Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად პრიორიტეტულია თავდაცვის სფერო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის


ტერორიზმის საფრთხით შეშფოთებულმა ცივილიზებულმა მსოფლიომ თავდაცვის სფეროს პრიორიტეტულობა კიდევ ერთხელ აღიარა და მისი სრულყოფისათვის ახალი ძალები აამოქმედა.

საქართველოც მონდომებით ცდილობს ხსენებულ პროცესში გარკვეული როლი შეასრულოს, თუმცა თავდაცვის სფეროს პრიორიტეტულობის თაობაზე საბიუჯეტო ციფრები მაინცდამაინც სასიკეთოს ვერაფერს ამბობს.

წელს საქართველოს თავდაცვის სისტემის დასაფინანსებლად 67 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მაშინ, როდესაც, ექსპერტთა გამოთვლით, მას, სულ ცოტა,129 მილიონი ლარი მაინც ესაჭიროება. ხსენებული 67-დან სახელმწიფო ბიუჯეტის დანაპირებს 60,5 მილიონი ლარი შეადგენს, თუმცა მისი შესრულება ჯერჯერობით მაინც ვერ ხერხდება. წინასწარი მონაცემებით, პირველი კვარტალის დაფინანსების გეგმა მხოლოდ 73 პროცენტით არის შესრულებული.

ამ არცთუ სახარბიელო არითმეტიკის მიუხედავად, მაინც მიაჩნიათ, რომ საქართველოში თავდაცვის სფეროსადმი ინტერესი და ყურადღება, წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა. სწორედ ამ აზრისაა თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-სოცსაბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მირონ ჩიგოგიძე:

(მირონ ჩიგოგიძის ხმა) "წელს უკვე თავდაცვას საკმაოდ ექცევა ყურადღება. პრეზიდენტი პირადი ბრძანებებით ფინანსთა სამინისტროს ცოტა "შეანჯღრევს" ხოლმე. წინა წლებში უფრო ცუდი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მაგრამ ახლა რა შედარებაა..."

დიახ, ყველაფერი შედარებითია. შარშანდელი საბიუჯეტო ციფრები წლევანდელზე გაცილებით მწირი იყო და თავდაცვის სფეროს მკრთალი სიხარულის საბაბი იქნებ, ამ მხრივ, მართლაც, აქვს, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, ვითარება ჯერ კვლავ რთულია. თუმცა პოლკოვნიკი ჩიგოგიძე ოპტიმიზმს არ ღალატობს და სჯერა, რომ თუკი ჩვენი სახელმწიფო სამხედრო სფეროს მიმართ ინტერესს არ მოადუნებს, მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ხსენებული ინტერესი, წესით და კანონით, თუნდაც ჯერ მხოლოდ იმიტომ არ უნდა მოდუნდეს, რომ საქართველომ ამერიკელების დახმარება და მხარში დგომა ღირსეულად შეირგოს. რა დასამალია და, სამხედრო სფეროსადმი სახელმწიფო ინტერესი, აშკარად, მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ჰორიზონტზე ამერიკელები გამოჩნდნენ. "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის შესახებ ხომ დღეს საქართველოში ბავშვებმაც კი ბევრი რამ იციან. ამას წინათ 5-6 წლის ბიჭები ხმამაღლა და მონდომებით მიმტკიცებდნენ, რომ ამერიკელების მიერ გაწვრთნილი მეომრები ნებისმიერი სიძლიერის მტერს დაამარცხებენ; რომ მათ უზარმაზარი კუნთები და ზუსტად სუპერმენის ძალა ექნებათ. მართალია, უფროსები ამ საკითხს ბავშვური მიამიტობით ნაკლებად უყურებენ, მაგრამ საგულისხმოა, რომ ბიუჯეტში თავდაცვის სფეროსთვის გათვალისწინებული თანხის დაახლოებით 80 პროცენტი სწორედ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამისთვის არის გამიზნული.

ამერიკული პროგრამის დაფინანსებამ ჯერჯერობით წარმატებით გადალახა ფინანსთა სამინისტროს ყველა ბარიერი, თუმცა თავდაცვის სფეროს სხვა ხარჯებს 2003 წლის პირველ კვარტალში 4 მილიონი ლარი მაინც დააკლდა. ექსპერტები შიშობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გარღვევამ (რომლის მასშტაბი 4-5 დღეში დაზუსტდება), შესაძლოა, თავდაცვის სისტემის დაფინანსების ტემპებიც შეანელოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG