Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან ერთად


ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან ერთად,

თბილისში საგრძნობლად გააქტიურდნენ ომის მოწინააღმდეგეები. ოღონდ ამჯერად მხედველობაში გვყავს არა ქართული პოლიტიკური ბლოკი "ერთობა", რომელმაც 26 მარტს ამერიკის საელჩოსთან, დაახლოებით, ორასკაციანი მიტინგი გამართა, და არც ის ახალგაზრდა ქართველი პაციფისტები, ანტისაომარი კამპანია ომის დაწყებისთანავე რომ შეწყვიტეს. ლაპარაკია ანტიერაყული კოალიციისგან გამიჯნულ გერმანიასა და საფრანგეთზე, უფრო სწორად, ომის ფონზე გერმანელი და ფრანგი დიპლომატების კულტურული პოლიტიკის გააქტიურებაზე საქართველოში. ანტიერაყულ სამხედრო ოპერაციას დაემთხვა თბილისში ფრანკოფონიის დღეები, რომელიც საფრანგეთის ელჩმა მირეი მიუსომ გახსნა ფრანგული კულტურის ცენტრში. ქალბატონმა მიუსომ ისარგებლა შემთხვევით და კიდევ ერთხელ სრულიად ღიად გამოხატა თავისი პოზიცია: "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმისთვის შევქმენით გაერო, რომ ძალადობა თავიდან აგვეცილებინა," - განაცხადა მადამ მიუსომ ფრანკოფონიის დღეების გახსნაზე (სხვათა შორის, ფრანკოფონიის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი საქართველომ ახლახან გამოთქვა). მეორე დღეს კი საფრანგეთის ელჩი დაესწრო ქართულ-ფრანგულ პაციფისტურ აქციას, როკ-კონცერტს, რომელიც თბილისის "ელიტკლუბში" გამართეს ნიაზ დიასამიძემ, თავისი ანსამბლით "33ა", და ფრანგი მუსიკოსის ფრედერიკ პაიანის ჯგუფმა "შუქი მოვიდა". როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, კონცერტზე არაერთი პაციფისტური განცხადება გაკეთდა, თუმცა "შუქი მოვიდას" თაყვანისმცემლებს ყველაზე მეტად ფრანგულ-ქართული ჯგუფის ახალი სიმღერა "ჩურჩხელა" დაამახსოვრდათ, დღევანდელობის ფონზე მრავალმნიშვნელოვანი ტექსტით: "ჩურჩხელა" მირჩევნია "სნიკერსსა და "ბაუნტის"... ეს ფრაზა, ალბათ, უფრო იმიტომაა მრავალმნიშვნელოვანი, რომ მისი ავტორი არა ქართველი, არამედ ომის მოწინააღმდეგე ფრანგია.

ფრანგებისგან განსხვავებით, გერმანელებს თბილისში ასეთი ანტისაომარი აქციები არ მოუწყვიათ. "გოეთეს ინსტიტუტი" საქართველოში ისევ აკადემიურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა ეს ორგანიზაცია "აკადემიურია" მუშაობის სტილით, თორემ თავის პროგრამებში ავანგარდისტების შემოქმედებასაც უწევს პროპაგანდას. ეს, ალბათ, დამთხვევაა, რომ ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გოეთეს ინსტიტუტმა თბილისის კინოს სახლში თანამედროვე გერმანელი ავანგარდისტის, უფრო მეტიც, "მემარცხენე ანარქისტად" და "ექსცენტრიკოსად" მონათლული რეჟისორისა და მსახიობის ჰერბერტ აჰტენბუშის ფილმების რეტროსპექტივა გამართა. ბრეხტის ეპიკური თეატრის ტრადიციების გამგრძელებელი, მიუნჰენის თეატრალური ელიტის კერპი, ვერნერ ჰერცოგის მსახიობი ჰერბერტ აჰტენბუში სწორედ ის ხელოვანია, რომელიც "სნიკერსს", "ბაუნტის", და, რა თქმა უნდა, მასკულტურას "აგრესიად", ადამიანთა "ტვინების დამუშავებად" მიიჩნევს. ბრეხტის "გაუცხოების ეფექტი", რომელსაც გერმანელი რეჟისორი ეყრდნობა თავის ფილმებში - "პიკასო მიუნჰენში", "თავისუფლები და უმუშევრები", საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მაყურებელი თავის თავს დაუბრუნდეს. ამის მერე მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა, ვის უჭერს მხარს, მაგალითად, სადამ ჰუსეინს, ჯორჯ ბუშს თუ, უბრალოდ, "მშვიდობის მტრედის" თამაში მოსწონს.

