Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა განაგრძობს გამოხმაურებას ერაყში მიმდინარე მოვლენებზე. რა სცენარით შეიძლება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის პრესა განაგრძობს გამოხმაურებას ერაყში მიმდინარე მოვლენებზე. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს სამხედრო ოპერაცია, რამდენად სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს

სადამ ჰუსეინი სამხედრო კოალიციის ძალებს?

27 მარტის ინტერნეტგაზეთი "სტრანა" აქვეყნებს ინტერვიუს რუსეთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრემიერთან, ალეკსანდრ შოხინთან. მისი აზრით:

"ერაყში საბრძოლო მოქმედებების ანალიზი აჩვენებს, რომ ამერიკელთათვის საჩუქარი იქნებოდა ორგანიზებული წინააღმდეგობის სქემის რეალიზაცია, როდესაც ერაყის არმიის ბრძოლისუნარიანი ნაწილები სრული შეიარაღებითა და კოლონებში მარშით გამოვიდოდნენ. ასეთი ტაქტიკა ერაყის ძალებს კარგ სამიზნედ აქცევდა. აშშ-ის შეშფოთებას ამჟამად უფრო მეტად იწვევს არა ტრადიციული ტაქტიკა, არამედ პარტიზანული ომი ქალაქებში, ქუჩის ბრძოლები, რის წინააღმდეგაც არ არსებობს მაღალი სიზუსტის, მაღალი ეფექტურობის იარაღი".


რუსეთის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერის აზრით, ვინაიდან რუსეთის ტექნიკას წარმატებით იყენებენ მაღალი სიზუსტის ამერიკული იარაღის წინააღმდეგ (რაც ერაყის არმიის რეზისტენტულობის ძირითადი მიზეზია), ამიტომ რუსეთის მწარმოებლებმა გაჩენილი უპირატესობით უნდა ისარგებლონ. ალეკსანდრ შოხინს იარაღის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია აქვს მხედველობაში.


28 მარტის გაზეთ "იზვესტიას" წერილი ეძღვნება ერაყის ელიტურ ჯავშანსატანკო დივიზია "მედინას", რომელიც რესპუბლიკური გვარდიის შემადგენლობაში შედის.
27 მარტს, ღამით, ქვიშის ძლიერი ქარიშხლის პირობებში სწორედ "მედინის" მებრძოლებმა შეუტიეს რამდენიმე ჯავშანმანქანით ამერიკელთა მოწინავე პოზიციებს ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით, გადასატანი რაკეტებით ექვსი ტანკი გაანადგურეს და უმალ გაუჩინარდნენ უდაბნოში.
"იზვესტია" წერს:


"სადამ ჰუსეინის თითქმის ყველა დავალებას "მედინა" აქამდე სანიმუშოდ ასრულებდა. მაგრამ ამჟამინდელი ამოცანა - დაიცვან ბაღდადისკენ მიმავალი გზა - ამ უდრეკი მებრძოლებისთვისაც კი ძნელი შესასრულებელი იქნება. მამაცობა მამაცობად, გამოცდილება გამოცდილებად, და მაინც, მოკავშირეთა მხარეზე, როგორც ჩანს, ოთხჯერადი რიცხობრივი უპირატესობა იქნება".


ამასთან ერთად, გაზეთი შენიშნავს, რომ "მედინას" ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც თავდაცვა, ისე შეტევა, თუმცა ეს უკანასკნელი მეტად ეხატება გულზე. დივიზიიის ტაქტიკა, ისევე როგორც მთელი ერაყის ტაქტიკა, საბჭოთა ნიმუშზეა აგებული".
"იზვესტია" წერს, რომ "მოკავშირეთა ავიაცია უკანასკნელი დღეების განმავლობაში შეუჩერებლად ბომბავს ერაყელთა პოზიციებს და, თვითმფრინავების გარდა, "აპაჩის " ტიპის ვერტმფრენებსაც იყენებს. მაგრამ "მედინის" ტექნიკა კარგადაა დაცული, საზენიტო ცეცხლი კი იმდენად მჭიდროა, რომ დივიზიაში დანაკარგები, პრაქტიკულად, არ არის".


ყოველკვირეულ გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტის" მე-13 ნომერში ომთან დაკავშირებულ პროგნოზებს გამოთქვამს
ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, არმიის გენერალი ვლადიმირ ლობოვი. კითხვაზე, თუ რით დამთავრდება ამერიკელთათვის ერაყის ოპერაცია, გენერალმა უპასუხა:


"ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებს ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი - იბრძოლებს იგი ბოლომდე, თუ ბაღდადის დათმობას ამჯობინებს იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები გადაარჩინოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ერაყის არმიის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.
სამხედრო ტექნიკის რაოდენობის თვალსაზრისით, ამერიკელებს სამ-ოთხჯერადი უპირატესობა აქვთ. ჰუსეინის არმიისთვის ერთადერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ღრმად ეშელონირებულ დაცვას გაუკეთოს ორგანიზება".
XS
SM
MD
LG