Accessibility links

logo-print

ერაყის ომის ბედი ბაღდადისთვის ბრძოლამ უნდა გადაწყვიტოს


ერაყის ომში დაპირისპირებული მხარეები ემზადებიან ბაღდადის ბრძოლისთვის, რომელიც, თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის აზრით, ძალიან სასტიკი იქნება. ბაღდადი რომც დაეცეს,

როგორ და რის ხარჯზე მიაღწევს ამერიკის არმია ამ ომში გამარჯვებას? ამ შეკითხვას ექსპერტები გასცემენ პასუხს.

ის, რომ ერაყის ომის ბედი ბაღდადის ბრძოლაში შეიძლება გადაწყდეს, ერაყის ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ერაყის თავდაცვის მინისტრმა სულთან ჰაშიმ აჰმედმა ხუთშაბათს განაცხადა, ბაღდადის ქუჩებში ბრძოლა ზუსტად ის არის, რასაც ჩვენ ვგეგმავდითო. ამერიკის მხრივ ომის სტრატეგებისთვის კი ქალაქში ბრძოლა კოშმარულ წარმოდგენებთან არის დაკავშირებული. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ერაყელი მებრძოლები იოლად დანებდებოდნენ, მაგრამ როგორც ომის პირველმა კვირამაც აჩვენა, ეს ასე არ მოხდა. როგორ უნდა მოხერხდეს ბაღდადისთვის ბრძოლა, როგორ უნდა წარიმართოს ეს ყველაზე მძიმე დაპირისპირება, როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული ის, რაც დატრიალდა ადრე სტალინგრადში ან კიდევ ახლახან გროზნოში, როცა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა? პენსილვანიაში მდებარეობს აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი, რომლის თანამშრომელმა პროფესორმა სტივენ ბენკმა ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, რომ წარსული კვლევის შედეგების თანახმად, ურბანულ პირობებში ბრძოლის მოგება შესაძლებელია ქალაქის მიწასთან გასწორების გარეშეც და, ამასთან დაკავშირებით, რუსების მიერ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს შემაძრწუნებელი დანგრევა გაიხსენა:
[ბენკის ხმა] "ისტორია გვასწავლის, რომ ბოლო 60 წელიწადში ქალაქებში ბრძოლისას სხვადასხვა ტაქტიკას და მოდელს იყენებდნენ. ყოველთვის არ იყო საჭირო - გროზნოს მსგავსად, მეორედ მოსვლას რომ მოგაგონებდათ - თითოეული სახლისთვის ბრძოლა. ისრაელებმა რაც გააკეთეს ჯენინში შარშან, არაჩვეულებრივად მცირე მსხვერპლის ფასად მოახერხეს."
აქვე უნდა ითქვას, რომ მცირე მსხვერპლზე ლაპარაკი ყოველთვის შედარებითია.

ბაღდადში შეჭრისას აშშ-ის ჯარს წინ აღუდგება ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ათასობით მეომარი, ასევე სადამ ჰუსეინის მომხრე სხვა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც კარგად იქნებიან ამოფარებული ერაყის 5 მილიონიან მოსახლეობას. ბაღდადში შეუძლებელი იქნება ტანკების, არტილერიისა და ზუსტი რაკეტების გამოყენება და, ამასთან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული თითოეული შენობისთვის ბრძოლა. აშშ-ის გადამდგარი გენერალი ედუარდ ეტკისონი განგვიმარტავს, თუ როგორ აპირებს პენტაგონი ბაღდადში მოქმედებას. ეტკისონის თანახმად, ერაყის დედაქალაქი საფეხურებრივად იქნება აღებული, პირველ რიგში, სამთავრობო და სამხედრო ობიექტების განადგურებით. ამასთან, გადამდგარი გენერლის აზრით, ბაღდადის დაგეგმარების სპეციფიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ სამოქალაქო მოსახლეობა დანდობილ იქნეს: იქ ბევრი პარკი, ფართო ქუჩა და დიდი შენობაა. მისი თქმით, შესაძლებელი იქნება საჰაერო ძალების შეგზავნა სტრატეგიული პოზიციების დასაკავებლად და იარაღის შესატანად. [ეტკისონის ხმა] "შეიძლება, ხანგამოშვებით, პროკლამაციებითა და გამოცხადებით მოსახლეობის გაფრთხილება, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ რაიონს ვანადგურებთ. როცა ხალხი იქაურობას დატოვებს, შესაძლებელი გახდება იმ რაიონის განადგურება, მოსპობა, რაც წინსვლას გააადვილებს".
ლონდონის "ჯეინს დიფენს უიკლის" გამომცემლობის დამაარსებელი რობერტ ჰაჩისონი უფრო ფრთხილია. მისი აზრით, ომში, რომელშიც უკვე უამრავი ვარაუდი გაქარწყლდა, სახიფათოა იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორი იქნება ბაღდადისთვის ბრძოლა. აშშ-ისა და ბრიტანეთის არმიებს დიდად აფერხებს ის ფაქტორი, რომ მებრძოლები ერაყში ხალხში არიან გარეული. ხუთშაბათს ბასრაში ისიც კი მოხდა, რომ ქალაქის დატოვების მსურველ მოქალაქეებს ერაყელებმავე ესროლეს.
XS
SM
MD
LG