Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გამოუტანეს ამბოხებულ გვარდიელებს 3 თვიანი პატიმრობის განაჩენი


ვეტერან გვარდიელთა 23-24 მარტს მომხდარი ამბოხების მიზეზების გარკვევამდე უამრავი ვერსია გამოითქვა. მათ შორის, დიდ პოლიტიკასთან მის შესაძლო კავშირზეც ფიქრობენ.

კერძოდ, ვარაუდობენ, რომ 15-მდე გვარდიელის შეიარაღებული პროტესტი საქართველოს ანტიერაყულ კოალიციაში ჩართვაზე რეაქცია უნდა იყოს, გარე ძალების მიერ ორგანიზებული. თუმცა ამბოხებულ გვარდიელებს სასამართლომ სულ სხვა მიზეზის გამო მიუსაჯა 3 თვიანი პატიმრობა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 23-24 მარტს ყოფილ გვარდიელთა 50 კაციანი ჯგუფი მეთერთმეტე ბრიგადის ისნის რაიონში მდებარე ნაწილში შეიჭრა, მძევლად აიყვანა დაცვის თანამშრომლები, შენობა გაამაგრა და პრეზიდენტის იქ მისვლა მოითხოვა. ამბოხებულთაგან დაკავებულ 14 ვეტერან გვარდიელს, მეთერთმეტე ბრიგადის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკისა და სხვა შეიარაღების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის გამო, სასამართლომ ბრალი დასდო შემდეგ დანაშაულებათა გამო:

[მოსამართლე პაატა ქობულაძის ხმა] „ბრალი დაედოთ მასში, რომ ჯგუფურად ჩაიდინეს სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდება და ბლოკირება, რამაც შეაფერხა ამ დაწესებულების ნორმალური მუშაობა. ამასთან, ძალადობის გამოყენების მუქარით, მარლთსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლ იარაღს..."[სტილი დაცულია]

2 აპრილს გამართულ სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარე 6 საათის მანძილზე ცდილობდა აღნიშნულ ბრალდებათა დამტკიცებას, თუმცა ეს ვერანაირად ვერ მოახერხა. ნივთმტკიცებისათვის არ ყოფილა წარმოდგენილი ის იარაღი, რომელზეც მოსამართლე საუბრობდა, ანუ იარაღით არავინ დაუჭერიათ. საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილ ტანკებშიც არავინ უნახავთ და მეთერთმეტე ბრიგადის ისნის ნაწილის ტერიტორიაც კარგახანია უფუნქციოდაა დარჩენილი.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყოფილი გვარდიელები ამ ნაწილში დიდი ხანია ცხოვრობენ, ცხადია, რომ შეიარაღებული ამბოხის ფაქტი საეჭვო ხდება. სოციალური პრობლემების გამო უკმაყოფილებას კი ყოფილი გვარდიელები ახლაც არ მალავენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ პრობლემაზე შევარდნაძესთან და ჯორბენაძესთანაც ჰქონდათ შეხვედრა. 3 აპრილს რკინის გისოსებში მოქცეულმა გვარდიის ვეტერანთა ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მარტიაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ჟურნალისტების შეკითხვებს ასეთი პასუხები გასცეს:

[მარტიაშვილის და სხვა დაკავებულთა ხმა]
„შევარდნაძესთანაც გვქონდა 25 მარტს, ჯორბენაძესთანაც, ავთო იოსელიანს 3 ჯერ შევხვდით...
-
პროვოკაციაზე როგორ წამოგაგეს?
-
მაგაზე ადვილი რა არის მაგათთვის, როცა ეგენი აცხადებენ, რომ წინასწარ დაგეგმილი იყო ყველაფერი, ვაცადეთ ამ ხალხს, რომ დანაშაული ჩაედინათ და მერე დაგვეჭირა, ამაზე ადვილი რა არის..."[სტილი დაცულია]

გვარდიელთა დაცვა ერთი ნაწილის გათავისუფლებას, მეორე ნაწილისთვის კი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვდა, თუმცა საოლქო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ქობულაძემ ამბოხებული გვარდიელები 3 თვიან წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ ვეტერანებმა მძიმე სოციალური პირობების გამო დანაშაული, შესაძლებელია, კვლავაც ჩაიდინონ.
XS
SM
MD
LG