Accessibility links

logo-print

რა გავლენას ახდენს ერაყის ომი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე


რუსეთში ბევრი პოლიტოლოგი თუ პოლიტიკოსი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ერაყის ომში მოსკოვმა არასწორი პოზიცია დაიკავა და რომ კრემლი თეთრი სახლის მოკავშირე უნდა გამხდარიყო.

ეს კი რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობის გარანტიებს შექმნიდა, რადგან ერაყის ომის შემდეგ ნავთობის ფასებისა და მასზე დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკის ვარდნაა მოსალოდნელი.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა კარგახანია რუსეთის გაღიზიანებას იწვევს, თუმცა საქართველოს პოზიციას ერაყის ომის მიმართ მოსკოვის ისეთი რეაქცია არ მოჰყოლია, როგორიც, ვთქვათ, კასპიის ნავთობის ბიზნესში თბილისის ჩართვამ გამოიწვია. ქართველი პოლიტიკოსები ამას სხვადასხვაგვარად ხსნიან. მოსკოვიდან ახლახან დაბრუნებულმა სოციალისტური პარტიის ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ შევარდნაძე-პუტინის სოჭის შეხვედრისა და ახალი ინიციატივების წამოყენების შემდეგ რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.

[რჩეულიშვილის ხმა] „თვითონაც არ იციან ბოლომდე, პუტინის ინიციატივა რაში მდგომარეობს, მაგრამ უკვე მზადყოფნას გამოთქვამენ, რადგან პრეზიდენტმა თქვა. ერთი სიტყვით, არის ძალიან სერიოზული შანსი, რომ ამერიკასთან ურთიერთობის შენარჩუნების პარალელურად ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა ავაგოთ. ძნელი ამოცანაა, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მიღწევადი ამოცანაა."

სოციალისტური პარტიის ლიდერის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ებერტის ფონდის მიწვევით რჩეულიშვილთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა რუსეთის პოლიტიკოსებთან დიალოგის გასამართად. საყვარელიძის აზრით, რუს სახელმწიფო მოხელეებს საკმაოდ ეშინიათ ერაყის ომის შედეგებისა, რაც საქართველოს მიმართ მათი პოზიციის სიფრთხილეს განაპირობებს.

[რამაზ საყვარელიძე] „აი, ეს რუსეთი გეუბნება დღეს, რომ მოდით, აიღეთ კურსი არა ამერიკისკენ არამედ ევროპისკენ. მოდით, ვილაპარაკოთ არა პოლიტიკური საკითხების მოგვარებაზე, მაგალითად, აფხაზეთზე, არამედ ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ჩვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს. ეს ის წრეა, რომელიც, ისევე როგორც თოფიანი რუსეთი, ცდილობს საქართველო იყოლიოს ცალსახა გავლენის ქვეშ. რა თქმა უნდა, ერაყის პროცესი ფონად მოგვდევდა ყოველთვის, ამიტომ უნდა მას ევროპული პროექტები, იმიტომ რომ მას დღეს აქვს იმის განცდა, რომ ევროპა არის მისი პარტნიორი უფრო, ვიდრე ამერიკა."[სტილი დაცულია]

რუსეთის მთავარი მეგობრის ვახტანგ რჩეულიშვილის ოპტიმიზმს არ ეთანხმება გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენელი კახა ჩიტაიაც. მისი თქმით, არ შეცვლილა მოსკოვის დამოკიდებულება აფხაზეთში სამშვიდობო მისიის მიმართ; ადგილიდან არ დაძრულა ჩარჩო ხელშეკრულების მიღების თუ შემუშავების ჩიხში შესული პროცესი და არ შესრულებულა სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ამ საკვანძო პრობლემების მიმართ პოზიციათა გარკვევამდე სავარაუდოა, რომსაქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულების შერბილება, მართლაც, მხოლოდ ერაყის ომით გამოწვეული დაბნეულობის შედეგია.
XS
SM
MD
LG