Accessibility links

აღდგენითი სამუშაოები ომისშემდგომ ერაყში ამერიკულ ფირმებს მოუტანს ყველაზე დიდ მოგებას


ანდრო ეული, პრაღა აღდგენითმა სამუშაოებმა ომისშემდგომ ერაყში შესაძლოა მილიონობით დოლარის მოგება მოუტანოს სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებს მთელს მსოფლიოში. თუმცა, სულ უფრო ხმამაღლა

გამოითქმის შეშფოთება, რომ ამერიკულ კომპანიებზე მოვა ლომის წილი სარფიანი კონტრაქტებისა, და განსაკუთრებით, ყველაზე მომგებიან ნავთობმრეწველობის სექტორში.

ომი, ერაყში, არ დამთავრებულა. თუმცა კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთს ეცილებიან უკვე აღდგენითი სამუშაოების შესრულებას ერაყში, რასაც მილიარდობით დოლარი უნდა მოხმარდეს.

ამ კომპანიების უმრავლესობა აღმოსავლეთი ევროპის, აგრეთვე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს ეკუთვნის; ქვეყნებს, რომლებსაც ტრადიციისამებრ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ყოველთვის ერაყთან.

როგორც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომელი ელენ იანტი აღნიშნავს, მრავალმა იმ ორმოცზე მეტ სახელმწიფოთაგან, რომლებიც შეერთებულ შტატებს მიემხრნენ ანტიერაყულ კოალიციაში, მიანიშნა, რომ ისურვებდა მონაწილეობას აღდგენით სამუშაოებში, ომის დამთავრების შემდეგ რომ დაიწყება ერაყში.

სლოვაკეთმა, რომელიც ხსენებული კოალიციის წევრია, ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს გაუგზავნის იმ სლოვაკური კომპანიების სიას, რომლებსაც ერაყის აღდგენით სამუშაოებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

ერაყის ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით პირველადი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყნის ყველაზე მომგებიან ნავთობმრეწველობის სექტორს. ომამდე, ერაყი, ორნახევარ მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა ყოველდღიურად და ნავთობის მარაგით მეორე ადგილზეა მსოფლიოში საუდის არაბეთის შემდეგ.

ერაყის ნავთობით იმთავითვე დაინტერესებული საფრანგეთი და რუსეთი აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გაეროს მეშვეობით უნდა თქვას საბოლოო სიტყვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ერაყის აღდგენასთან დაკავშირებით. პარიზსა და მოსკოვს ის აშინებს, ვაი თუ ვაშინგტონმა არ მოისურვოს მათი მონაწილეობა ერაყის აღდგენით სამუშაოებში, ვინაიდან საფრანგეთმა და რუსეთმა მხარი არ დაუჭირეს ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
რუსეთმა განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად, თუ როგორ დამთავრდება ამჟამინდელი ომი, ძალაში დატოვებს ერაყთან ადრე დადებულ კონტრაქტებს.
XS
SM
MD
LG