Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ამერიკულ სამხედრო შენაერთებში ჟურნალისტების "ინტეგრირებასთან" დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეები?


დაახლოებით სამი კვირის წინ, როცა ერაყის ომს ჯერ კიდევ სავარაუდო საფრთხედ მოიხსენიებდნენ, გიამბეთ აშშ-ში შემუშავებულ გეგმაზე, რომელიც შესაძლო ომის საინფორმაციო საშუალებებში გაშუქებას ეხებოდა:

ეს იყო ჟურნალისტების ე.წ. "ინტეგრაციის" გეგმა და გულისხმობდა მასმედიის წარმომადგენლების განაწილებას სამხედრო შენაერთებში, სადაც თითოეული ჟურნალისტი ჯარისკაცების ერთსა და იმავე ჯგუფთან იცხოვრებდა და იმუშავებდა ერაყთან ომის განმავლობაში. და აი, ერთ კვირაზე მეტი ხანია, ანუ ერაყში ომის დაწყების შემდეგ, ეს გეგმა რეალობად არის ქცეული. ამართლებს თუ არა ის? რა არის ჟურნალისტების ინტეგრირების დადებითი და უარყოფითი მხარეები? ამ შეკითხვებზე პასუხის ძიებაში რამდენიმე ჟურნალისტს დაუკავშირდა ჩვენი რადიოს თანამშრომელი, ჯოლიონ ნეგელე და მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ახლა გაგაცნობთ.

დავიწყოთ იმით, რაც არა მარტო ექსპერტების, ერაყიდან ინფორმაციით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისათვისაც აშკარაა: ერაყში ამჟამინდელი ომის შესახებ გაცილებით უფრო ვრცელი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ეს წინა ომში, 1991 წელს იყო. ამერიკელი ჟურნალისტი, ფლორიდის შტატის პოინტერის ინსტიტუტში ლექტორად მოღვაწე ბობ სტილიც ადასტურებს, რომ [სტილის ხმა] "ამ ომის შესახებ გაცილებით უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ვიცოდით სპარსეთის ყურის ომის დროს. "ინტეგრაციის" პროგრამაში მონაწილე ჟურნალისტებმა გაცილებით უკეთ ჩაგვახედეს ომის მზადებასა თუ საბრძოლო მოქმედებებში, ვიდრე ეს წარსულში მომხდარა".

ჩვენი რადიოს წარმომადგენელი "ინტეგრაციის" პროგრამაში მონაწილე დაახლოებით 500 ჟურნალისტს შორის, როგორც ალბათ გახსოვთ, რონ სინოვიცია. ის თან ახლავს აშშ-ის არმიის მესამე ქვეით დივიზიას და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჟამად სადღაც ბაღდადის სამხრეთით იმყოფება. აქ შეგახსენებთ ასევე, რომ ჟურნალისტებს, სამხედრო მოსაზრებებიდან გამომდინარე, ეკრძალებათ თავიანთი და, შესაბამისად, მათთან ერთად მყოფი სამხედრო შენაერთის ზუსტი ადგილმდებარეობის გამხელა.

რონ სინოვიცი მაინც გადაჭრით ემხრობა "ინტეგრაციის" სისტემას: [სინოვიცის ხმა] "კარგად ინფორმირებული, "ინტეგრირებული" ჟურნალისტებისთვის ცნობილია იმ დივიზიის საბრძოლო გეგმა, რომელთან ერთადაც ისინი ომის დაწყებიდან იმყოფებიან. ამ თვალსაწიერიდან ადვილი შესამჩნევია, რომ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც არ მონაწილეობენ "ინტეგრირების" სისტემაში, ისღა დარჩენიათ, ინფორმაციის ერთგვარ ნატეხებს დასჯერდნენ და მათ საფუძველზე არასწორი ვარაუდები გამოთქვან".

თავისი, "ინტეგრირებული ჟურნალისტის" ბედით რონ სინოვიცზე არანაკლებ კმაყოფილია ტელეკომპანია "CNN"-ის კორესპონდენტი უოლტერ როჯერსი, რომელიც ამჟამად ამერიკელ ტანკისტებთან ერთად ბაღდადისკენ მიეშურება. "რეპორტიორად 36 წელია ვმუშაობ და ასეთი შესაძლებლობა არასოდეს მქონიაო", -თქვა მან გაზეთ ვაშინგტონ პოსტთან ამასწინანდელ ინტერვიუში.

თუმცა, "ინტეგრაციის" სისტემა უნაკლო როდია! ერთი მინუსი, რომ ინფორმაციის გავრცელება სამხედრო მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეზღუდულია, უკვე ვახსენეთ. ამას ემატება პრობლემა, რომ ჟურნალისტი, პრაქტიკულად, ერთადერთ საინფორმაციო წყაროზე - თავის სამხედრო შენაერთზეა დამოკიდებული და დგას საფრთხის წინაშე, რომ ამ შენაერთის ერთგვარი პრეს-მდივანი გახდება. კიდევ ერთი უარყოფითი მხარე: "ინტეგრირებული" ჟურნალისტები მოგვითხრობენ, რა ხდება ერთ კონკრეტულ ბრძოლაში, ერთ კონკრეტულ გემზე, რაც, მართალია, მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის!

[სტილის ხმა] "როგორც მაყურებლებმა, მკითხველებმა და მსმენელებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ, როცა "ინტეგრაციის" პროგრამაში მონაწილე ჟურნალისტების რეპორტაჟებს ვუყურებთ, ვუსმენთ, თუ ვკითხულობთ, ომის სრული სურათის მხოლოდ პატარა ნატეხებს ვხედავთ. მოგვიწევს სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება საიმისოდ, რომ თითოეულ რეპორტაჟს ადგილი მივუჩინოთ სრულ კონტექსტში",- გვირჩევს ამერიკელი ჟურნალისტი ბობ სტილი და ასე, რასაკვირველია, მხოლოდ ის არ ფიქრობს. რადიო "თავისუფლების" გადაცემებში ვცდილობთ, ერაყზე ომის შესახებ სხვადასხვა კორესპონდენტის მონათხრობი, სხვადასხვა ექსპერტის, პოლიტიკოსისა თუ რიგითი მოქალაქის მოსაზრებები გაგაცნოთ. დასკვნების გამოტანა და საერთო კონტექსტის წარმოდგნა, რასაკვირველია, თქვენთვის, მსმენელისთვის მოგვინდია...
XS
SM
MD
LG