Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაქცეული ერაყელები თავიანთ სახლებს უბრუნდებიან


ჩვენი შემდგომი რეპორტაჟიც ჩარლზ რეკნაგელმა გამოგვიგზავნა და ისიც ომს გამორიდებულ ერაყელებს - ოღონდ სამოქალაქო პირებს - ეხება. ერაყელი მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ისა და ბრიტანეთის

ჯარების შეტევის წინ გაიქცნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან, ახლა, მიუხედავდ იმისა, რომ მათ ქალაქებს უცხო სამხედროები განაგებენ, შინ ბრუნდებიან. ბასრიდან ზოგიერთ უკანდაბრუნებულს ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა.

უმ ყასრსა და საფვანში დაბრუნებული მოქალაქეები ბასრისკენ გაიქცნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებისას. ახლა ამ პატარა ქალაქებს ბრიტანელი სამხედროები განაგებენ. მიუხედავად ამისა, აქაური მკვიდრნი ტაქსებითა და თავიანთი მანქანებით უკან ბრუნდებიან. ამიტომაც ბევრი სამუშაო გაუჩნდათ ბრიტანელ ჯარისკაცებს, რომლებიც საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოზე დგანან აზ ზუბაირში, ბასრის სამხრეთით, დახლოებით ათ კილომეტრში. მძღოლები და მგზავრები ჟურნალისტებს თავისუფლად ვერ ელაპარაკებიან, რადგან ყველა ინტერვიუს დროს ხალხი იყრის ხოლმე თავს და თითოეული შიშობს, ბასრის ამბები იმგვარად არ მოჰყვეს, რომ ხალხში მყოფმა ხელისუფლების ერთგულმა პირებმა მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ჟურნალისტების მიმართ უნდობლობა ზოგს იმიტომაც აქვს, რომ ხალხი არ გამორიცხავს, მასმედიის წარმომადგენელი ასევე ხელისუფლებასთან იყოს დაკავშირებული. ერთი-ორი მათგანი მაინც დათანხმდა მიკროფონთან ელაპარაკა, თუმცა ვინაობის გამხელას ვერ ბედავენ. ერთი ჰყვება, რომ უმ ყასრიდან წავიდა ერთი კვირის წინათ, როცა ქალაქს შეუტიეს. ახლა, როცა შეიტყო, რომ აქ სიმშვიდეა, თავის ოჯახთან ერთად დაბრუნდა.
[უცნობი პირის ხმა]
ჩარლზ რეკნაგელი გაესაუბრა სხვა მამაკაცსაც, რომელიც შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა აქ თავს უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ერაყის ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ არეალში, ღიმილით უპასუხებს. მისი თქმით, ასეთ ცვლილებებს ერაყელები მიჩვეულები არიან - ეს მათი პირველი ომი არ არის. სხვა მამაკაცი, რომელიც თავს სოფლის მეურნეობის მუშაკად წარმოადგენს ქალაქ ბასრიდან, აცხადებს, რომ მას, პირადად, ომი არ აინტერესებს და იმედი აქვს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ომს გადაურჩებიან. ის თანხმდება მანქანაში ჩაჯდეს და იქ მშვიდად ილაპარაკოს. მისი თქმით, ხალხი ამ ომს ამერიკელთა და სადამის რეჟიმის ომად განიხილავს: [უცნობი პირის ხმა] "ცხადია, ყველა უკეთეს მომავალს ელის. ხალხი ამბობს, რომ ეს ამერიკელთა და ერაყის ჯარს შორის ომია და ჩვენ ამ ომის ნაწილი არ ვართ. ხალხს ბასრაში ბუნკერები აქვს და ომში არ ერევა, არც ამერიკელთა, არც სადამის მხარეს. ისინი ამბობენ: დე, იბრძოლონ არმიებმა, ჩვენ განზე ვიდგებით".
მისივე თქმით, ბასრაში ხალხი ამერიკელებს ყვავილებით შეხვდებოდა, მაგრამ მოსახლეობაში არ გამქრალა იმის შიში, რომ ამერიკელები მათ ისევე მოექცევიან, როგორც 1991 წელს.
გაგახსენებთ, რომ 1991-ში აშშ-ის ჯარის შეტევით გულგამაგრებული შიიტი მოსახლეობა ბასრაში სადამ ჰუსეინს აუჯანყდა, მაგრამ ამერიკის არმიამ სწრაფად დატოვა ერაყი და მთავრობამ სისხლში ჩაახშო ეს ამბოხი. კიდევ ერთი: ბასრიდან გაქცეულ ხალხს იყო, ახლახან რომ ერაყის ჯარმა სროლა აუტეხა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG