Accessibility links

logo-print

ერაყში ჟურნალისტთა ჯგუფს ერაყელი დეზერტირები ტყვედ ჩაბარდნენ


"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელი უკვე ერთი კვირაა ქუვეითსა და სამხრეთ ერაყს შორის მოგზაურობს, რადგან კორესპონდენტებისთვის უსაფრთხო არ არის ერაყში ღამის გათევა.

გასულ კვირაში ყველაზე დიდ მოულოდნელობად ჩარლზ რეკნაგელისთვის იქცა შემთხვევა, როცა უმ ყასრში ყოფნისას მას და მასთან ერთად მყოფ ჟურნალიტებს ორი ერაყელი ტყვედ ჩაბარდა. ამ უცნაური ისტორიის განვითარების შესახებ ნინო გელაშვილი მოგითხრობთ.

საომარ სიტუაციაში მყოფი ჟურნალისტების მოვალეობაში, ბუნებრივია, არ შედის სამხედრო ტყვეების აყვანა. მაგრამ, სიტუაციაში, რომელშიც ჩვენი კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელი მოხვდა, ალბათ, ბევრს გაუჭირდებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, რეკნაგელის მონათხრობით თუ ვიმსჯელებთ, მას და მასთან ერთად მყოფ სხვა ჟურნალისტებს, თარჯიმანსა და მძღოლს, როგორც ჩანს, ეჭვი არ გასჩენიათ და თვლიდნენ, რომ ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც მოიქცნენ. აი, რა მოხდა გასულ კვირას, პარასკევს ერაყის ქალაქ-პორტ უმ ყასრში: "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელი, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი, მძღოლი და თარჯიმანი უმ ყასრში, ძველ ნავსადგომთან, სადამ ჰუსეინის ერთ-ერთ პორტრეტთან გაჩერდნენ, რომ მის ფონზე სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. ამ დროს მათ მათკენ მიმავალი ორი ახალგაზრდა შენიშნეს, ერთ-ერთი ხელაწეული მიდიოდა, მეორეს ხელები კეფაზე ჰქონდა დაწყობილი. სადამ ჰუსეინის პორტრეტთან პოზირებით გართულმა ჟურნალისტებმა თავდაპირველად მათ ყურადღება არც კი მიაქციეს, თუმცა, სულ ცოტა ხანში ორი ახალგაზრდის ჟესტიკულაციისთ ცხადი გახდა, რომ მათ უცხოელებთან საუბარი სურდათ. ჟურნალისტებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ერაყელ ახალგაზრდებს ისინი სამხედროები ეგონათ და შიშით უახლოვდებოდნენ მათ. ერთ-ერთი ერაყელი 17 წლის, მეორე კი 20 წლის აღმოჩნდა. მათ თარჯიმანს უთხრეს, რომ ძმები იყვნენ, რომლებიც ერაყის ჯარის დეზერტირები იყვნენ და უკვე კვირაზე მეტი იმალებოდნენ ქალაქის ცარიელ შენობებში. ამ დროის მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით მათ სამხედრო ტანსაცმელი გამოიცვალეს.

თავის დროზე ფადი და ალი ბაღდადიდან 150 კილომეტრის დაშორებით სოფელში ცხოვრობდნენ. როგორც მათ ჩვენს კორესპონდენტს უთხრეს, ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ერაყის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სოფლის მამაკაცები აიყვანეს, ბორკილები დაადეს და სამხედრო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მათ ოთხდღიანი სამხედრო წვრთნა ჩაუტარეს და მისცეს ძველი იარაღი, რომელიც დროდადრო სროლისას იჭედებოდა კიდეც. მოგვიანებით კი ფადი და ალი ერაყის ჯარის ერთ ნაწილთან ერთად უმ ყასრში გადაიყვანეს და მისი დაცვა უბრძანეს.

ჩვენ გვაქვს საშუალება ფადისა და ალის ხმა მოგასმენინოთ, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა ჩაიწერა. ძმები ამბობენ, რომ ისინი ფრონტის ხაზზე ძალით წაიყვანეს და აიძულეს ეომათ. ასევე თქვეს, რომ სახლში დაბრუნება სურდათ და არსებულ სიტუაციას "უღმერთო" უწოდეს:

[ფადი და ალი]
"რა ჩავიდინეთ? არაფერი. მათ ჩვენ ძალით გადაგვიყვანეს ფრონტის ხაზზე საომრად. გვაიძულეს აგვეღო ავტომატები, ნაღმსატყროცნები და გვეომა. ჩვენ არ გვინდოდა ამის გაკეთება. გვინდა სახლში დავბუნდეთ, მაგრამ არ ვიცით - როგორ. ამის ნებას ღმერთიც კი არ იძლევა".

თავიდან ფადი და ალი ბრიტანელ ჯარისკაცებს ემალებოდნენ, რომლებმაც უმ ყასრი დაიკავეს. შემდე შეხვდნენ ერაყელს, რომელიც 1991 წლის სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა. სწორედ მან დაარწმუნა ძმები, რომ სამხედრო ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ ცუდი არაფერი ელოდა.

ფადიმ და ალიმ უცხოელ ჟურნალისტებს ტყვეთა ბანაკში ჩაბარება სთხოვეს, რაც მათ შეასრულეს კიდეც და ორი ერაყელი ახალგაზრდა ბრიტანელთა სამხედრო ტყვეთა ბანაკში მიიყვანეს. ბანაკში მისვლამდე, გზაში ფადიმ და ალიმ თარჯიმანს სთხოვეს მათ მამასთან დაერეკა და ეთქვა, რომ ისინი ცოცხლები არიან, შემდეგ კი თავადვე შეცვალეს გადაწყვეტილება, რადგან მამამ მათ დაარიგა მამაცურად ეომათ და მათი ტყვეობა მას მხოლოდ დაამწუხრებდა.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი ყვება, ბრიტანელ სამხედროებს არ გაკვირვებიათ ჩაბარების მოსურნე ერაყელთა დანახვა. ბრიტანელმა ზემდეგმა ნიკ ვილსონმა ჟურნალისტებს უთხრა: "ტყვეები განუწყვეტლივ ბარდებიან ბრიტანელებს, ისინი ყველა მხრიდან მოდიან. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტყვეები ჟურნალისტებმა მოიყვანეს". რეკნაგელის მონათხრობის მიხედვით, ჩვენს კოლეგებს ეჭვი არ გასჩენიათ საკუთარი საქციელის მართებულობის გამო, რადგან ჩათვალეს, რომ მშიერ-მწყურვალი ერაყელი ძმების ტყვეთა ბანაკში მათივე ნებით მიყვანა სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა, მთელს ამ ამბავში არის ერთი წინააღმდეგობა: ჟურნალისტი, რომელიც სამხედრო ტყვეთა ბანაკში აბარებს საომარი კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის სამხედრო დეზერტირებს, ძალაუნებურად ფორმდება კონფლიქტის მეორე მხარის ნაწილად. ჩნდება კითხვა - ასევე მოიქცეოდა, თუ არა უმ ყასრში მყოფი ჟურნალისტთა ჯგუფი კოალიციის ჯარის დეზერტირებს რომ ეთხოვათ ერაყის ტყვეთა ბანაკში ჩაბარება?
XS
SM
MD
LG