Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ერაყის კამპანია ომის წარმოების ტაქტიკაში?


მოკავშირეთა საბრძოლო ოპერაციის გეგმებში მომხდარი

ზოგიერთი ცვლილების მიუხედავად, ფაქტია, რომ ერაყის გასათავისუფლებლად ჩაფიქრებული სამხედრო ოპერაცია 21-ე საუკუნის ყველაზე მსხვილმასშტაბიან სამხედრო აქციად იქცა. შესაბამისად, მისი დასრულებაც ბევრ რამეს შეცვლის როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, ისე ომის წარმოების ტაქტიკაში, რომელიც ყველა ქვეყნის სამხედრო სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. რა დოზით და როგორ შეიძლება აისახოს ერაყის ომი საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების შეიარაღებულ ძალთა საბრძოლო მომზადების გეგმაზე - ისეთი ქვეყნებისა, რომლებიც სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების დონითა და საბრძოლო პოტენციალით, სულ მცირე, ნახევარი საუკუნით ჩამორჩებიან ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს?


საქართველოდან 560 კილომეტრით დაშორებულ ერაყში მეათე დღეა მიმდინარეობს 21-ე საუკუნის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, რომლებშიც მოკავშირეთა მხრიდან 260 ათასი ჯარისკაცი, 600 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი, 16 ავიაჯგუფი და რამდენიმე ათასი ჯავშანტექნიკა მონაწილეობს. მიუხედავად ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის განცხადებისა, რომ ომი "ბინძური საქმეა", სამხედრო ექსპერტები ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებათა განსაზღვრის დროს სულ სხვა კატეგორიის მახასიათებლებს იყენებენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ-მაიორ შოთა ბაიაძის განცხადებით, სპარსეთის ყურეში მიმდინარე ამჟამინდელი საბრძოლო ოპერაცია ომის წარმოების მაღალი ორგანიზებით გამოირჩევა. თუმცა ქართველ ოფიცრებს, რომლებიც ყოველწლიურად კარგავენ მრევლს, წვევამდელების სახით, ყველაზე მეტად ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების დამაჯერებელი მოტივაციისა შურთ.

[შოთა ბაიაძის ხმა] "ახლა ვუყურებ ამერიკელი ჯარისკაცის მომზადებას - როგორ მიდის აგიტაცია, როგორ მიდის ჩარიცხვა ახალწვეულების და ა.შ. ეს რომ უჩვენო ჩვენს მოსახლეობას და ბევრმა ნახოს, იქნება ყველაზე მშვენიერი რამ."

პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური და პატრიოტული მომზადება და იმის განცდა, რომ სამართლიან საქმეს ემსახურები, მნიშვნელოვანი ფაქტორია ომში გამარჯვების მისაღწევად. მაგრამ მას შემდეგ, რაც ზესახელმწიფოების არსენალში გამოჩნდა "უჩინარი" ბომბდამშენები და "ტომაჰავკის"ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც სამიზნეებს აბსოლუტური სიზუსტით აზიანებენ, ბევრი სამხედრო სტრატეგი ვარაუდობდა, რომ დროთა განმავლობაში თანამედროვე ომი დაემსგავსებოდა ერთგვარ კომპიუტერულ თამაშს ან ბრძოლას სიმულატორების გამოყენებით, რაც მინიმუმამდე შეამცირებდა ბრძოლაში ცოცხალი ძალის გამოყენების საჭიროებას. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა სამხედრო ძალების არსებობა იმ ქვეყნებში, რომლებიც, მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების მხრივ, შორ მანძილზე ჩამორჩებიან განვითარებულ ქვეყნებს. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტაქტიკის კათედრის უფროსი, პოლკოვნიკი ავთო ჯიბლაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეითი ჯარისკაცის გასაკეთებელს ვერც ერთი ჭკვიანი სამხედრო მანქანა ვერ გააკეთებს.

[ავთო ჯიბლაძის ხმა] "იქ (ერაყში-კ.ლ.) იმყოფება 11 სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, რომ არ ჩავთვალოთ ამერიკის, იმიტომ რომ დიდი კონტინგენტი ჰყავს და ბრიტანეთს ჰყავს კიდევ დიდი კონტინგენტი. ჰოდა, არის კიდევ, იმასთან ერთად, 9 ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ათასი, ორი ათასი სპეცძალები... აი, ამ უმრავლესობაში ესენი იკარგებიან, მაგრამ თავისი წვლილი შეაქვთ იქ." [სტილი დაცულია]

ამასთან, სამხედრო თვალსაზრისით, ავიაცია და ფრთოსანი რაკეტები მნიშვნელოვანია ომში გარდატეხის მისაღწევად, მაგრამ არა საბოლოო გამარჯვებისთვის. მით უფრო, თუ ლაპარაკია მოწინააღმდეგეზე, რომელიც უარს ამბობს ქრესტომათიულ, ანუ საომარ ველზე ფრონტალურ დაპირისპირებაზე და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ბრძოლის ტაქტიკაზე ამყარებს მთელ იმედებს. გენერალ ბაიაძის თქმით, ესეც ბრძოლის ნაირსახეობაა და ადრეც შეისწავლებოდა სამხედრო სასწავლებლებში, მაგრამ ჩეჩნეთის გამოცდილებამ ქალაქში ბრძოლების ტაქტიკაში გადატრიალება მოახდინა.

[გენერალ ბაიაძის ხმა] "ისინი ემზადებიან ქალაქში ბრძოლებისთვის. ეს არის ყველაზე რთული ნაირსახეობა საბრძოლო მოქმედებებისა, რამეთუ ჩეჩნეთის გამოცდილება რომ იყო, ამან მთლიანად გადაატრიალა ტაქტიკა. და ამერიკელებმა, სხვათა შორის, ბევრი რამ აიღეს იქიდან, რამეთუ ძველ სახელმძღვანელოებში ეს ბრძოლის სახეობა არ იყო ნათლად გამორჩეული."[სტილი დაცულია]

საომარი გამოცდილების თანახმად, იმ მოწინააღმდეგის დამარცხებას, რომელიც ქალაქშია გამაგრებული და ბრძოლას წესების გარეშე აწარმოებს, ჩვეულებრივ, დიდი მსხვერპლი ახლავს თან. 1945 წელს ბერლინის აღების ოპერაცია საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობას ნახევარი მილიონი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ხოლო 1994 წლის 31 დეკემბერს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა გროზნოს ქუჩებში 238 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს. იმ ქართველი სამხედროების განმარტებით, რომლებმაც ქალაქში ბრძოლების ტაქტიკა სახელმძღვანელო დირექტივებში შეიტანეს, თავის დროზე ქართული არმიის ხელმძღვანელობას ეს ტაქტიკა რომ აერჩია და მოსახლეობაში მსხვერპლს არ მორიდებოდა, სოხუმის აღება შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ სადამ ჰუსეინი არ არის 1993 წლის ჩამოსხმის ქართველი გენერალი და იგი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე აპირებს ბრძოლას თავისი სულთმობრძავი რეჟიმის შესანარჩუნებლად. ხოლო, თუ რა კონტრტაქტიკას დაუპირისპირებს ამ განზრახვას მოკავშირეთა სამხედრო სარდლობა, ჯერჯერობით უცნობი რჩება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG