Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ


ორიოდე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში 2002 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ამ მოხსენებაში საქართველოს 24 გვერდი ეთმობა. ჩვენ გადაცემათა სერიაში შევეცდებით გაგაცნოთ ძირითადი ასპექტები, რომლებსაც საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ მოხსენებაში დაეთმო ყურადღება. დღეს მოგითხრობთ მოხსენების იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოში ადამიანის ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტატუსს აღწერს.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტის მდგომარეობა სიღატაკის ზღვარსაც კი ვერ აღწევს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ და დაკავების ადგილებში ადამიანებს აწამებენ; ეს არის ქვეყანა, სადაც კორუფცია ყვავის, სადაც პრესა კი საზოგადოდ თავისუფალია, მაგრამ დროდადრო ჟურნალისტების დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი, აგრეთვე ადგილი აქვს მოქალაქეთა რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას, ქალთა მიმართ ძალადობას და სადაც ამ ყველაფერს ხელისუფლება დიდად არ დაეძებს. გარდა ამისა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ორი შიდა კონფლიქტი მოუგვარებელია და ამის გამო ქვეყანაში 300 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, რასაც 3900 ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ემატება. ეს ყველაფერი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის საქართველოს ნაწილის მხოლოდ შესავალშია აღნიშნული, რასაც დარღვევების ნუსხით დატვირთული კიდევ 22 გვერდი მოსდევს.

ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მოხსენების წარმოდგენისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ერაყის შემთხვევა განაზოგადა და განაცხადა, რომ ის ქვეყნები, სადაც უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.

დღეს, როცა ერაყში ომის მიმდინარეობისას საქართველო შეერთებული შტატების ერთ-ერთ თავგამოდებულ მომხრედ ითვლება და მას ვაშინგტონიც ასეთად თვლის, სახელმწიფო დეპარტამენტის 31 მარტს გამოქვეყნებული მოხსენება მცირე გაუგებრობას იწვევს ამ ურთიერთკეთილგანწყობის ბალანსის ფონზე. როგორც ჩანს, ეს საკითხი თეთრ სახლში მოხსენების პრეზენტაციაზე მყოფი ერთ-ერთი ჟურნალისტის გონებაშიც წამოიჭრა, არა კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ზოგადად და მან სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს ჰკითხა: "- ბატონო სახელმწიფო მდივანო, როგორ უყურებთ იმას, რომ ერაყის ომის მოსურნეთა კოალიციის ქვეყნების სიაში წარმოდგენილი ბევრი ქვეყანა სახელმწიფო დეპარტამენტის ამ მოხსენებაში ძალიან ცუდად არის წარმოჩენილი, განსაკუთრებით უზბეკეთი და ერითრეა? როცა თქვენ აწარმოებთ ომს ერაყის ხალხის განთავისუფლებისთვის, როგორ არის, რომ თქვენს ბევრ მოკავშირე ქვეყანაშიც ძალიან ცუდი ვითარებაა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით?" კოლინ პაუელმა ამ შეკითხვას უპასუხა:

[პაუელის ხმა]
"ჩვენ ვაწარმოებთ ომს ერაყიდან მასობრივი განადგურების იარაღის მოსაშორებლად და ამის პარალელურად ერაყის ხალხის განთავისუფლებისთვის, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც ავიწროვებს საკუთარ ხალხს და არ აპირებს დათმოს მასობრივი განადგურების იარაღი. ჩვენ არ მიგვაჩნია შეცდომად ის, რომ ვითანამშრომლოთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც სურთ ამ ბრძოლაში დახმარება გაგვიწიონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავად აქვთ პრობლემები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ამ პრობლემაზე ჩვენ მათ პირდაპირ მივუთითებთ და ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვისკენ მოვუწოდებთ".

საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა მოხსენებაში ადამიანის სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფის ფაქტების აღნუსხვით იწყება. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 2002 წლის განმავლობაში თვითმკვლელობითა და ავადმყოფობის მიზეზით სიკვდილის 31 შემთხვევა აღინიშნა. სულ დაკავების ადგილებში 34 ადამიანი გარდაიცვალა. "რამდენიმე მათგანის სიკვდილის მიზეზი უშიშროების სამსახურის ზოგიერთი თანამშრომლის მიერ გამოვლენილი ძალადობაც გახდა", - აღნიშნულია დოკუმენტში. მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ არ არის გამოძიებული აფხაზეთის კონფლიქტის რეგიონში მომხდარი მკვლელობები, თუმცა საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააკრიტიკა ქართველი პარტიზანები.

ადამიანის თავისუფლების ხელყოფის მნიშვნელოვან ფაქტებს შორის დასახელებულია გატაცება - როგორც კონფლიქტის რეგიონში პარტიზანთა მიერ თანამებრძოლებზე გადაცვლის მიზნით, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით. აღნიშნულია, რომ არ არის დასრულებული ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცების საქმეზე გამოძიება.

დოკუმენტში მოყვანილია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში კვლავ აწამებენ და შეურაცხყოფენ დაკავებულებს მათგან სასურველი ჩვენების, ან ქრთამის გამოძალვის მიზნით. სახელმწიფო დეპარტამენტს მოჰყავს მოქალაქეთა წამების კონკრეტული შემთხვევებიც: მაგალითისთვის გორში ალექსანდრე ლიჩელის, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში 15 წლის ასატუროვის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გიგა ბიწაძის საქმეები.

მოხსენებაში აღწერილია ის რეფორმები და რეფორმათა მცდელობები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სამართალდამცავ და სასამართლო უწყებებში და რომლებიც სრულიად არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები სათანადოდ იყოს დაცული.
XS
SM
MD
LG