Accessibility links

logo-print

როდის გაიმართება საპარლამენტო არჩევნები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ერაყის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში არსებულ პრობლემათა ნაწილი რამდენადმე ამ ომს დაუკავშირდა. მაგალითად, პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული მოსაზრებით, გამორიცხული არ იყო,

საქართველოდან არცთუ შორს მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ქვეყნის ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა, რაც თავისთავად გამოიწვევდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვადის გადაწევას. რამდენად საფუძვლიანია ასეთი განცხადებები?

საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში პოპულარული მოსაზრებით, ხელისუფლებას არ სურს საპარლამენტო არჩევნების გამართვა, რადგან სრულიად დარწმუნებულია საკუთარ მარცხში. შესაბამისად, ოპოზიციური ძალების აზრით, ხელისუფლება ყველაფერს იღონებს საპარლამენტო არჩევნების ვადის გადასადებად, რათა წარმატების მისაღწევად მეტ-ნაკლებად სასურველი ფონი შექმნას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უახლესი საქართველოს ისტორიაში უკვე არსებობს არჩევნების გადავადების პრეცედენტი, - როგორც გახსოვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ერთი წლის დაგვიანებით გაიმართა, - ასეთი მოსაზრება ნამდვილად არ მოგვეჩვენება უსაფუძვლოდ.
თუმცა, როგორც 2 აპრილს გაირკვა, დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების ვადაში ჩატარებისთვის მზადყოფნას აცხადებს. 2 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, არჩევნები 2 ნოემბერს გაიმართება. უფრო კონკრეტულად: იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა დროში არ გაიწელა, პრეზიდენტი უკვე აპრილის ბოლოს თავისი განკარგულებით საპარლამენტო არჩევნებს 2 ნოემბერს დანიშნავს. მისი განცხადებით, დაუშვებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩამოყალიბების პროცესის გაჭიანურება, რადგან ამ ორგანომ არჩევნების ჩატარებაში ცენტრალური ფუნქცია უნდა შეასრულოს.
შეგახსენებთ, საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ახალი წესით დაკომპლექტებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობით ყველა უკმაყოფილოა, თავისუფლების ინსტიტუტის წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, დიდი შანსია, საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღევანდელმა საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს.
[გიგა ბოკერიას ხმა] " ახლანდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიით ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ ყველას ეშინია ახლის, რომ იქ შეიძლება მეტი პრობლემა ჰქონდეს. ამიტომ, როგორც ჩანს, შეჩვეულ ჭირზე შეთანხმდებიან. ყველანი ისინი შეგუებულები არიან, რომ გადაწყვეტილებების ლობირება პოლიტიკური ან კომერციული გარიგებების საფუძველზე მოხდება, როგორც აქამდე ხდებოდა."
ეს კი იმის გარანტიად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ არჩევნების ჩატარების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის თემაზე საპროტესტო გამოსვლები არჩევნების შედეგის გამოცხადებისთანავე ახალი ძალით იხუვლებს. ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს დემოკრატიულობის იმიჯს ახალ დარტყმას მიაყენებს.
XS
SM
MD
LG