Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენება ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, 31 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვა.

საანგარიშო მოხსენებაში ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, სხვა ქვეყნებთან ერთად, გაკრიტიკებულია აშშ-ის ზოგიერთი მოკავშირეც, ხოლო ყველაზე უხეშ დამრღვევად ამ სფეროში ერაყის დიქტატორული რეჟიმია მიჩნეული.

მოხსენების შემდგენელთა აზრით, გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა შარშან ბალკანეთისა და ევრაზიის რეგიონებში, ხოლო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ისევე, როგორც ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში, კვლავინდებურად ირღვეოდა მოქალაქეთა უფლებები.

წარმოადგინა რა საანგარიშო მოხსენება, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების შემდეგ აშკარა გახდა კავშირი აშშ-ის ეროვნულ უშიშროებასა და მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვას შორის. მაგალითად პაუელმა მოიყვანა ერაყი, სადაც კოალიციის ძალებმა ომი წამოიწყეს სადამ ჰუსეინის ავტორიტარული რეჟიმის დასამხობად; რეჟიმისა, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან არის დაკავშირებული და მასობრივი განადგურების იარაღსაც ფლობს [კოლინ პაუელის ხმა]: "სადამ ჰუსეინის რეჟიმი კლასიკური მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, რომ ამგვარი რეჟიმები, რომლებიც მიუტევებლად არღვევენ საკუთარ მოქალაქეთა უფლებებს, ამით უდიდეს საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას." 040101

სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნულია რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები დევნა-შევიწროებას განიცდიან ერაყში, ხოლო უშიშროების სამსახურის აგენტები სცემენ, აწამებენ და ხოცავენ ოპოზიციონერებს.

მოხსენების თანახმად, შარშან გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული რუსეთში. მაგალითად, მიღებულ იქნა სისხლის სამართლის ახალი კოდექსი და გაიზარდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი. ამასთანავე, გრძელდება ქვეყანაში თვითნებობა და განუკითხაობა უშიშროების უწყებების, პირველ რიგში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან.

უაღრესად უარყოფითად არის შეფასებული საანგარიშო მოხსენებაში ამჟამინდელი ვითარება ჩეჩნეთში, სადაც ფედერალური ჯარი არნახული სისასტიკით უსწორდება მშვიდობიან მოსახლეობას.

მოხსენების შემდგენელთა თქმით, შარშან ადამიანის უფლებები უხეშად ირღვეოდა ბელორუსიაში, სომხეთსა და უკრაინაშიც.

"ბელორუსიაში, მთავრობა კვლავინდებურად არ აძლევს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლებას, ხელახლა აირჩიონ ხელისუფლების ორგანოები. შეზღუდულია სიტყვისა და თავშეყრის თავისუფლება, ჟურნალისტებს ციხეებში ათავსებენ" - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენებაში.

აქვე აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენებაში დიდი ადგილი ეთმობა ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში, რის შესახებაც დაწვრილებით ვისაუბრებთ ჩვენს მომდევნო გადაცემებში.
XS
SM
MD
LG