ერთ-ერთმა ქართველმა "მშვიდობის მტრედმა" ამ კვირაში ისევ გაგვახსენა თავისი თავი. ოღონდ ამჯერად არა თბილისის სკვერში გამართული ანტისაომარი აქციით, რომლის ორგანიზატორი იყო, არამედ "თავისუფალ თეატრში" დადგმული პიესით. ეს - ბასა ჯანიკაშვილია. ერთ-ერთი ავტორი ახალგაზრდა რეჟისორის ლელა ჭინჭარაულის მიერ დადგმული წარმოდგენისა "სამი პიესა"... დანარჩენი ორი ავტორი, დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილის მეგობრები არიან, ამიტომ, მიუხედავად ამ მინიწარმოდგენების განსხვავებული შინაარსისა, თემატიკისა, სტილისა, პიესებს ერთი რამ მაინც აერთიანებს - სამივე წარმოდგენაში გასროლის ხმა ისმის... წარმოდგენას ნამდვილად არა აქვს ერაყის ომთან კავშირი - არც პირდაპირი და არც "ირიბი"... საერთოდ, ომთან კი აქვს... კერძოდ, მეორე პიესას, რომლის ავტორი დათო ტურაშვილია. ამ მინისპექტაკლის გმირები აფხაზეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდები არიან, ცოლ-ქმარი. ცივ ოთახში იღვიძებენ, ნავთქურას ანთებენ, სოხუმს იხსენებენ, სათითაოდ, ისე, რომ ერთმანეთთან კონტაქტშიც არ შედიან, მერე კი ყმაწვილი სცენიდან გადის და თავს იკლავს. მანამდე კი ამბობს:
[ხმა. სპექტაკლი)

დათო ტურაშვილი, როგორც ყოველთვის, ამ პიესაშიც ძალიან სენტიმენტალურია, თუმცა ლელა ჭინჭარაული და მსახიობები, განსაკუთრებით მთელი ამ წარმოდგენის აღმოჩენა, მაია გელოვანი, ტურაშვილის ამაღლებულ ინტონაციებს ისე "ამიწებენ", რომ მინისპექტაკლი ყოფით დრამას ემსავსება, აბსოლუტურად თავისუფლდება სიყალბისგან... მით უმეტეს, რომ სწორედ სიყალბის წინააღმდეგაა მიმართული "თავისუფალი თეატრის" ამ ახალი წარმოდგენის პათოსი. ბასა ჯანიკაშვილის პიესაში სიყალბეს პერსონაჟი გოგონას, ასე ვთქვათ, "ტექნიცისტური მეტყველება" გამოხატავს - იგი კითხულობს თავისებურ "ფუტურისტულ ლექსს", ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფუტურისტების საყვარელ სიტყვებს - "ბორბალი", "მანქანა", "ტემპი" აქ "ახალი სიტყვები" - "ფაილი", "ვინდოუსი", "მპ3" ცვლის [ხმა. სპექტაკლი]

"თავისუფალი თეატრის" ახალი წარმოდგენის კულმინაციაა მესამე ნოველა, რომლის ავტორი ლაშა ბუღაძეა. ამბავმა საქართველოში დღეს ძალიან პოპულარული "ყვითელი ჟურნალის" კორესპონდენტ პროვინციელ გოგონაზე, რომელიც შოუ-ბიზნესის ქართველი ვარსკვლავებისგან ინტერვიუს იღებს, ისე აღაფრთოვანა მაყურებელი, რომ დროდადრო მსახიობებებს ყვირილი უხდებოდათ სცენიდან, როგორმე ხმაური რომ "გადაეფარათ". [ხმა. სპექტაკლი]

ლაშა ბუღაძის ამ პიესის წარმატებას დაემთხვა მოსკოვიდან მოსული სასიხარულო ამბავი - ახალგაზრდა ქართველი დრამატურგის თეატრალური ნოველები მოსკოვის სამხატვრო თეატრში დიდი წარმატებით დადგეს. როგორც ჩანს, ახლა მაინც შეწყდება ლაპარაკი ქართული დრამატურგიის კრიზისზე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი რეჟისორები საკუთარ წარუმატებლობას ქართველ დრამატურგებს ვეღარ დააბრალებენ. სხვათა შორის, ლელა ჭინჭარაულმა "თავისუფალი თეატრის" ახალ სპექტაკლში მინიმუმამდე დაიყვანა რეჟისორის როლი და სრულიად თავისუფალი გახადა ახალგაზრდა მსახიობები, რომლებიც ისეთი სიამოვნებით თამაშობენ, თითქოს პირველად მიეცათ ცოცხალი ადამიანების განსახიერების საშუალება... და გასაგებიცაა, რატომ - ლაშა ბუღაძის ეს პატარა, უპრეტენზიო პიესა აღადგენს ქართული კულტურის ერთ დავიწყებულ ტრადიციას - საკუთარი თავის დაცინვის უნარს. ხომ ფაქტია, რომ "სამი პიესის" პრემიერაზე "თავისუფალ თეატრში" მრავლად იყვნენ თბილისელი ჟურნალისტებიც და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც, ის, ვინც იძულებულია რესპონდენტს ფეხსაცმლის ზომა ჰკითხოს (რადგან იცის, რომ ახლად ამობრწყინებული ქართველი ვარსკვლავების ფეხსაცმლის ზომა მათ ზოგიერთ თაყვანისმცემელს მართლაც აინტერესებს), და ისიც, ვინც ასეთ კითხვებს სიამოვნებით უპასუხებს ხოლმე.
[ხმა. სპექტაკლი]
"ზანგები ყოველთვის მაგრა მევასებოდა. ჯაზი მაგათი მოგონილია," - ამბობს აქ ზაზა, ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი, ჟურნალისტი გოგონას შეფასებით, "თბილისის კოლორიტი"... "ჩურჩხელას" მათ, რა თქმა უნდა, "სნიკერსი" და "ბაუნტი" ურჩევნიათ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG