Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელ ჟურნალისტებს გაუჭირდებათ ერაყის ომის გაშუქება


ანდრო ეული, პრაღა უკანასკნელ დღეებში მთლიანად გადაიკეტა ქუვეით-ერაყის საზღვარი, რათა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ვეღარ შესძლონ ქუვეითიდან სამხრეთ ერაყში შესვლა, რასაც აქამდე აკეთებდნენ უმტკივნეულოდ და

ადგილიდან აშუქებდნენ საომარ მოქმედებათა მსვლელობას. როგორც ქუვეითში მივლინებული ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჩარლს რეკნაგელი იტყობინება, ქუვეითის სარდლობამ ტანკები განათავსა საზღვრისპირა რაიონებში იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყელმა პარტიზანებმა ქუვეითის საზღვარზე სცადეს გადასვლა.


[ჩარლს რეკნაგელის ხმა]: "სპარსეთის ყურის რეგიონში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც მოკავშირეთა სამხედრო ნაწილებთან არ არიან მიმაგრებულები იმედგაცრუებულები არიან ქუვეითის საზღვარზე დაწესებული მკაცრი კონტროლის გამო, რაც უაღრესად გაურთულებს ჟურნალისტებს სამხრეთ ერაყში ჩასვლას" - განაცხადა ჩარლს რეკნაგელმა.

მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ერაყში ომი დაიწყო, ქუვეითში მყოფი ჟურნალისტები წარმატებით ახერხებდნენ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით სამხრეთ ერაყში ჩასვლას, რამაც როგორც ქუვეითის ხელისუფლების, ასევე კოალიციური ძალების სარდლობის უკმაყოფილება გამოიწვია. ჟურნალისტებს შესთავაზეს ჯგუფურად იმოგზაურონ ერაყში ავტობუსით, რასაც დრო და დრო აწყობენ ქუვეითის ოფიციალური წარმომადგენლები.

მრავალ ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ამგვარი ჯგუფური მოგზაურობის დროს ისინი შეზღუდულები იქნებიან და ვერ შესძლებენ სამხრეთ ერაყში მიმდინარე მოვლენათა ობიექტურად გაშუქებას.

ხელისუფლებისა და მედიის ინტერესების ამგვარი დაპირისპირება "კატა-თაგვობანას" თამაშში გადაიზარდა განვლილი ორი კვირის მანძილზე, როცა ჟურნალისტები გარეგნულ სახეს უცვლიან თავიანთ ავტომანქანებს, რათა ისინი ჯარის ტრანსპორტს დაამსგავსონ და შემდეგ ცდილობენ შეუერთდნენ სამხედრო ავტოკოლონას, რომელსაც მომარაგება ჩააქვს ერაყში.

ამასობაში, პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლები ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სამხრეთ ერაყში მყოფმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა მათ "თავსატკივარი გაუჩინეს", ვინაიდან ეს ადამიანები თავიანთი მოქმედებით კოალიციური ძალების უშიშროებას უქმნიან საფრთხეს.

უკანასკნელ დრომდე, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ყოველნაირად ეხმარებოდნენ ერაყში ჩასულ ჟურნალისტებს, და აძლევდნენ უფლებას - თავიანთი პოზიციების გვერდით გაეშალათ კარვები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმის საფრთხე იყო რეალური, უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავდათ ჟურნალისტები.

მაგრამ, ჯარისკაცებს ამჟამად ნაბრძანები აქვთ
თავი შეიკავონ და ხელი აღარ შეუწყონ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, სამხრეთ ერაყში ჩასულ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს.

მრავალი კორესპონდენტი გაგებით ეკიდება კოალიციური ჯარის სარდლობის პოზიციას - ჯარისკაცების უშიშროება დააყენოს წინა პლანზე, თუმცა ცალკეული ჟურნალისტები არ გამორიცხავენ ამასთანავე, რომ სამხედრო სარდლობა დამოუკიდებელი ჟურნალისტების რეპორტაჟებმა გააღიზიანა.

სამხრეთ ერაყში ჩასულმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ინტერვიუები ჩამოართვეს ადგილობრივ მკვიდრებს მათს ქვეყანაში უცხო ჯარების ყოფნასთან დაკავშირებით. გამოითქვა სხვადასხვა აზრი. თუ ერთნი იმედოვნებენ, რომ ერაყში სულ მალე დაემხობა სადამ ჰუსეინის რეჟიმი, სხვები შიშობენ, ვაი თუ მოკავშირეთა ძალებმა კვლავ დატოვონ მოულონელად ერაყი, როგორც ეს 1991 წელს მოხდა, როცა ჰუსეინმა სისხლში ჩაახშო ბასრაში შიიტების, ხოლო ჩრდილოეთში ქურთების აჯანყება.
XS
SM
MD
LG