Accessibility links

რეპორტიორი ქალები ერაყში ომის შესახებ


ამ დღეებში ხშირად არის ლაპარაკი სხვაობაზე,

რომელიც ერაყის წინააღმდეგ წინა, 1991 წლის ომსა და ამჟამინდელ სამხედრო ოპერაციას შორის შეინიშნება: ასახელებენ განსხვავებას ბაღდადის მოწინააღმდეგეთა კოალიციის შემადგენლობაში მაშინ და ახლა, ცვლილებებს ვაშინგტონისა და მის მოკავშირეთა სამხედრო ტაქტიკასა თუ ომისადმი ერაყელების დამოკიდებულებაში, ცვლილებას ომის საინფორმაციო საშუალებებში გაშუქების მხრივ. დღეს ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო" კიდევ ერთ ცვლილებას შევეხებით: როგორც ირკვევა, ერაყში საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით იქ და მეზობელ ქვეყნებში ჩასულ ჟურნალისტებს შორის ამჯერად გაცილებით მეტი ქალია, ვიდრე 90-ანი წლების დასაწყისში იყო.

მაშინ, 90-ანი წლების დასაწყისში ომის რეპორტიორი ქალის ერთგვარი განსახიერება გახდა ტელეკომპანია "CNN"-ის ჟურნალისტი, კრისჩიან ამანპური: ის მოგვითხრობდა კრიზისით მოცული რეგიონებიდან, სპარსეთის ყურისა თუ ბოსნიის ომების, სომალისა თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დრამატული მოვლენების, მოგვიანებით - ავღანეთში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის შესახებ. და, რახან "CNN" მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და გავლენიან საინფორმაციო საშუალებებს მიეკუთვნება, მისი ვარსკვლავიც მსოფლიოში თუ ყველაზე ცნობილ არა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ტელეჟურნალისტად იქცა. ქრისჩიან ამანპური ომის რეპორტიორის რთულ და სახიფათო საქმეს არც ახლა ღალატობს: ის ომის პირველ დღეებში ბაღდადში იმყოფებოდა და მხოლოდ იმის გამო მოუხდა ქალაქიდან გამგზავრება, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმმა სიენენის ყველა ჟურნალისტი გააძევა.

დანარჩენი წამყვანი საინფორმაციო საშუალებები განაგრძობენ ბაღდადში საქმიანობას და, როგორც ირკვევა, ამანპურს უკვე საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი ქალი უწევს კონკურენციას. მათ შორის არის გერმანიის კერძო საინფორმაციო ტელეკომპანია "NTV"-ის კორესპონდენტი ანტონია რადოსი, რომელსაც 23 იანვრის შემდეგ ბაღდადიდან ფეხი არ მოუცვლია. იტალიაში კი მთავარ საინფორმაციო ტელეპროგრამებში იხილავთ ერაყიდან მაუწყებელ რეპორტიორ ქალებს: ერთ-ერთი, ჯოვანა ბოტერი ე.წ. "ინტეგრირებულ ჟურნალისტებს" მიეკუთვნება, ანუ იმყოფება ანტიერაყული კოალიციის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში და თვალს ადევნებს ჯარისკაცების ყოველდღიურ საქმიანობას, თუ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას.

სკანდინავიელ ჟურნალისტებს შორის ვარსკვლავად ასევე ქალია აღიარებული: ნორვეგიელი ოსნე საიერსტადს შვეციის, დანიისა და ნორვეგიის ტელეარხებზე იხილავთ, მისი სტატიები კი სამივე ქვეყნის წამყვან გაზეთებში იბეჭდება. კრიზულ რეგიონში კორესპონდენტი ქალები ჰყავთ გაგზავნილი კიდევ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ესპანეთის საინფორმაციო საშუალებებს. განსაკუთრებით საყურადღებო კი, შესაძლოა, ის გარემოება იყოს, რომ ქალებს საკვანძო მნიშვნელობის როლს ანდობენ ზოგიერთი მუსლიმანური ქვეყნის ტელეკომპანიებში: არაბულენოვან სამყაროში წამყვან "ალ ჯაზირასა" და "ალ-არაბიჯაში" ომის შესახებ გადაცემებს უმეტესწილად ქალები უძღვებიან. ორივე ტელეკომპანიის, ისევე როგორც თურქეთის "NTV"-ის მიერ ერაყში მივლინებულ რეპორტიორებში ერთი ქალი მაინც ურევია.

