Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი პოლიტიკოსების გულუბრყვილობა ერაყის ომის ფონზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ერაყის ომის პირველივე დღეებში ქართველმა პოლიტიკოსებმა თუ ექსპერტებმა არაერთი ოპტიმისტური განცხადება გააკეთეს ამ, მართლაც, მნიშვნელოვანი მოვლენის საქართველოზე შესაძლო გავლენის შესახებ.

პროგნოზთა დიდი ნაწილი რეგიონში საქართველოს როლის გაძლიერებას ეხებოდა, რის საფუძვლადაც ერაყის ომის დღეებში თურქეთის ფრთხილი პოლიტიკა იქცა. რამდენად საფუძვლიანია ასეთი განცხადებები?

ქართველების განსაკუთრებულ მოლოდინს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მნიშვნელოვან დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს ყველაზე მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში, ნიადაგი შეუქმნა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელმაც ერაყის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტ ბუშის ერთი წერილის ფრაგმენტის ციტირება მოახდინა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "თავდებოდა ეს წერილი შემდეგი სიტყვებით: ცოტა ხანი მოიცადეთ, ცოტა ხანი დაგვიჯერეთ და ჩვენ ყველანი მოვიცლით აფხაზეთისათვის."
რას გულისხმობდა პრეზიდენტი ბუში აფხაზეთის კონფლიქტისთვის მოცლაზე საუბრისას, დანამდვილებით ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, მაინც პოლიტიკური ბერკეტების ამუშავება თუ იგულისხმებოდა, რადგან საეჭვოა, აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ამერიკის შეირაღებული ძალები იქნეს გამოყენებული.
როგორც ჩანს, ეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ კარგად იცის. ამ დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად, აპრილის მეორე ნახევარში პრეზიდენტი შევარდნაძე კიევში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე "უკრაინა და საქართველო ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში: გამოცდილება, მიღწევები, შესაძლებლობები." რუსული პრესის აზრით, ეს კონფერენცია მხოლოდ საბაბია. რეალურად, კიევში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები განიხილავენ საკითხს, რომელიც აქამდეც არაერთხელ განხილულა. ვგულისხმობ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ნაწილების უკრაინელი სამხედროებით ჩანაცვლების საკითხს.
როგორც გახსოვთ, უკრაინა დიდი ხანია თნხმობას აცხადებს, შეასრულოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისია, ოღონდ გაეროს მიერ უფლებამოსილების მინიჭების პირობით. აქამდე გაერო ასეთი უფლებამოსილების უკრაინისთვის გადაცემას არ ჩქარობდა. ახლა, როცა ვითარება საერთაშორისო არენაზე ელვის სისწრაფით იცვლება, გამორიცხული არ არის, ამჯერად მაინც გაერომ უფრო მობილურად იმოქმედოს და თუნდაც აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით რეალური გადაწყვეტილებები მიიღოს.
სხვათა შორის, პრეზიდენტ შევარდნაძეს საჯაროდ არაერთხელ განუცხადებია, რომ აფხაზეთის კონფლიქტი მისი პრეზიდენტობის პერიოდში აუცილებლად მოგვარდება. ამ დაპირების შესასრულელად პრეზიდენტ შევარდნაძეს ორი წელი რჩება.
XS
SM
MD
LG