Accessibility links

logo-print

შალვა ნათელაშვილი და მსოფლიო უსაფრთხოება


დავით პაიჭაძე, თბილისი ერაყის ომმა, ჩანს, ბევრ ანალიტიკოსსა თუ მოქმედ პოლიტიკოსს უბიძგა ახლო აღმოსავლეთსა და, საერთოდ, მსოფლიოში როგორც დღევანდელი, ისე სამომავლო ვითარების გააზრებისაკენ.

ხუთშაბათამდე, 3 აპრილამდე, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი არ იყო შემჩნეული ერაყის ომის შედეგთა გათვალისწინებით მსოფლიოს ბედზე ზრუნვაში და, აი, 3 აპრილს ნავსი გატეხა ქართველ ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა: მან საზოგადოებას წარუდგინა თვალსაზრისი მსოფლიო უსაფრთხოების ახალი მოდელის შესახებ.

მსოფლიო უსაფრთხოების ახალ მოდელზე ფიქრმა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მიიყვანა დასკვნამდე, რომ გაეროს ფუნქციები უნდა გაფართოვდეს. ფიქრის შედეგი ნათელაშვილმა ოთხ თეზისად ჩამოაყალიბა. უპირველესად, გაეროს წესდებაში უნდა აისახოს სახელმწიფოთა იმპერატიული ვალდებულება, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ პოლიტიკოსს არ ექნება უფლება, ზედიზედ ორზე მეტად დაიკავოს უმაღლესი პოსტი ხელისუფლებაში, ანუ ათ წელზე მეტხანს იყოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. ამ მოთხოვნის დარღვევას უნდა მოჰყვეს დამნაშავე მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა და გლობალური ეკონომიკური სანქციები გაეროს ყველა წევრი ქვეყნისაგან.

ნათელაშვილის მეორე პოსტულატია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდა. არსებულ ხუთ წევრს ვეტოს უფლების მქონე წევრებად, ქართველ ლეიბორისტთა ლიდერის აზრით, უნდა დაემატონ [ნათელაშვილის ხმა]: "გერმანია, ევროპის ბურჯი, აზიაში ყველაზე დიდი დემოკრატიული სისტემა - ინდოეთი, მილიარდიანი მოსახლეობით, 200-მილიონიანი ინდონეზია - ყველაზე დიდი მუსულმანური სახელმწიფო, კანადა, იაპონია, ლათინური ამერიკის ზესახელმწიფო - ასევე 200-მილიონიანი ბრაზილია, აგრეთვე საერთაშორისო ორგნიზაციები: ევროპის კავშირი, არაბული ქვეყნების ლიგა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ორგანიზაცია, აფრიკის ქვეყნების ორგანიზაცია. აი, ამ სუბიექტების წარმოდგენა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით მსოფლიოში უსაფრთხოების სისტემას აიყვანს მაღალ კონდიციამდე და უზრუნველყოფს 21-ე საუკუნეში კაცობრიობის მშვიდობიან მომავალს".

აქ შეგვეძლო დაგვემთავრებინა, მაგრამ შალვა ნათელაშვილს კიდევ ორი თეზა ჰქონდა: გაეროს შეიარაღებული ძალებისა და ერთიანი სარდლობის ამოქმედება და გაეროს საერთაშორისო სასამართლოს რეფორმა, რომლის შედეგადაც სასამართლო აღიჭურვება უფლებით, განიხილოს უშიშროების საბჭოს მიერ ვერმიღებული გადაწყვეტილება. სასამართლოს ვერდიქტი საბოლოო და სავალდებულო იქნება.

ლეიბორისტთა ლიდერი ამბობს, რომ ამ ინიციატივას მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მეთაურსა და საერთაშორისო ორგანიზაციას გააცნობს.

პრინციპულად, შალვა ნათელაშვილი მართალია: გაეროს შემდგომი ფუნქციონირება აქამდე არსებული უფლებამოსილებებით პოლიტიკოსთა და პოლიტიკის ექსპერტთა საგრძნობ ნაწილს თითქმის შეუძებლად ეჩვენება. საკითხავი ისღაა, რად მოეჩვენებათ მათ ქართველი ლეიბორისტის ინიციატივა.
XS
SM
MD
LG