Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი პუტინი ამერიკის გამარჯვების მომხრეთა შორის. რუსეთი ერაყში გავლენის შენარჩუნებას ცდილობს


პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ომში ამერიკის დამარცხებით, - განუცხადა 2 აპრილს ტამბოველ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა პუტინმა.

მისი განცხადება 3 აპრილს ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელებისა და ნატოს წარმომადგენლების შეხვედრაზე ოფიციალურად გაახმოვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა. მისი თქმით, ერაყის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისა და გაეროს სივრცეში დაბრუნების მიზნით, რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან. ბრიუსელში შეხვედრისა და მოლაპარაკების ძირითადი თემა ერაყის ეკონომიკის აღდგენა და ომისშემდგომი ერაყის დროებითი ადმინისტრაციის შექმნაა. ამდენად, ამთავითვე ცხადია, რომ უმაღლესი რანგის რუსი პოლიტიკოსების სამშვიდობო განცხადებები დიპლომატიის სფეროს განეკუთვნება მხოლოდ და შორს მიმავალი გეგმები ასაზრდოებს. მთავარი ამ გეგმაში ერაყის ეკონომიკის მშენებლობაში მონაწილეობა და გავლენის შენარჩუნებაა.

საერთაშორისო ურთიერთობებში მოვლენათა განვითარების ლოგიკა ყოველთვის განაპირობებს პრაგმატულ გადაწყვეტილებათა მიღების აუცილებლობას. ამიტომ რუსეთის პროამერიკული ტრანსფორმაციის პროგნოზს პოლიტოლოგები იმთავითვე აკეთებდნენ როგორც რუსეთში, ისე საქართველოსა და სხვაგან. პრეზიდენტ პუტინამდე ამერიკის პოლიტიკის მხარდაჭერაზე პირველად რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარგილოვი ალაპარაკდა. მან კოლეგებს მიუთითა, რომ რუსეთი ამერიკის პარტნიორია ანტიტერორისტულ კოალიციაში და, შესაბამისად, ეს პარტნიორობა რუსეთს ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციების აგრესიად შეფასების უფლებას არ აძლევდა. გარდა ამისა, უკვე შეიცვალა პოლიტიკური რეალობა: ჰუსეინის რეჟიმი, რომელსაც პუტინის რუსეთი მფარველობდა, სულს ღაფავს.რუსეთი დადგა აუცილებლობის წინაშე, გადადგას, მართალია, პრაგმატული, მაგრამ მაინც იძულებითი ნაბიჯი. ამასვე ადასტურებს საქართველოს დესპანი რუსეთში თემურ გამცემლიძე.
[თემურ გამცემლიძის ხმა]"შესაძლოა, რომ ამ ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის აბსოლუტურად სხვა რელიეფი მივიღოთ. და, რა თქმა უნდა, რუსეთი დაინტერესებულია, რომ არ დარჩეს, აი, ამ მოვლენათა და ამ ძალთა და სახელმწიფოთა გადანაწილების პროცესის გარეთ. უშუალოდ ერაყს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს ერაყთან მიმართებაში, კონკრეტულად, და, ზოგადად, ამ რეგიონთან და, თავისთავად, ეცდება თავისთვის მაქსიმალური სარგებელი მიიღოს აქედან. ალბათ, ეს არის ძირითადი, თუ შეიძლება ითქვას, დრამატურგია რუსეთის მოქმედებებისა."[სტილი დაცულია]
ომის შემდგომი ერაყის ეკონომიკაში ინტეგრაცია ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რუსეთის ძირითად ინტერესს წარმოადგენს, რასაც, სხვათა შორის, პრეზიდენტმა პუტინმაც გაუსვა ხაზი, როცა აღნიშნა, რომ ერაყში ამერიკის წარუმატებლობის მომხრე არ არის, სწორედ ეკონომიკური და პოლიტიკური მოსაზრებით. რუსი ექსპერტების არაზუსტი გათვლებით, რუსეთის ეკონომიკას, ჰუსეინის დამხობის გამო, ათობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგება.
XS
SM
MD
LG