Accessibility links

ერაყში განახლდა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება


ანდრო ეული, პრაღა პარასკევს 28 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ერაყში გაეროს ჰუმანიტარული პროგრამის, "სურსათი - ნავთობის სანაცვლოდ", განახლებას ითვალისწინებს;

პროგრამისა, რომელიც ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ, ორი კვირის წინ შეწყდა. ხსენებული პროგრამა 16 მილიონ ერაყელს უზრუნველყოფდა სურსათით.


სამხრეთი ერაყის ნავსადგურ უმ ყასრში გემებს სურსათი და სასმელი წყალი ჩააქვთ; ხოლო ქურთების მიერ კონტროლირებულ ჩრდილოეთ ერაყში, გაერომ, განვლილი ორი კვირის მანძილზე პირველად, ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი ჩაიტანა.

მაგრამ, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომლითაც ერაყში უნდა განახლდეს ჰუმანიტარული პროგრამა "სურსათი -ნავთობის სანაცვლოდ", მხოლოდ 45 დღის განმავლობაში იქნება ძალაში, რამაც საგონებელში ჩააგდო გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოები, რომლებსაც კონტრაქტები აქვთ დადებული სურსათის, მედიკამენტების, სასმელი წყლისა და სანტექნიკური მოწყობილობის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან.

როგორც გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ამგვარი 450-ზე მეტი კონტრაქტი მსოფლიოს 40-დე ქვეყნის ორგანიზაციებთან აქვთ დადებული გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებს.

გაეროს ეგიდით მოქმედი, მსოფლიო სასურსათო პროგრამის ექსპერტი ფილიპ უორდი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უშიშროების საბჭოს მიერ პარასკევს მიღებული რეზოლუცია მხოლოდ 45 დღის განმავლობაში იქნება ძალაში, რაც გააძნელებს ერაყში, ამ მოკლე ხნის პერიოდში კონტრაქტებით გათვალისწინებული დახმარების მიწოდებას.

იმის მოლოდინში, რომ განახლება პროგრამისა "სურსათი - ნავთობის სანაცვლოდ" შესაძლოა დაყოვნდეს, გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარი იქნეს გამოყოფილი ერაყის დასახმარებლად. ამით, გაეროს სააგენტოებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად სპარსეთის ყურის რეგიონში შეისყიდონ სურსათი და საჭირო მედიკამენტები და დააჩქარონ მათი ტრანსპორტირება ერაყში.

ჰუმანიტარული სააგენტოების ამგვარმა ინიციატივამ, როგორც გაეროს წარმომადგენლები აცხადებენ, სასურველი შედეგი გამოიღო: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მთლიანობაში, 800 მილიონზე მეტი დოლარის გამოყოფა ივალდებულეს.

როგორც უშიშროების საბჭოს მიერ პარასკევს მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, შეერთებული შტატების თაოსნობით შემნილ კოალიციას აკისრია ერაყელ მოქალაქებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა.
"ერაყში უნდა შეიქმნას სათანადო პირობები, რათა ჩვენ დამოუკიდებლად შევძლოთ დახმარების მიწოდება იმათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება; და ამგვარი პირობები უნდა შექმნან იმათ, ვინც იმ ტერიტორიას უწევს კონტროლს, სადაც დახმარების მიწოდებაა საჭირო" - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა საკოორდინაციო უწყების წარმომადგენელმა ოლივერ ულიკმა.
XS
SM
MD
LG