Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ომი პოლიტოლოგიური ჰიპოთეზების ჭრილში


ამერიკის შეერთებულ შტატებში 1989 წელს გამოქვეყნდა ფრანსის ფუკუიამას მეცნიერული ჰიპოთეზა "ისტორიის დასასრულის" შესახებ; 1993 წელს კი ამავე ქვეყანაში გამოქვეყნდა სამუელ ჰანთინგტონის

მეცნიერული ჰიპოთეზა "ცივილიზაციათა შეხლის" შესახებ. ორი დიდი სწავლულის პოლიტოლოგიური პროგნოზი ერთმანეთს არ ემთხვევა. რომელ მათგანს ამართლებს ბოლოხანს განვითარებული მოვლენები?

2001 წლის 11 სექტემბრის შემზარავი ტერაქტები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ ფაქტით გამოწვეული მოვლენები: ანტიტერორისტული კოალიციის შექმნა, ომი ავღანეთსა და ერაყში, - შესაძლოა, მივიჩნიოთ როგორც ფუკუიამას, ისე ჰანთინგტონის ჰიპოთეზის დადასტურებად. თუმცა ამჟამინდელი შეფასება მხოლოდ შუალედური შეიძლება იყოს. საბოლოო პასუხი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე უახლოეს ათწლეულში.

ფრანსის ფუკუიამას ნაშრომის უმთავრესი იდეა ისაა, რომ კომუნიზმის ნგრევამ ლიბერალური დემოკრატია ერთადერთ სიცოცხლისუნარიან იდეოლოგიად აქცია. ამიტომ ეს იდეოლოგია დროთა განმავლობაში მთელ მსოფლიოზე გარდაუვალად გავრცელდება და დადგება კაცობრიობის განვითარების ბოლო, პოსტისტორიული საფეხური. ფუკუიამა იზიარებს დასავლეთში ფართოდ გავრცელებულ თვალსაზრისს, რომ ლიბერალური დემოკრატიისადმი მტრულად განწყობილი მოვლენა ნაციონალიზმია. ამიტომ ერთის გამარჯვება ბუნებრივად გამოიწვევს მეორის მარცხს: "ლიბერალიზმს თავისუფლად შეუძლია ნაციონალიზმთან თანაარსებობა, როცა ეს უკანასკნელი ტოლერანტული ხდება. ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური თვითშეგნება კერძო ცხოვრებასა და კულტურის სფეროში უნდა განიდევნოს და არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიზაცია. ანუ ის არ უნდა გახდეს იურიდიულად გაფორმებულ კანონთა საფუძველი. ეროვნული რაობა ღია უნდა იყოს იმგვარად, რომ აფრიკელს შეეძლოს, გახდეს ფრანგი, თუკი ილაპარაკებს ფრანგულად და აითვისებს იმ ჩვეულებებსა და ქცევის წესებს, რაც ტრადიციული ფრანგული კულტურის იერს განსაზღვრავს."

თუ ბოლო წელიწადნახევრის გლობალურ პროცესს ფუკუიამას მოსაზრებების ჭრილში გავხედავთ, შეიძლება ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს თავდადებული ბრძოლა სწორედ ლიბერალური დემოკრატიის გავრცელებისა და დამკვიდრებისთვის. ამ კუთხით, თითქოს, ფუკუიამას მეცნიერული ჰიპოთეზა დასტურდება.

როგორ წარმოადგინა გლობალური პროცესი სამუელ ჰანთინგტონმა? მისი თვალსაზრისით, მომავალ მსოფლიოს განსაზღვრავს 7-8 განსხვავებული ცივილიზაცია, რომელთა შორის დაპირისპირება შეენაცვლება იდეოლოგიურ ბრძოლასა და კონფლიქტის სხვა ფორმებს. მომავალი მსოფლიო ომი, თუკი იგი მოხდა, იქნება ომი ცივილიზაციათა შორის. შესაბამისად, დასავლეთის ძალისხმევა, რომ მთელ მსოფლიოში გაავრცელოს დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობები, სხვა ცივილიზაციების მხრიდან შემხვედრ რეაქციას შეეჯახება. საერთაშორისო ურთიერთობებში დასავლეთის ქვეყნების როლი მოიკლებს, ხოლო არადასავლური ცივილიზაციები ამ ურთიერთობათა აქტიურ მოქმედ პირებად იქცევიან: "უახლოესი მომავლის ცენტრალური კონფლიქტი იქნება შეჯახება დასავლეთსა და ისლამური ცივილიზაციის წარმომადგენელ ზოგიერთ ქვეყანას შორის, რომლებიც უკვე ემუქრებიან დასავლეთის ფასეულობებს, ინტერესებსა და ძლევამოსილებას."

ჰანთინგტონის თვალსაზრისით, მომავალ კონფლიქტებს საფუძვლად დაედება არსებითი განსხვავებები, რომლებიც ბუნებრივად არსებობს ცივილიზაციებს შორის: ისტორია, ენა, კულტურა, ტრადიცია და, რაც მთავარია, რელიგია; ისიც, რომ სხვადასხვა ცივილიზაციის ხალხებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ღმერთისა და ადამიანის, პიროვნებისა და ჯგუფის, მოქალაქისა და სახელმწიფოს, მშობლებისა და შვილების, ქმრისა და ცოლის ურთიერთობაზე. ცივილიზაციების მიხედვით, სხვადასხვაგვარად აღიქმება ისეთი ცნებებიც, როგორიცაა უფლება და მოვალეობა, თავისუფლება და ძალაუფლება, თანასწორობა და იერარქია. ჰანთინგტონის თვალსაზრისით, ამ განსხვავებებს გაცილებით ღრმა საფუძველი აქვს, ვიდრე პოლიტიკურ იდეოლოგიებს.

თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს ჰანთინგტონის მოსაზრებების ჭრილში გავხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარეობს სწორედ ცივილიზაციათა შეჯახების პროცესი და ამ კუთხით, თითქოს, ჰანთინგტონის მეცნიერული ჰიპოთეზა დასტურდება.

რა ქმნის წინააღმდეგობას? სქემატურად თუ ჩამოვაყალიბებთ, ფუკუიამას მოსაზრების თანახმად, ლიბერალური დემოკრატია დამკვიდრდება საყოველთაოდ და ეს პროცესი გარდაუვალია. ჰანთინგტონი კი მიიჩნევს, რომ ლიბერალური დემოკრატიის საყოველთაოდ დამკვიდრების მცდელობა იქნება წარუმატებელი, რადგან შეუვალ წინააღმდეგობას წააწყდება სხვადასხვა ცივილიზაციის ხალხების მხრიდან.

რა არის საბოლოო პასუხი? მის მიღებას, სულ მცირე, ერთი ან რამდენიმე ათწლეული დასჭირდება, ათწლეულები ომებისა და საზარელი ტერაქტების გარეშე. საბრძოლო მოქმედებები დღეს თუ ხვალ დასრულდება. მაგრამ დასრულდება თუ არა ოდესმე შეჯახება ცივილიზაციებს შორის? ამ შეკითხვაზე დიდ სწავლულებს განსხვავებული პასუხი აქვთ.
XS
SM
MD
LG