Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაჯაფთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტში მომხდარი ინციდენტისას სამოქალაქო პირები დაიღუპნენ


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები იძიებენ ორშაბათს ერაყის ქალაქ ნაჯაფთან მომხდარი ინციდენტის გარემოებებს. ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ამერიკელმა ჯარისკაცებმა

ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას. ინციდენტმა შვიდი ქალისა და ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამერიკელი სამხედროები ამბობენ, რომ ამ ინციდენტის დროს ჯარისკაცები წესების ზუსტი დაცვით მოქმედებდნენ. მოვუსმინოთ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გენერალ პიტერ პეისს:
[პეისის ხმა] "მანქანა საკონტროლო-გამშვებ პუნქტს უახლოვდებოდა. მას ებრძანა, გაჩერებულიყო, მაგრამ არ გაჩერდა. გუშაგმა გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა მანქანის მიმართულებით. მანქანა მაინც არ გაჩერდა. შემდეგ ჯარისკაცებმა მანქანის ძრავას ესროლეს, რომ შეეჩერებინათ. მაინც არ გაჩერდა. ამიტომ ბოლოს თავად მანქანას დაუშინეს ცეცხლი."

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ფრენკ თორპმა მომხდარში დაადანაშაულა ერაყის რეჟიმი, რომელიც, მისი თქმით, სამოქალაქო პირებს იყენებს კოალიციის ჯარებისთვის ზარალის მისაყენებლად.

ხოლო ევროკომისიის წარმომადგენელმა რეიო კემპინენმა ორივე მხარეს მოუწოდა, დაზოგონ მშვიდობიანი მოსახლეობა. მისი თქმით, ეს არ ყოფილა იზოლირებული შემთხვევა. ამ ომში უკვე ძალზე ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა. "ეს შემთხვევა იმას მოწმობს, რომ სულ ერთია, რამდენად სრულყოფილია ტექნოლოგია, რამდენად ზუსტი იარაღი უჭირავთ ხელში ჯარისკაცებს. არ არსებობს გონიერი ომიო."

ნაჯაფის ინციდენტამდე ორი დღით ადრე თვითმკვლელმა მძღოლმა დაახლოებით მსგავს სიტუაციაში თავი აიფეთქა და ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლეც იმსხვერპლა. ალბათ ამით აიხსნება მოკავშირეთა ნერვიულობა და სიფრთხილე. სამშაბათ დილას კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ქალაქ შატრასთან. მძღოლმა არ გააჩერა და ამერიკელებმა იგი მოკლეს.

აქამდე ერაყი ათობით სამოქალაქო პირის მოკვლას აბრალებდა კოალიციის ავიაციას. მაგრამ ნაჯაფის ინციდენტი პირველი შემთხვევაა, როცა თავად ამერკელებმა აღიარეს მშვიდობიანი მოსახელეობის დახოცვა.

ეჭვგარეშეა, მსგავსი შემთხვევები დიდ ზიანს აყენებს მოკავშირეთა ჯარების იმიჯს მაშინ, როცა ისინი ცდილობენ განმათავისუფლებლებად და არა დამპყრობლებად მოევლინონ ერაყის მოსახლეობას.

აქვე უნდა ვახსენო კიდევ ერთი ინციდენტი, ოღონდ ამჯერად თავად მოკავშირეთა შორის. ბრიტანელმა სამხედრომ, რომელიც საკუთარი თანამებრძოლების ცეცხლს გადაურჩა, დასავლეთის მედიაში მწვავედ გააკრიტიკა ამერიკელი მფრინავი, რომელმაც არა მარტო ბრიტანელებს, არამედ შორიახლო მდგომ ერაყელ სამოქალაქო პირებსაც დაუშინა ცეცხლი. ამ ინციდენტში ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამასობაში გრძელდება ბაღდადის დაბომბვა. გრძელდება ბრძოლები ქალაქ ჰინდიას მიდამოებშიც, ბაღდადის სამხრეთით 80 კილომეტრში. აქ ერაყის რესპუბლიკურმა არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა. მოკავშირეთა ცნობით, ამ ბრძოლებში ორშაბათს დაიღუპა ერთი ამერიკელი ჯარისკაცი.

ქალაქ ნასირიის გარშემო და თავად ქალაქში ბრიტანეთის ჯარებს დიდ წინააღმდეგობას უწევენ რესპუბლიკური გვარდია და ერაყის რეგულარული არმია.

სამშაბათს ქუვეითის "პატრიოტის" ტიპის რაკეტით ჩამოგდებულ იქნა ერაყის მიერ ნასროლი რაკეტა. "პატრიოტით" ამერიკელებმაც ჩამოაგდეს ერთი რაკეტა, რომელიც ბაღდადის სამხრეთიდან ისროლეს ერაყელებმა შეერთებული შტატების ჯარების პოზიციებისკენ.

სამშაბათს გამოქვეყნდა ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის განცხადება, რომელშიც უარყოფილია გავრცელებული ცნობა, თითქოს მისი ოჯახის წევრები უცხოეთში გაქცევას ცდილობენ.

როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, რონ სინოვიცი იტყობინება ერაყიდან, ამჟამად კოალიციის ჯარები მიუახლოვდნენ იმ ზღვარს, რომლის გადალახვის შემდეგ სადამმა, შესაძლოა, მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენოს მათ წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი ზღვარია ქალაქი ქარბალა, რომლისთვისაც რამდენიმე დღე მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა. სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქარბალის დაცემის შემთხვევაში სადამმა შეიძლება თავის ქიმიური იარაღის არსენალს მიმართოს.

რონ სინოვიცის ცნობით, ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ მომწამვლელი გაზი ერაყის არმიამ 155-მილიმეტრიანი არტილერიის მეშვეობით დაუშინოს მოკავშირეებს. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ უკანასკნელ დღეებში ამერიკის ავიაცია ცდილობს ერაყის რაც შეიძლება მეტი მძიმე საარტილერიო დანადგარი გამოიყვანოს მწყობრიდან.
XS
SM
MD
LG