Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 481-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
ახლა გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". მის 481-ე გამოშვებაში ვეცდებით გავარკვიოთ, რატომ დაინტერესდა ამერიკა საქართველოში ორმაგი დანიშნულების მქონე სამხედრო პროდუქციის ექსპორტით?; ვისაუბრებთ ერაყის ომზე პოლიტოლოგიური ჰიპოთეზების ჭრილში; გავიხსენებთ ადამიანს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მეოცე საუკუნის არაბული ახლო აღმოსავლეთის ისტორია; შემოგთავაზებთ მასალებს ორ ფრანგ ვარსკვლავზე კინომსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოზე და კომპოზიტორსა და მომღერალ სერჟ გინზბურგზე; რადიოჟურნალის ბოლოს კი მოგასმენინებთ საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს. "მეათე სტუდიას" პრაღაში უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

რატომ დაინტერესდა ამერიკა ორმაგი დანიშნულების მქონე სამხედრო პროდუქციის ექსპორტით საქართველოში?

დავით კაკაბაძე:
ანტიერაყული კოალიციის მომხრე საქართველოს ხელისუფლებას, მოკავშირეებისადმი ერთგულების დამტკიცება კიდევ ერთი საკანონმდებლო გადაწყვეტილებით მოუხდება - საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ორმაგი დანიშნულების სამხედრო პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტ-იმპორტის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანა სთხოვა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ საკითხით ამერიკის მთავრობის დაინტერესება ერაყში მიმდინარე ომით იყოს გამოწვეული. თუ საქართველოს სუსტად განვითარებულ უსაფრთხოების სისტემას გავითვალისწინებთ, იოლად დავასკვნით, რომ რეალურია საშიშროება, საქართველოს გავლით მეზობელ სახელმწიფოებში მოხვდეს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, მათ შორის ფეთქებადსაშიში და რადიოაქტიური ნივთიერებები. მოუსმინეთ კობა ლიკლიკაძეს.

კობა ლიკლიკაძე:
გასული წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური ბრძენებუელბით ორმაგის დანიშნულების პროდუქციაზე ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის წესის შემუშავება მოითხოვა. მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ "ბალანსირების ტარდიციას" არც ამჯერად უღალატა პრობლემის გადაწყვეტა ერთბაშად ორ უწყებას დაავალა: იარაღისა და საბრძოლო მასალების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი უნდა მოემზადებინა იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექპორტო კონტროლისაში - ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტროს. ორივე უწყებამ შეთანხმებულად იმუშავა და, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, შესაბამისი ცვლილებებათა პაკეტი უკვე პარლამენტში შევიდა განსახილველად.

თუმცა, ქართველ კანონმდებლებზე ადრე ამგვარი პროდუქციის ექპორტისა და იმპორტის ლიცენზირების წესით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაინტერესდა.

"კავკას-პრესისის" სააგენტოს ინფორმაციით, 1 აპრილის საელჩოს მრჩეველი კეიტ პოლიაჩიკმა სპეციალური აუდიენცია სთხოვა ეკონომიკის მინისტრ გიორგი გაჩეჩილაძეს და, კანონპროექტის დეტალურად შესწავლის შემდეგფ, დაჰპირდა მას, რომ ორმაგი დანიშნულების მქონე პროდუქციის, - მათ ჩამონათავალში კი შედის - პიროტექნიკური საშუალებები, ბირთვული რეაქტორები, რადიოლოკაციური აპარატურა, იზოტოპების დამშლელი მოწყობილობები, სითბოსგამომყოფი ელემენტები - ექსპორტზე კონტროლის განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას განმარტებით, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ მოქმედ კანონში ამგვარი ცვლილებების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ეკონომიური საქმიანობის ლიცენზირების შესახებ ახალი ჩარჩო-კანონი მიიღო. აღნიშნული კანონი ძალაში 1 იანვარს უნდა შესულიყო, მაგრამ იმ პირობით, თუკი ცვლილებები ყველა შესაბამის სპეციალურ კანონში მოხდებოდა. მაგრამ ბევრი უწყება დადგენილ ვადებში ვერ ჩაეტია, რის გამოც კანონპროექტზე შესამუშავებლად ახალი, ორთვიანი ვადა განისაზღვრა, რომელიც 1 აპრილს ამიწურა.

