Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ძლიერია ინფორმაციის გავლენა ომში მყოფ სამხედროებზე


თანამედროვე ომი ჯარისკაცისაგან ძალიან ბევრი რთული პროფესიული ელემენტის ცოდნას, მათ შორის, მოწინააღმდეგის მიერ გავრცელებული საინფორმაციო ნაკადისგან თავდაცვის უნარს მოითხოვს.

ამ ამოცანას მეტისმეტად ართულებს საინფორმაციო ტექნოლოგიების არნახული განვითარება, როდესაც ბრძოლის ველზე მომხდარი ნებისმიერი წარუმატებლობა ელვის უსწრაფესად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. საზოგადოებაზე საინფორმაციო ზემოქმედების თვალსაზრისით, ერაყში მიმდინარე საომარი კამპანია, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა. მაგრამ რამდენად ახდენს გავლენას ზეპირი, წერილობითი, აუდიო თუ ვიდეო ინფორმაციები სამხედროების მოტივაციაზე ან, საკუთრივ, ბრძოლის ბედზე? საქართველოში ამ მხრივ საკუთარი გამოცდილება არსებობს.


საქართველოს ხელისუფლებას არაკონტროლირებადი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გულზე არასოდეს ეხატებოდა, მაგრამ აფხაზეთში განცდილი სამხედრო მარცხის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებულად მტრულმა დამოკიდებულებამ იჩინა თავი. გენერლები რეპორტიორებს ხშირად საყვედურობდნენ გამოსაქვეყნებლად აკრძალულ ცნობათა გავრცელებას ღია ეთერში, ქართული სამხედრო ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილის მითითებას, რომელიმე სამხედრო ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის, საბრძოლო ტექნიკის რაოდენობის დასახელებას, მებრძოლების მარადიორებად მოხსენიებას და ასე დაუსრულებლად.

ამ საყვედურს ზოგ შემთხვევაში, მართლაც, ჰქონდა საფუძველი - რედაქციები ბრძოლის ველზე გზავნიდნენ ჟურნალისტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საბრძოლო მოქმედებათა გაშუქების გამოცდილება, ბევრი მათგანი არ დაგიდევდათ უსაფრთხოების მოთხოვნებს, რის გამოც რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა კიდეც. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სოხუმის გაერთიანებულ შტაბში ასეთი სახელმძღვანელო მითითებები მთელი ომის განმავლობაში არ არსებობდა ჟურნალისტებისთვის. რეპორტიორებთან საინფორმაციო მუშაობის პოლიტიკა ისევე არაორგანიზებული იყო, როგორც საბრძოლო ოპერაციების მართვა. საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა ის ფაქტი, რომ ყველა შენაერთს ჰყავდა თავისი ფავორიტი ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისგან დაფინანსებული მედია ორგანიზაციებიდან, რომლებიც ყოველგვარ ინსტრუქციაზე მაღლა იდგნენ თავიანთი მფარველების წყალობით და, შესაბამისად, ყველაზე მეტ შეცდომებსაც ისინი უშვებდნენ.
მაგრამ ასცდებოდა კი საქართველო მარცხს აფხაზეთში, მთელ პრესას ერთხმად რომ ედიდებინა ქართული სამხედრო სიძლიერე? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველ ჟურნალისტებს არ მოუწერიათ ხელი 1993 წლის მაისის შეთანხმებაზე, არ ამოუცლიათ ჩახმახები არტილერიისთვის და არ გაუყვანიათ მძიმე საბრძოლო ტექნიკა ფრონტის წინა ხაზიდან. ანდა ვთქვათ ასე: რამდენად ახდენს საინფორმაციო ნაკადი ზემოქმედებას ბრძოლაში მყოფ სამხედროზე, მის მორალურ თუ ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზე? ამ შეკითხვით მე მივმართე "კომანდოს" ბატალიონის შტაბის უფროსს, კაპიტან ლაშა ბერიძეს.
[ლაშა ბერიძის ხმა] "ახლა რა არის, იცით, ტელევიზორით უყურო და რაიმე წარმოდგენა გქონდეს იქ რაღაცაზე, პროფესიონალური თვალსაზრისით, როგორც ჩვენ გვაინტერესებს, იქ რა ხდება, ტელევიზორით ამას ვერ შეაფასებ. რადგან ტელევიზია და მასმედია იმას ვერ იგებს სწორად, რაც ძირითადი ხდება და იმას ვერ ხედავს."[სტილი დაცულია]

უფრო მეტიც, ბევრმა ქართველმა სამხედრომ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ ერაყში მიმდინარე ოპერაცია ბევრი რამით არის ამოვარდნილი ქრესტომათიული კონტექსტიდან, მათ შორის, საინფორმაციო ომის თვალსაზრისით. თუ ტრადიციული შეხედულებით, მოწინააღმდეგის დასამარცხებლად და ომში გამარჯვების მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულად ითვლებოდა, მათ შორის, მტრისთვის საინფორმაციო საშუალებების სრული დახშობა და გარე სამყაროსგან იზოლირება, ერაყის ოპერაციის დროს სნნ და სხვა დასავლეთის ტელეკომპანიები ისევე ხშირად გადასცემენ ერაყის ინფორმაციის მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების გამოსვლებს, როგორც მოკავშირეთა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობისას. ასეთი უპრეცედენტო "ღია ომი", რა თქმა უნდა, ართულებს სამხედროების ამოცანას, ადამიანებისას, რომლებიც, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გასცენ. მაგრამ სამხედროების ამოცანა კიდევ უფრო გართულდება, თუ ისინი იგნორირებას გაუწევენ ჟურნალისტებს, რომლებსაც ასევე აქვთ პროფესიული ამბიცია, მიიღონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG