსეთის პრეზიდენტის ბევრისთვის მოულოდნელი ინიციატივა, სოჭში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას რომ გულისხმობდა; ამ შეხვედრისას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმის წამოყენება და კონკრეტული დავალებების შესასრულებლად ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შექმნა. ფაქტი მეორე: საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო ბაზების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების განახლება - შეგახსენებთ, ეს მოლაპარაკება წელიწადნახევრის წინ რუსეთის ინიციტივით შეწყდა. ფაქტი მესამე: თითქმის ორწლიანი ყოყმანის შემდეგ რუსეთის მხარე დათანხმდა, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ თავის სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი ლარში გადაუხადოს.
საინტერესოა რუსეთის მედიის ტონის შეცვლაც: იმის მიუხედავად, რომ, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, თავად საქართველოს ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან ამბოხებული ჩეჩენი მებრძოლების შემოჭრის შესაძლებლობას, რუსეთი საქართველოს დაბომბვით აღარ ემუქრება .
იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ერაყის ომმა რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, საინტერესო მოსაზრება აქვს რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვიაჩესლავ იგრუნოვს, რომელმაც "ეხო მოსკვისთან" საუბრისას განაცხადა:" რუსეთის ინტერესებში არ შედის საქართველოზე თავდასხმა. ახლა, როცა რუსეთმა ერაყთნ დაკავშირებით მშვიდობისმყოფელის მკაცრი პოზიცია დაიკავა, მისთვის სრულიად მიუღებელია საქართველოსთან უშედეგო კონფლიქტის წამოწყება. თანაც, საქართველოს რომ თავს დავსხმოდით და დაგვეჩოქებინა, რუსეთი მეორე დღესვე ისევე დაისჯებოდა ამისთვის, როგორც ერაყი - კუვეიტისთვის. და აშშ ძალიან კმაყოფილი დარჩებოდა მოვლენების ამგვარი განვითარებით."
მისივე განმარტებით, რუსეთისთვის ახლა მომგებიანია მორალური ავტორიტეტის შენარჩუნება, ოღონდ, ბირთვული რაკეტების კარგი მარაგით. სწორედ რუსეთმა უნდა მიაღწიოს საერთაშორისო ნორმების დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნორმები უკვე დარღვეულია, - აცხადებს რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ იგრუნოვი.
საქართველოს საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე ადასტურებს, რომ დღეს რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებით საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება თავის სამშვიდობო პოტენციალში. თუმცა, მისივე შენიშვნით, რუსეთის ესოდენი მონდომების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილის გამოჩენა მართებს.
XS
SM
MD
LG