რაც შეეხება, კანონპროექტით ამერიკის მხარის დაინტერესებას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ ეს ფაქტი, ჩვენთან საუბარში, ასე ახსნა:

[ზურაბ ეზუგბაიას ხმა] "მე რამდენადაც ვიციეკონომიკის სამინისტრო სარგებლობს იმ ნორმატიული, პრაქტიკული და მეთოდური მასალებით, რაც ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით არის გაკეთებული პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის. მაშთ შორის ორმაგი დანიშნულები პროდუქციის შეჯერებული ჩამონათავალები. მიდგომა ეკონომიკის სამინისტროსი საკამოდ ლიბერალურია - ნაწილი ამ ნუსხისა იქნება სრულიად თავისუფალი, ნაწილი ნუსხისა, რომელიც შეთანხმებული იქნება ისეთ სტანდარტებთან, რაც დადგენილია ევროპასა და აშშ -ში, დაექვემდებარება საექსპორტო კონტროლს."

მაგრამ, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამერიკის დაინტერესება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ექსპორტ-იმპორტის რეჟიმით, მხოლოდ მეთოდოლოგიური დახმარების სურვილით არ აიხსნება და იგი ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც უშუალოდ უკავშირდება. იმავე"კავკას-პრესის" სააგენტოს ცნობით, არსებობს ვარაუდი, თითქოს ის თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, რომელიც "თეთრი სახლის" მტკიცებით სადამ ჰუსეინს რუსეთისგან უნდა მიეღო, ერაყში სატრანზიტო გზით, სწორედ, საქართველო-სომხეთ-ირანის გავლით მომხვდა.

ამ ინფორმაციას დამაჯერებლად არ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი. თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მოძრაობით ამერიკის დაინტერესებას, ისიც "გლობალურ პროცესებს" უკავშირებს.

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "...როცა სხვადასხვა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფები გააქტიურებულები არიან და ისინი შეიძლება ცდილობდნენ იარაღის გადატანას, მომწამვლელი ნივთიერებების გადატანას, შეიძლება ცდილობდნენ ორმაგი დანიშნულების ასეთი პროდუქციიის გადატანას და სხვა."

აღსანიშნავია, რომ ამგვარი საშიში პროდუქციის უკანონოდ გატანის შესახებ, საკუთრივ საქართველოში ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მხოლოდ შარშან, ისიც დასავლეთის პრესაში გაჟონა ინფორმაციამ პანკისის ხეობაში წარმოებული "რიცინის" შესახებ, რომლითაც ტერორისტები "ბინძური ბომბების" დამზადებას ცდილობდნენ. 17 თებერვალს კი ვაზიანის სამხედრო ნაწილიდან რადიოაქტიური ნივთირება ცეზიუმ 137-ით დატვირთული სამი კონტეინერი დაიკარგა, რომლის კვალს საქართველოს სამართალდამცველები დღემდე უშედეგოდ დაეძებენ. თუმცა, არსებობს ვარაუდიც, რომ ცეზიუმიანმა კონტეინერებმა, რომელიც ზემოხსენებული კანონპროექტის მიხედვით, სითბოსგამომყოფ ნივთიერებათა სახეობას განეკუთვნება, უკვე დატოვეს საქართველოს საზღვრები ახალი თავგადასავლების საძებნელად.

კობა ლიკლიკაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ერაყის ომი პოლიტოლოგიური ჰიპოთეზების ჭრილში

დავით კაკაბაძე:
ამერიკის შეერთებულ შტატებში 1989 წელს გამოქვეყნდა ფრანსის ფუკუიამას მეცნიერული ჰიპოთეზა "ისტორიის დასასრულის" შესახებ; 1993 წელს კი იქვე დაიბეჭდა სამუელ ჰანტინგტონის მეცნიერული ჰიპოთეზა "ცივილიზაციათა შეხლის" შესახებ. ორი დიდი სწავლულის პოლიტოლოგიური პროგნოზი ერთმანეთს არ ემთხვევა. რომელ მათგანს ამართლებს ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები? ია ანთაძე ერაყის ომზე პოლიტოლოგიურ ჰიპოთეზათა ჭრილში გესაუბრებათ.

ია ანთაძე:
2001 წლის 11 სექტემბრის შემზარავი ტერაქტები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ ფაქტით გამოწვეული მოვლენები: ანტიტერორისტული კოალიციის შექმნა, ომი ავღანეთსა და ერაყში, - შესაძლოა, მივიჩნიოთ როგორც ფუკუამას, ისე ჰანთინგტონის ჰიპოთეზის დადასტურებად. თუმცა, ამჟამინდელი შეფასება მხოლოდ შუალედური შეიძლება იყოს. საბოლოო პასუხი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე უახლოეს ათწლეულში.

ფრანსის ფუკუიამას ნაშრომის უმთავრესი იდეა ისაა, რომ კომუნიზმის ნგრევამ ლიბერალური დემოკრატია ერთადერთ სიცოცხლისუნარიან იდეოლოგიად აქცია. ამიტომ, ეს იდეოლოგია დროთა განმავლობაში მთელ მსოფლიოზე გარდაუვლად გავრცელდება და დადგება კაცობრიობის განვითარების ბოლო, პოსტისტორიული საფეხური. ფუკუიამა იზიარებს დასავლეთში ფართოდ გავრცელებულ თვალსაზრისს, რომ ლიბერალური დემოკრატიისადმი მტრულად განწყობილი მოვლენა ნაციონალიზმია. ამიტომ, ერთის გამარჯვება ბუნებრივად გამოიწვევს მეორის მარცხს. "ლიბერალიზმს თავისუფლად შეუძლია ნაციონალიზმთან თანაარსებობა, როცა ეს უკანასკნელი ტოლერანტული ხდება. ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური თვითშეგნება კერძო ცხოვრებასა და კულტურის სფეროში უნდა განიდევნოს და არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიზაცია. ანუ ის არ უნდა გახდეს იურიდიულად გაფორმებულ კანონთა საფუძველი. ეროვნული რაობა ღია უნდა იყოს იმგვარად, რომ აფრიკელს შეეძლოს, გახდეს ფრანგი, თუკი ილაპარაკებს ფრანგულად და აითვისებს იმ ჩვეულებებსა და ქცევის წესებს, რაც ტრადიციული ფრანგული კულტურის იერს განსაზღვრავს".

თუ ბოლო წელიწადნახევრის გლობალურ პროცესს ფუკუიამას მოსაზრებების ჭრილში გავხედავთ, შეიძლება ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს თავდადებული ბრძოლა სწორედ ლიბერალური დემოკრატიის გავრცელებისა და დამკვიდრებისთვის. ამ კუთხით, თითქოს, ფუკუიამას მეცნიერული ჰიპოთეზა დასტურდება.

