Accessibility links

logo-print

საქართველო კავკასიის რეგიონში ამერიკის ძირითადი სატელიტის ფუნქციას იძენს


ერაყში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარების პროცესში საქართველო ამერიკის ძირითადი ფორპოსტის ფუნქციას შეიძენს კავკასიის რეგიონში.

ეს არის მოსაზრება, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად იწონებს და იზიარებს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა. როგორი იქნება საქართველოს უახლოესი მომავალი? აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს თამაზ ნადარეიშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანა რეგიონში ამერიკის ძირითადი პოლიტიკური დასაყრდენი გახდება და ამით მეტოქეობას გაუწევს ნატოს წევრ თურქეთს.

თამაზ ნადარეიშვილის სადავო ვერსია ერთ-ერთია იმ მრავალ ვერსიათა შორის, რომელიც საქართველოს ანტიერაყული კოალიციის წევრობამ განაპირობა. აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ამ ვერსიას მარტივად განმარტავს: მას შემდეგ, რაც თურქეთმა მოკავშირეებს ერაყის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის დახმარებაზე უარი უთხრა, ვაშინგტონი იძულებული ხდება სერიოზულად გადახედოს თავის პრიორიტეტებს რეგიონში. ასეთ პირობებში საქართველოს ეძლევა თეორიული შანსი თურქეთის მონაცვლის როლი შეასრულოს და დროთა განმავლობაში ეს როლი წარმატებულადაც მოირგოს. ამგვარი პერსპექტივა, თამაზ ნადარეიშვილის აზრით, მით უფრო რეალური იქნება, თუ მოკავშირეთა დღის წესრიგში ერაყის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აეროდრომების გამოყენების საჭიროება დადგება.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ნებისმიერი კონფლიქტი ძალიან არასასიამოვნო ფაზაში შედის, როდესაც ჭიანურდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამერიკელები შეეცდებიან დააჩქარონ ამ ოპერაციის წარმატებით დასრულება და ამისათვის ყველა შესაძლებელ ვარიანტს გამოიყენებენ. აი, ამ ვარიანტში არის საქართველო თავისი ინფრასტრუქტურით. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანებში, აი, ასეთი გადაწყვეტილებაც იქნეს მიღებული. "
საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებისა და კოალიციის წევრობის სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარება. დახლოებით ასეთია თამაზ ნადარეიშვილის პრაგმატული გათვლები, რომლის ოპონირება თავისუფლად შეიძლება როგორც აფხაზურ, ისე თურქულ საკითხში. მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელში, თავად ნადარეიშვილისთვისაც ბევრი რამ ბუნდოვანია.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "არა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ნიშნავს თურქეთის გამოდევნას, იმიტომ რომ თურქეთი ნატოში შემავალი ქვეყანაა და, ბუნებრივია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მასთან თავისი ურთიერთობა აქვს, მაგრამ, უბრალოდ, პატარა, პატარა კუთხე აი, ამ დასაყრდენში საქართველომაც დაიკავოს."[სტილი დაცულია]
მოკლედ, თამაზ ნადარეიშვილის მოსაზრებით, ერაყის ომის დასრულებისთანავე საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების დასაყრდენი ხდება თურქეთთან ერთად, რის სანაცვლოდაც იგი მიიღებს ქვეყნის განვითარების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს, არა ომით, არამედ რუსეთზე ზეწოლის გზით.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ჩემთვის ეს არის ასეთ შემთხვევაში მთავარი, რამდენად, ასე ვთქვათ, საქართველოს შემოუბრუნდება, ასე ვთქვათ, კოალიციაში ყოფნა. თუკი საქართველოს ეს დადებითს არაფერს არ აძლევს და ჩვენ ვიყოთ ჩართული ასეთ დიდ პორცესებში, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, და მომავალშიც ჩვენ ამისგან არაფერი არ მივიღოთ, მე ვფიქრობ, რომ მაშინ საერთოდ არ ღირდა ამ მოვლენებში მონაწილეობაც."[სტილი დაცულია]
XS
SM
MD
LG