Accessibility links

როგორ აფასებენ ერაყში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში მცხოვრები ქურთები


გავრცელებული ცნობების თანახმად, ქურთული შეიარაღებული ფორმირების „პეშმერგის" მებრძოლებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყში მოქმედი ისლამური დაჯგუფების „ანსარ ალ-ისლამის" შტაბბინა აიღეს.

ქურთისტანის პატრიოტული კავშირის განცხადებით, ბრძოლას მანამდე გააგრძელებენ, სანამ რეგიონს ისლამისტებისაგან არ გაათავისუფლებენ. რას ფიქრობენ საქართველოში მცხოვრები ქურთები ერაყში მიმდინარე მოვლენების შესახებ?

ერაყის ქურთი მოსახლეობა წლების მანძილზე იბრძვის საკუთარი პოლიტიკური უფლებების მოსაპოვებლად და, ბუნებრივია, რომ ერაყელი ქურთები ახლაც ანტიტერორისტული კოალიციის მოკავშირეებს წარმოადგენენ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ჰუსეინის რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, სულაც არაა გამორიცხული მისი მოწინაღმდეგე ქურთი მოსახლეობა კვლავ სადამის ქიმიური რაკეტების სამიზნე გახდეს.

ერაყის ჩრდილოეთში მეორე ფრონტის გახსნასთან ერთად, სავარაუდოა, რომ გაჩნდნენ ქურთი ეროვნების ლტოლვილებიც, რომლებიც, ადვილი შესაძლებელია, საქართველოს საზღვრებს მოადგნენ. ცხადია, რომ თურქეთი ქურთ ლტოლვილებს არ მიიღებს და მათ არც ირანში დაედგომებათ. მიუხედავად იმისა, რომ არც ოფიციალური თბილისი იქნება დიდად მოხარული თავშესაფარი მისცეს ქურთ ლტოლვილებს, მათი საქართველოში შემოსვლა მაინც მოსალოდნელია. საქართველოში ქურთების კულტურული ცენტრის გენერალური დირექტორის შეიხ კახა კალაშოვის განცხადებით:

[კახა კალაშოვის ხმა] „სადამის რეჟიმი ყოველთვის იყენებდა ქიმიურ იარაღს ქურთების წინააღმდეგ და ახლაც მოსალოდნელია, რომ მას გამოიყენებს არა მარტო ქურთების წინააღმდეგ, არამედ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მის რეჟიმს ებრძვის და, თუკი საქართველოში შემოვიდნენ, საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს და, თუ ხელისუფლება არ მიიღებს ქურთ ლტოლვილებს საქართველოში, ჩვენ, ქურთი მოსახლეობა, თვითონვე მივიღებთ და თვითონვე ვუპატრონებთ მათ." [სტილი დაცულია]

კახა კალაშოვი, რომლის ორგანიზაციას აქტიური კონტაქტები აქვს ქურთისტანის პატრიოტულ კავშირსა და ერაყის ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასთან, აცხადებს, აგრეთვე, რომ ქურთები მხარს უჭერენ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, თუმცა კი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბაღდადის დაბომბვებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ, საომარი მოქმედებების შედეგად, შეიძლება ერაყის ქურთმა მოსახლეობამ საწადელს მიაღწიოს. კახა კალაშოვი ამბობს, რომ ერაყში მცხოვრები, დაახლოებით, 10 მილიონი ქურთისთვის პოლიტიკური ავტონომიაა მისაღები. თუმცა კი ამ მიზნის მიღწევისთვის ბრძოლაში ჩართვას არ გეგმავს საქართველოში მცხოვრები 30 ათასამდე ქურთი.

[კახა კალაშოვის ხმა] „აქედან არც ერთი ქურთი არ წავა."

როგორც არ უნდა იყოს, ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებები საქართველოსთვის, თუნდაც ერაყელი ქურთების ფაქტორიდან გამომდინარე, სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მაპროვოცირებელია. არის მეორე უფრო დიდი საშიშროებაც, რომელიც, ერაყელი ქურთების წარმატების შემთხვევაში, ჩვენს მეზობელ თურქეთში შეიძლება გაჩნდეს, იქ მცხოვრები ქურთების სახით. ყოველივე ეს კი როგორც საქართველოზე, ასევე მთელ კავკასიის რეგიონზე დესტაბილიზაციის განვრცობის საფრთხეს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG