Accessibility links

logo-print

თურქეთის მოსახლეობა ერაყში ომის წინააღმდეგია


ერაყში ომი გრძელდება, ახალ საომარ მოქმედებებთან ერთად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ამის პარალელურად იზრდება ანტიამერიკული განწყობილება მუსულმანურ სამყაროში.

თურქეთში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ომის წინააღმდეგია და კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ანკარა აქტიურად არ ერევა სამხედრო მოქმედებებში. თურქეთის სამხრეთში, ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქ დიარბაქირში იმყოფება ჩვენი რადიოს სპეციალური კორესპონდენტი ზამირა ეშანოვა. მის რეპორტაჟს ბიძინა რამიშვილი გაგაცნობთ.

ისევე, როგორც მთელ თურქეთში, დიარბაქირშიც ყოველი დილა იწყება ჩაით და საუბრებით. ამ დღეებში მთავარი სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, ერაყში მიმდინარე ომია. ქალაქის უმეტეს რესტორანსა და კაფეში ხალხი ტელევიზიით ადევნებს თვალს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ადამიანები ტელეეკრანების წინ ჩერდებიან და გაბრაზებულები და უკმაყოფილოები აქნევენ თავს. ისინი ცხარედ კამათობენ ერაყელთა მიერ მოკავშირეთათვის გაწეულ წინააღმდეგობაზე. 30 წლის თუნჯაი ამბობს, რომ ვინც სამართლიანობასა და ადამიანის სიცოცხლეს სცემს პატივს, ერაყელი ხალხის მხარეზე უნდა იყოს:

[თუნჯაის ხმა] "ამერიკა უსამართლობას ჩადის. ჩემის აზრით, რასაც ამერიკა აკეთებს, სისასტიკეა არა მარტო ერაყელების, არამედ საერთოდ ახლო აღმოსავლეთის ხალხის მიმართ. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორ იცავს ერაყელი ხალხი თავის ქვეყანას და თავის ერს".

ომზე საუბრები ჭარბობს დიარბაქირის მეჩეთშიც, ომს ახსენებენ ლოცვებშიც.

[დიარბაქირის მოქალაქის ხმა] "ამერიკა ტერაქტს ახორციელებს სისასტიკისა და რაკეტების გამოყენების გამო. მსოფლიოს ორი ზესახელმწიფო ბომბებს აყრის ღატაკ ქვეყანას, რომელსაც თავის დაცვის საშუალებაც არა აქვს. მსოფლიო კი უბრალოდ თვალს ადევნებს ამ ბოროტმოქმედებას," ამბობს ერთი მლოცველი. ის და მისი თანამოქალაქეები თავიანთ ლოცვებში ღმერთს ერაყელთა გამარჯვებას და აგრესორის დასჯას შესთხოვენ.
მეჩეთის პირდაპირ ქალთა სკოლაა. გაკვეთილების შემდეგ გოგონები სკოლის წინ შეკრებილან და საუბრობენ. როცა ჩვენი კორესპონდენტი ეკითხება, რა აზრის არიან ამერიკაზე, ერთხმად იძახიან:
[გოგონების ხმა] "არა! ამერიკა არ გვიყვარს. არ გვიყვარს სადამი. და არ გვიყვარს ჯორჯ ბუში. იმიტომ, რომ არ გვინდა ომი!"
მერე გოგონები წყნარდებიან და საუბრობენ თავიანთ კერპებზე, ჰოლივუდის ვარსკვლავებზე - ბრედ პიტზე, ტომ კრუზზე, ჯენიფერ ლოპესზე. ყველა ამბობს, რომ პრეზიდენტ ბუშზე და არა რიგით ამერიკელებზე არიან გაჯავრებული.

გოგონები სახლებში მიდიან. მოედანი ცარიელდება. მეორე დილას თავიდან იწყება ომზე საუბარი.
XS
SM
MD
LG