Accessibility links

logo-print

"ომი და მშვიდობა" - ანტითეზა, რომელიც, ცხადია, ლევ ტოლსტოის არ


"ომი და მშვიდობა" - ანტითეზა, რომელიც, ცხადია, ლევ ტოლსტოის არ მოუგონებია, ერაყის ომის ფონზე საქართველოშიც აქტუალური ხდება. ერაყის ომმა ქართულ საზოგადოების ერთ ნაწილს აფხაზეთის

დაბრუნების იმედი აღუძრა. ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თუ როგორ მოხდება ეს - "ომით" თუ "მშვიდობით." არასამთავრობო ორგანიზაციის "სტუდია რეს" მესვეურებს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის იმედი აქვთ. მამუკა ყუფარაძემ და მიხეილ მირზიაშვილმა გალის რაიონში გადაღებულ თავიანთ ფილმსაც ასე დაარქვეს -"მშვიდობის იმედი". სურათის ავტორები ამ ორიოდე დღის წინ ნიუ-იორკში გაემგზავრნენ "მშვიდობის იმედის" კოლუმბიის უნივერსიტეტში საჩვენებლად. გარდა ამისა, ფილმი წარმოდგენილი იქნება ვაშინგტონის "სამშვიდობო ფილმების" საერთაშორისო კინოფესტივალზეც. შეერთებულ შტატებში გამგზავრების წინ მამუკა ყუფარაძეს ვესაუბრე.

სვეტლანა კორსაიამ, რობერტ ლომიამ, მამუკა ყუფარაძემ და მიხეილ მირზიაშვილმა "მშვიდობის იმედით" გალის რაიონში გადაიღეს ხუთ დღეში. გადაიღეს ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაციის "შერიგების რესურსების" დახმარებით. გადაიღეს იმიტომ, რომ ქართველებისა და აფხაზებისთვის გალის რაიონში შექმნილი რეალური სურათი წარმოედგინათ. გალის რაიონი - ქართული და აფხაზური მხარეების შეხების მთავარი და, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ადგილია. ხალხი აქ მუშაობს, სწავლობს - სკოლებში ბავშვები როგორც ქართულ, ისე აფხაზურ ენას ეუფლებიან, ენგურჰესზე ერთად მუშაობენ, ბაზარში ერთად ვაჭრობენ, რაიონულ პოლიკლინიკაში ერთად მკურნალობენ. უმრავლესობა კამერის წინ გამოჩენას ერიდება, ქართულად საუბარს გაურბის, მაგრამ მაინც კმაყოფილია იმით, რომ საკუთარ სახლში ცხოვრობს. ასეთი "კმაყოფილება" თუ არა, "მშვიდობის იმედი" მაინც, ენგურს აქეთ და ენგურს იქით, როგორც ჩანს, ბევრს არ აძლევს ხელს. სურათი სოხუმში უჩვენეს, მაგრამ, მამუკა ყუფარაძის თქმით, მაყურებლის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო.

[მამუკა ყუფარაძის ხმა]: " მთავრობის წარმომადგენლებს არ მოეწონათ, გაგვაკრიტიკეს - ასეც თქვეს: "ვისთვის კეთდება ეს, რა საჭიროა ასეთი ფილმების გაკეთებაო."

არაერთგვაროვანი იყო ქართული მხარის რეაქციაც. თუმცა, განსხვავებით აფხაზეთისაგან, სადაც ფილმი ტელევიზიით არ უჩვენებიათ, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ მაინც ჩართო ეს სურათი პროგრამაში, ოღონდ - დღის საათებში, თანაც - სამუშაო დღეს. მამუკა ყუფარაძის თქმით:

[მამუკა ყუფარაძის ხმა] "უფრო საოცარი იყო, რომ ძლიერმა კომერციულმა ტელევიზიებმა, რომლებიც პოპულარულია ჩვენს ქალაქში, საერთოდ, არ მოისურვეს... ვითომ ასე ხშირია ჩვენი რეპორტაჟები აფხაზეთის ტერიტორიიდან და გალის რაიონიდან?...თქვენს ფილმს ეტყობაო, რომ უცხოური გრანტებითაა გაკეთებულიო... გასაგებია, რომ უცხოური გრანტებითაა გაკეთებული, ჩვენ ასე ვარსებობთ, მაგრამ მთავარია ამ უცხოურ გრანტებს რა მოჰყვება, მე მგონი, ცუდი არაფერი - ეს გრანტები ხომ ძალადობას არ აფინანსებს."



ეს გრანტები ძალადობას არ აფინანსებს, მაგრამ ძალადობის ვნება როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერია. თუმცა, მამუკა ყუფარაძის თქმით, ომის სურვილი ყველაზე ნაკლებად თავად ლტოლვილებს აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ფილმმა "მშვიდობის იმედით" აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც მამუკამ გვიამბო:

[მამუკა ყუფარაძის ხმა] "რეაქცია არის ძალიან საინტერესო... ფილმის ჩვენების შემდეგ არავითარი უნდობლობა ან აგრესია ჩვენდამი არ მიგრძვნია... ლტოლვილების ჯგუფები თვითონ მოდიან ჩვენთან სტუდიაში და მათთვის ვაწყობთ ჩვენებას."

ამ დღეებში სტუდია "რეს" მესვეურთა მიერ გადაღებულ ფილმს შეერთებულ შტატებში "სამშვიდობო ფილმების" ფესტივალზე უჩვენებენ. მამუკა ყუფარაძესა და მიხეილ მირზიაშვილს კონკურენტები პროფესიონალი კინემატოგრაფისტები ეყოლებათ. საქართველოში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე პროფესიონალი კინემატოგრაფისტები ან არ, ან ვერ ზრუნავენ. მათ საქმეს ჯერჯერობით ჟურნალისტები აკეთებენ. ჩვენს კითხვაზე, რატომაა ქართული კინო გულგრილი ქვეყნის, შესაძლოა, ყველაზე მტკივნეული პრობლემის მიმართ, მამუკა ყუფარაძემ ასე გვიპასუხა:

[მამუკა ყუფარაძის ხმა] "მე მგონი, ფასეულობებშია, ღირებულებებშია. ის ღირებულებები, რასაც ჩვენ ვდებთ ჩვენს ფილმებში, ძნელად "იყიდება", საზოგადოება ძნელად იღებს ამას."[სტილი დაცულია]

საზოგადოება მაინც ძნელად იღებს შერიგებისკენ, პატიებისკენ მოწოდებას. ეს მოწოდება დღეს ცუდად "იყიდება"... მაგრამ, საბედნიეროდ, ამ პლანეტაზე ჯერ კიდევ ყველაფერი არცაა გასაყიდი.
XS
SM
MD
LG