Accessibility links

logo-print

კოლინ პაუელის განცხადებით, აშშ-მა და


კოლინ პაუელის განცხადებით, აშშ-მა და ბრიტანეთმა წამყვანი როლი უნდა შეასრულონ ერაყის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.

კოლინ პაუელის განცხადებით, აშშ-მა და ბრიტანეთმა წამყვანი როლი უნდა შეასრულონ ერაყის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.
ამ საკითხს პაუელი შეეხო ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე, რომელიც მიეძღვნა ომის შემდეგ ერაყის რეკონსტრუქციის თემას. პაუელის სიტყვებით, გაეროს გარკვეული როლი უნდა ერგოს, მაგრამ ძალისხმევის სათავეში უნდა ჩადგეს კოალიცია, რომელიც სამხედრო ოპერაციას განახორციელებს. მისი თქმით: [პაუელის ხმა] "კოალიცია იყო ის, ვინც ითავა ეს რთული მისია პოლიტიკური საფასურის, ფინანსური ხარჯებისა და ადამიანის სიცოცხლის საფასურის მიუხედავად. და როცა წარმატებას მოვიპოვებთ და დავადგებით გზას ერაყის ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, სადამ ჰუსეინის მიერ ათწლეულების მანძილზე განადგურებული ქვეყნის აღსადგენად, ვფიქრობ, კოალიციამ წამყვანი როლი უნდა შეასრულოს გზის განსაზღვრის საქმეში". როგორც პაუელმა ბრიუსელიდან ვაშინგტონში გამგზავრებამდე აღნიშნა, ნატოს წარმომადგენლებმა მხედველობაში მიიღეს ომის შემდგომ ერაყში ნატოს მიერ გარკვეული როლის შესრულების შესაძლებლობა. ბრიუსელის შეხვედრამდე კოლინ პაუელმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს, ე.წ. "ვილნიუსის ათეულს" აღუთქვა, რომ მათ მიერ ერაყში ომის მხარდაჭერას ამერიკა არასოდეს დაივიწყებს. რაც შეეხება ისევ ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ პაპანდრეუმ, რომლის ქვეყანა ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, მოითხოვა გაეროს რეზოლუციის მიღება ერაყში ომის შემდეგ რეკონსტრუქციისაკენ მიმართული ძალისმხევის განსაზღვრის მიზნით. [პაპანდრეუს ხმა] "გაეროს რეზოლუცია იქნება კონფლიქტის შემდგომ რეკონსტრუქციაში ევროკავშირის სრული მასშტაბით მონაწილეობის წინაპირობა". პაპანდრეუმ ბრუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა ასევე, რომ საკვანძო მნიშვნელობა აქვს ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის მოგვარებას რეგიონში მორიგი კონლიფქტების აღსაკვეთად. ხოლო ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით გაერო, მზად უნდა იყოს ერაყში ასამოქმედებლად, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.
XS
SM
MD
LG