Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი უარყოფს საომარი მოქმედების შეფერხებას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრს საკუთარი თავის დაცვა მოუხდა, როცა უარყო ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გავრცელებული, ცნობა, რომლებშიც ერაყის ომის თაობაზე მისი გადაწყვეტილება იყო გაკრიტიკებული.

ამ ცნობების თანახმად, აშშ-ის ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ბაღდადის მიმართულებით საბრძოლო მოქმედება ხმელეთზე რამდენიმე კვირით ყოვნდება, რადგან ისინი მომარაგებას და დამატებით ძალას საჭიროებენ. აშშ-ის მასმედია საყვედურს გამოხატავს რამსფელდის მიმართ ამ პრობლემების გამო. ამერიკის პრესა წერს, რომ თავდაცვის მინისტრმა პენტაგონის სტრატეგების რჩევას, ერაყში ომის დროს მეტი ხალხი და იარაღი იქნება საჭიროო, ყური არ ათხოვა.
დონალდ რამსფელდი კრიტიკას უარყოფს. მან ეი-ბი-სი-ს განუცხადა, ცეცხლი არ შეწყდება და არავითარი პაუზა არ იქნებაო. იმის შესახებ, რომ სახმელეთო ჯარის რაოდენობის თაობაზე რჩევა არ მიიღო, მან "ფოქს-ნიუს" განუცხადა, არსებული გეგმა შესანიშნავია, ის გენერალმა ტომი ფრენკსმა და გენერალურმა შტაბმა შეიმუშავაო. და, რაც მთავარიაო, თქვა რამსფელდმა, გეგმა ხორციელდება, გეგმა, რომელიც, სახელმწიფო უშიშროების საბჭომ მიიღო. ის ჩვენი ქვეყნის გეგმააო, განმარტა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. რამსფელდმა საზოგადოებას ამცნო, ომი შეიძლება კვირები და თვეები გაგრძელდეს და უფრო მძიმე დღეები წინ მოგველისო. ომის შეფერხების შესახებ ინფორმაცია უარყო ერაყის ომში ჯარების მეთაურმა ტომი ფრენკსმაც. კატარში, თავის სამეთაურო ცენტრში, მედიასთან, ჩვეულებრივ, თავშეკავებულმა გენერალმა განაცხადა, რომ წინსვლა წარმატებით ხორციელდება. ფრენკსის თანახმად, 100 ათასი დამატებითი სამხედრო უკვე კუვეიტისკენ მიემართება და ამ დამატებითი ძალის ომში ჩართვა თავიდანვე იყო გათვალისწინებული.

გავრცელებული ინფორმაციით, რამსფელდი არ დაეთანხმა მაღალი რანგის ოფიცრებს, რომლებიც მას ურჩევდნენ, ამჟამინდელ ლაშქრობაში იმავე რაოდენობის ძალები ჩაერთო, რამდენიც სპარსეთის ყურის პირველ ომში იყო გამოყენებული. 1991 წელს ნახევარი მილიონი სამხედრო მოსამსახურე იბრძოდა ერაყის წინააღმდეგ. იმავე ცნობით, რამსფელდი და ფრენკსი თურმე კომპრომისზე წავიდნენ, როცა 1991 წლის რაოდენობის ნახევარზე დათანმდნენ. დონალდ რამსფელდი წაეკიდა პენტაგონის მაღალი რანგის ოფიცრებს, რომლებიც არ იზიარებდნენ მაღალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული არმიის შესახებ მის წარმოდგენებს. გადამდგარი გენერალი, სპარსეთის ყურის პირველ ომში ქვეითთა დივიზიის მეთაური ბერი მაკკაფრი ამბობს: [მაკკაფრის ხმა]: "დღის ბოლოს ჩნდება კითხვა, რატომ ჩაატარე ეს ოპერაცია მისთვის შეუსაბამო ძალებით?"

აქვე სხვა ექსპერტის მოსაზრებას გაგაცნობთ. ბრიტანეთში გამოდის ჟურნალი "ჯეინს დიფენს უიკლი". მის დამაარსებელს რობერტ ჰაჩინსონს ეჭვი არ ეპარება, რომ ერაყის ომის სამხედრო გეგმა ახლა გადასინჯვის სტადიაშია:
[ჰაჩინსონის ხმა] "სარისკოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ სტრატეგია უნდა გადაისინჯოს. მცირე ჯარის იდეა, იდეა სამხედროთა მცირე რაოდენობისა - გადასახედია. საქალაქო ბრძოლაში დიდი დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მასიური ცეცხლის დაშენა რესპუბლიკური გვარდიის ნაწილების გამოსათიშად."
საბრძოლო მოქმედება გრძელდება ერაყის სხვადასხვა არეალში. ჩვენი თანამშრომელი რონ სინოვიცი იმ დივიზიასთან ერთად არის, რომელიც ბაღდადისკენ მიიწევს. სინოვიცის ცნობით, აშშ-ის არმიის ქვეითთა მესამე დივიზია ქარბალას მიუახლოვდა: [სინოვიცის ხმა] "აშშ-ის არმიის ქვეითთა მესამე დივიზიამ დღეს ჩრდილოეთისკენ წაიწია წინ, მისი რაზმები ქალაქ ქარბალას მისადგომებთან ორი დღე ცეცხლს უშენდნენ გვარდიის ნაწილებს, რომლებმაც ბაღდადთან პოზიციები დათმეს და გასულ კვირაში ქარბალასთან გადაინაცვლეს."
XS
SM
MD
LG