Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ მოკავშირეებს ერთგულებას საქმით დაუმტკიცებენ


საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც ერაყში ომის დაწყებისთანავე შესთავაზა მოკავშირეებს საკუთარი სამხედრო აეროდრომები, სამხრეთ კავკასიაში კონკურენტი გამოუჩნდა აზერბაიჯანის სახით,

რომელიც ასევე მზად არის მიიღოს მოკავშირეთა ავიაცია საკუთარ აეროდრომებზე. თუმცა თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ფიქრობს, რომ აქ არავითარ მეტოქეობას ადგილი არა აქვს და უწინდებურად დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როცა ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ მოკავშირეებს თავიანთ ერთგულებას საქმით დაუმტკიცებენ. ამ დროის დადგომამდე კი ქართველმა ჯარისკაცებმა საბრძოლო ოსტატობის დემონსტრირება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოაწყვეს და უხვად გამოიყენეს ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ნასწავლი საბრძოლო ელემენტები.

ეს არის ყოველდღიური ცხოვრება ვაზიანის ბაზისა, სადაც ქართველი ჯარისკაცები რუსი სამხედროების მიერ დანგრეულ კორპუსებში ქალაქში ბრძოლას სწავლობენ, ხოლო ამერიკული "იროკეზები" მათ საჰაერო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. მაგრამ ეს არ არის ის ამერიკული სამხედრო ავიაცია, რომლის კვალსაც ქართველ ჟურნალისტთა კორპუსი ამაოდ ეძებს იმ დღიდან, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკელ მოკავშირეებს მათი განთავსების თაობაზე უპირობო თანხმობა მისცა. თუმცა საქართველოს საჰაერო თავდაცვითი ძალების შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ამირან სალუქვაძე ადასტურებს, რომ საქართველოში, მართლაც, იმყოფებოდნენ ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები, რომლებმაც რამდენიმე ქართული სამხედრო აეროდრომის მდგომარეობა შეისწავლეს და მონაცემთა ბაზა შექმნეს.
სპეციალისტების თქმით, ამ აეროდრომთა ნაკლოვანება ტიპიურია: საფრენი ბილიკები გამოსულია მწყობრიდან, არ არსებობს მართვის პუნქტი, სანავიგაციო მოწყობილობა, ცუდად მარაგდება ელექტროენერგიით და წყლით. გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო აეროდრომები, მაგრამ საქართველოს უპირატესობა იმაშია, რომ იგი ერაყიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით არის დაშორებული. შესაძლოა, ამიტომაცაა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე აზერბაიჯანელი კოლეგის საფარ აბიევის ორი დღის წინანდელ განცხადებაში, რომ მისცემს მოკავშირეებს ავიაბაზების გამოყენების უფლებას, კონკურენციის ნიშნებს ვერ ხედავს.
[დავით თევზაძის ხმა] "მე გითხარით, რომ მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები და როცა ეს კონსულტაციები დამთავრდება… ახლა მე მეტს, სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით."
[კობა ლიკლიკაძის ხმა] "თქვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგამაც გამოთქვა მზადყოფნა, კონკურენტი ხომ არ გამოგიჩნდათ?
[დავით თევზაძის ხმა] "არა, კონკურენტი არ გამოჩენილა, პირიქით, ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვურთიერთობთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და, ბუნებრივია, ტენდენციებიც იგივეა."

სამშაბათს ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილმა "კომანდოს" ბატალიონის მებრძოლებმა რამდენიმე საბრძოლო ელემენტი, მათ შორის, ქალაქში ბრძოლის ეპიზოდი გაითამაშეს. შენობაში გამაგრებული ვირტუალური მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაციას, რომლებიც ჩაცმულობით ძალიან წააგავდნენ სადამ ჰუსეინის "ფედაინებს", ქართველმა ჯარისკაცებმა რამდენიმე წუთი მოანდომეს. ჟურნალისტებმა პროამერიკული იმიჯით ცნობილ საქართველოს მინისტრს ასეთი სცენარით სწავლების ჩატარებაც, გარკვეულწილად, მოკავშირეების მიმართ სოლიდარობის გამოხატვად ჩაუთვალეს.

[დავით თევზაძის ხმა] "კოალიციას, იმედია, მაინც მოგვეცემა საშუალება, ცოტა სხვანაირად ვაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა. უბრალოდ, ეს ის ელემენტებია, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ჯარების მომზადებაში."

აღსანიშნავია, რომ ქართველი "კომანდოსების" პირადი შემადგენლობა თავის დროზე ამერიკის მე-10 სპეცდანიშნულების ძალების დივიზიის ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს. ამ ელიტური დივიზიის მებრძოლები ანტიერაყული ბრძოლის ავანგარდში იმყოფებიან და კოალიციის სხვა ძალებთან ერთად ერაყის სიღრმისკენ მიიწევენ. ქართველი სამხედროები საბრძოლო სწავლებისგან თავისუფალ დროს ერაყში მიმდინარე ომის ქრონიკებს ყურადღებით ადევნებენ თვალს და თავიანთი ამერიკელი თანამებრძოლების წარმატებაში ეჭვი არ ეპარებათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG