Accessibility links

logo-print

კოალიციის ჯარების მიახლოებასთან ერთად ბაღდადი თავდაცვს აძლიერებს


ერაყში ომის დაწყებიდან ორი კვირა გავიდა. ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია რამდენი ადამიანი - სამხედრო, თუ სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ორი კვირის საომარ კამპანიას. სხვადასხვა საინფორმაციო

წყაროების მიერ გავრცელებული მსხვერპლის ამსახველი კადრები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ომის საშინელენა წარმოჩინდეს. ამერიკულ-ბრიტანული და ერაყული ოფიციალური ინფორმაცია განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც მსხვერპლის რაოდენობის, ასევე საომარი მოქმედებების მიმდინარეობის აღწერისას. ვეცდებით მათი ცნობები, ჩვენი კოლეგების ინფორმაციასთან შევაჯეროთ და ერაყში ომის შეძლებისდაგვარად სრული სურათი წარმოგიდგინოთ.

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენელმა კაპიტანმა ფრენკ თორპმა დღეს განაცხადა, რომ კოალიციის ჯარები ბაღდადის აეროპორტთან იმყოფებიან და მისი აღებისთვის ემზადებიან. ბაღდადის სადამის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დედაქალაქის ცენტრიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. "რეიტერის" კორესპონდენტი ერაყიდან იტყობინება, რომ შეერთებული შტატების ქვეითთა მესამე დივიზიის მეწინავე ნაწილები ბაღდადის სამხრეთი მისადგომებიდან 15 კილომეტრში იმყოფებიან. დივიზიის მეთაური გენერალი ბიფორ ბლანტი აცხადებს, რომ მისი ჯარისკაცები უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინს აკონტროლებენ და ბაღდადის სამხრეთი მისასვლელი ჩაკეტეს. ბლანტის განცხადებით, ეს ყველაფერი რესპუბლიკური გვარდიის დივიზიებთან შეტაკების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ჩვენი კორესპონდენტი რონ სინოვიცი, რომელიც ჯარის სწორედ ამ ნაწილს ახლავს, იტყობინება, რომ ქვეითთა მესამე დივიზია განაგრძობს წინსვლას ერაყის დედაქალაქისკენ. სინოვიცის თანახმად, წინსვლის სისწრაფეს განაპირობებს ის საბრძოლო წარმატებები, რომელსაც ამერიკის ჯარებმა ბოლო 48 საათის განმავლობაში მიაღწიეს. იგულისხმება ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ნაწილებთან შეტაკების შემდეგ მდინარეებზე ტიგროსსა და ევფრატზე დედაქალაქთან მისასვლელი ორი მთავარი ხიდის დაკავება.

ახლა ქვეითთა მესამე დივიზიისა და ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ნაწილებს შორის დღევანდელი შეტაკებების შესახებ თავად რონ სინოვიცისგან მოვისმენთ:

[სინოვიცის ხმა]
"ბაღდადისკენ გზის გაკვალვისას წარმოებული დღევანდელი შეტაკებები დიდი სისხლისღვრით აღინიშნა. მე ვნახე დაღუპულ ერაყელ ჯარისკაცთა ცხედრები საავტომობილო გზაზე. ამდენი მსხვერპლი ერთად ჟურნალისტად მუშაობის 20 წლის მანძილზე პირველად ვნახე. ვგულისხმობ როგორც ბრძოლების აღწერის გამოცდილებას, ასევე შტატებში პოლიციის რეპორტიორად მუშაობის პერიოდსაც".

ბრიტანეთის ჯარების წარმომადგენელი - კაპიტანი ლოკვუდი აცხადებს, რომ ერაყის სამხრეთის პორტი უმ ყასრი ახლა უსაფრთხოა და შეიძლება მისი გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციისთვის გამოყენება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯეფ ჰუნმა განაცხადა, რომ ბასრის მთავარი მისადგომები აღებულია და ბრიტანელები მაშინ შევლენ ქალაქში, როცა თავად არჩევენ.

ერაყის ოფიციალური წყაროები მოვლენების განვითარების განსხვავებულ ვერსიას წარმოადგენენ. ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ბაღდადის დივიზიის მეთაური უარყოფს მისი განაყოფის გუშინდელ მარცხს. ერაყის ინფორმაციის მინისტრი მუჰამედ ალ-სააფი კი კოალიციის ჯარების ბაღდადისკენ გარღვევის შესახებ ცნობას "სრულ ილუზიას" უწოდებს.

ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული ერაყში ომის მსხვერპლის რაოდენობა. შედარებით სრული ინფორმაციაა კოალიციის დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობის შესახებ. ომის დაწყებიდან ოფიციალური ცნობით, 51 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ჯერ არ მოიცავს წუხელ ქარბალასთან ვერტმფრენის ჩამოგდებისას დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებს. ერაყის მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის დაზუსტება კი თითქმის შეუძლებელია.

შეერთებული შტატები ცდილობს გადაამოწმოს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუშინ კოალიციის თვითმფრინავებმა ბაღდადში მდებარე წითელი ჯვრის სამშობიარო სახლი დაბომბეს.

ერაყული წყაროების ცნობით და ამას საერთაშორისო წითელი ჯვარიც ადასტურებს, სამშაბათს ცენტრალურ ერაყში ქალაქ ჰილას დაბომბვის შედეგად რამდენიმე ათეული სამოქალაქო პირი დაიღუპა და 280 დაიჭრა.

შეერთებულმა შტატებმა ბოდიში მოიხადა ორშაბათს, ქალაქ ნაჯაფთან არსებულ კოალიციის საგუშაგოსთან სროლისას მინი-ავტობუსში მყოფი ქალებისა და ბავშვების დაღუპვის გამო.

დასასრულ ერაყში ბრძოლის მოსურნე მოხალისეების შესახებ: ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა თაა იასინ რამადანმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასაცავად ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად ერაყში სხვა ქვეყნებიდან 6 ათასზე მეტი მოხალისე ჩავიდა. ამ რიცხვის დაზუსტება არ ხერხდება, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დღეებში ერაყის ვიზის მოთხოვნით ერაყის საელჩოებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმართავენ. სირიის მმართველი ბაათის პარტიის ლიბანის ფილიალმა, რომელიც ერაყის მმართველი პარტიის იდეოლოგიას იზიარებს, მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ მისი ოფისები მზად არის მოხალისეთა მისაღებად.
XS
SM
MD
LG