რაც შეეხება ჩვენს რადიოს, მსმენელს, ალბათ, ახსოვს, რომ რეგიონში გვყავს სამი კორესპონდენტი, მათ შორის ზამირა ეშანოვა, რომელმაც თითქმის ორი კვირა დაჰყო ერაყთან საზღვრის მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. მას პრაღიდან ტელეფონით დავუკავშირდი და თავდაპირველად მივმართე შეკითხვით, ზოგჯერ მაინც უძნელდება თუ არა რეპორტაჟზე მუშაობა იმის გამო, რომ ქალია და არა მამაკაცი. ზამირა ეშანოვას პასუხი მოულოდნელი გამოდგა: [ზამირა ეშანოვას ხმა] "არის მომენტები, როცა ქალისთვის უფრო ადვილია მუშაობა, ვიდრე მამაკაცისთვის. თურქეთში სამხედროები, როგორც ალბათ ყველგან, ცოტა არ იყოს, უხეში ხალხია: თავს არიდებენ ჟურნალისტებთან, თუ, საერთოდ, ხალხთან ურთიერთობას. თუმცა, თურქი სამხედროები შეიძლება, მაინც, ერთგვარ გამონაკლისად ჩაითვალოს: ისინი ძალიან კეთილგანწყობილი არიან, განსაკუთრებით ჟურნალისტი ქალების მიმართ. ასე, რომ, ჩემთვის, შეიძლება ითქვას, უფრო ადვილი იყო მუშაობა, სამხედროებთან კონტაქტის დამყარება: როცა, მაგალითად, საქმე ეხება არა ინტერვიუს აღებას, არამედ ინფორმაციის მოპოვებას სამხედრო წყაროებიდან, ეს, შესაძლოა, ჟურნალისტ მამაკაცს უფრო გასჭირვებოდა. მაგრამ, დავუშვათ სამხედრო მოქმედების დროს (მე ასეთ ვითარებაში არ აღმოვჩენილვარ), შესაძლოა, მამაკაცს უფრო გაუადვილდეს, არ ვიცი. ჩემს სიტუაციაში კი, ვფიქრობ, პირიქით, უფრო ადვილი იყო".

მაგრამ ზამირა ეშანოვამ ის სიტუაციაც გაიხსენა, როცა სამხედროები აშკარად უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ: [ზამირა ეშანოვას ხმა] "არის ხოლმე მომენტები, როცა ქალს სერიოზულად არ ეკიდებიან. მათ აღიზიანებთ, რომ ქალი იმყოფება ასეთ უჩვეულო ადგილას - სამხედროები ღიზიანდებიან, როცა ქალი თვალს ადევნებს ომის მიმდინარეობას, ცდილობს სამხედრო ინფორმაციის მოპოვებას."

ჩემი კოლეგისათვის ასეთი გაღიზიანება ყველაზე მეტად თვალშისაცემი იყო ავღანეთის საზღვარზე დაახლოებით წლინახევრის წინ, როცა ის უზბეკეთიდან ავღანეთის ტერიტორიაზე გადასვლას შეეცადა: [ზამირა ეშანოვას ხმა] "წავაწყდი აშკარა რისხვას უზბეკი და რუსი სამხედროების მხრივ. ისინი ძალიან გაღიზიანებული იყვნენ, იგნორირებას უწევდნენ ჩემს შეკითხვებს. ამიტომ არის, რომ თურქი სამხედროები შედარებით კეთილგანწყობილად მიმაჩნია. სხვათა შორის აქ, თურქეთში ამერიკელ სამხედროებსაც შევხვდი და მათ მხრივაც საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება აღმოვაჩინე - ისინიც ცდილობდნენ ჟურნალისტის იგნორირებას. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს კედელს ველაპარაკებოდი".

მაგრამ, პრობლემების მიუხედავად, ზამირა ეშანოვა არც მომავალში აპირებს კრიზისულ რეგიონებში მუშაობაზე უარის თქმას: [ზამირა ეშანოვას ხმა] "ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავს - არ ვიცი, რა. შესაძლოა, საფრთხე. ასეთი ექსტრემული სიტუაციები ჩემთვის, საერთოდ, ძალიან საინტერესოა: ექსტრემულ სიტუაციაში ადამიანი ნიღაბს იხდის, თავის ნამდვილ სახეს ამჟღავნებს. ამიტომ ერაყში წასვლა მინდოდა, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა და იმედი მაქვს, რომ ამას მალე შევძლებ. ეს მიზიდავს ადამიანური თვალსაზრისით. როგორც ჟურნალისტს კი მიზიდავს ის, რომ დგახარ დიდი მოვლენის ცენტრში და ავრცელებ ინფორმაციას, რომელიც ობიექტურად მიგაჩნია. ეს ძალიან საინტერესო და მიმზიდველი სამუშაოა..."

როგორც გითხარით, "CNN"-ის ვარსკვლავს, ქრისჩიან ამანპურს კონკურენტები გამოუჩნდა: ჩვენს რადიოში ზამირა ეშანოვას უკვე უწოდებენ "უზბეკ ქრისჩიან ამანპურს".
XS
SM
MD
LG