როგორ წარმოადგინა გლობალური პროცესი სამუელ ჰანტინგტონმა? მისი თვალსაზრისით, მომავალ მსოფლიოს განსაზღვრავს 7-8 განსხვავებული ცივილიზაცია, რომელთა შორის დაპირისპირება შეენაცვლება იდეოლოგიურ ბრძოლასა და კონფლიქტის სხვა ფორმებს. მომავალი მსოფლიო ომი, თუკი იგი მოხდა, იქნება ომი ცივილიზაციათა შორის. შესაბამისად, დასავლეთის ძალისხმევა, რომ მთელ მსოფლიოში გაავრცელოს დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობები, სხვა ცივილიზაციების მხრიდან შემხვედრ რეაქციას შეეჯახება. საერთაშორისო ურთიერთობებში დასავლეთის ქვეყნების როლი მოიკლებს, ხოლო არადასავლური ცივილიზაციები ამ ურთიერთობათა აქტიურ მოქმედ პირებად იქცევიან. ციტატა 1993 წელს გამოქვეყნებული ნაშრომიდან: "უახლოესი მომავლის ცენტრალური კონფლიქტი იქნება შეჯახება დასავლეთსა და ისლამური ცივილიზაციის წარმომადგენელ ზოგიერთ ქვეყანას შორის, რომლებიც უკვე ემუქრებიან დასავლეთის ფასეულობებს, ინტერესებსა და ძლევამოსილებას".

ჰანტინგტონის თვალსაზრისით, მომავალ კონფლიქტებს საფუძვლად დაედება არსებითი განსხვევებები, რომლებიც ბუნებრივად არსებობს ცივილიზაციებს შორის: ისტორია, ენა, კულტურა, ტრადიცია და, რაც მთავარია, რელიგია; ისიც, რომ სხვადასხვა ცივილიზაციის ხალხებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ღმერთისა და ადამიანის, პიროვნებისა და ჯგუფის, მოქალაქისა და სახელმწიფოს, მშობლებისა და შვილების, ქმრისა და ცოლის ურთიერთობაზე. ცივილიზაციების მიხედვით, სხვადასხვაგვარად აღიქმება ისეთი ცნებებიც, როგორიცაა უფლება და მოვალეობა, თავისუფლება და ძალაუფლება, თანასწორობა და იერარქია. ჰანტინგტონის თვალსაზრისით, ამ განსხვავებებს გაცილებით ღრმა საფუძველი აქვს, ვიდრე პოლიტიკურ იდეოლოგიებს.

თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს ჰანტინგტონის მოსაზრებების ჭრილში გავხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარეობს სწორედ ცივილიზაციათა შეჯახების პროცესი და ამ კუთხით, თითქოს, ჰანთინგტონის მეცნიერული ჰიპოთეზა დასტურდება.

რა ქმნის წინააღმდეგობას? სქემატურად თუ ჩამოვაყალიბებთ, ფუკუამას მოსაზრების თანახმად, ლიბერალური დემოკრატია დამკვიდრდება საყოველთაოდ და ეს პროცესი გარდუვალია. ჰანთინგტონი კი მიიჩნევს, რომ ლიბერალური დემოკრატიის საყოველთაოდ დამკვიდრების მცდელობა იქნება წარუმატებელი, რადგან შეუვალ წინააღმდეგობას წააწყდება სხვადასხვა ცივილიზაციის ხალხების მხრიდან.

რა არის საბოლოო პასუხი? მის მიღებას, სულ მცირე, ერთი ან რამდენიმე ათწლეული დასჭირდება, ათწლეულები ომებისა და საზარელი ტერაქტების გარეშე. საბრძოლო მოქმედებები დღეს თუ ხვალ დასრულდება. მაგრამ დასრულდება თუ არა ოდესმე შეჯახება ცივილიზაციებს შორის? ამ შეკითხვაზე დიდ სწავლულებს განსხვავებული პასუხი აქვთ.

ია ანთაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

ლორენს არაბი - ადამიანი-ლეგენდა

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებაში გავიხსენებთ ადამიანს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მეოცე საუკუნის არაბული ახლო აღმოსავლეთის ისტორია. თომას ედვარდ ლორენსი 30 წლისაც არ იყო, როცა წარჩინებულ არაბებთან ერთად სათავეში ჩაუდგა არაბ ბედუინებს და თითქმის სამი წლის მანძილზე წარმართავდა მათ ბრძოლას ოტომანთა იმპერიისგან ახლო აღმოსავლეთის გასათავისუფლებლად. ისტორიას იგი ლეგენდარული ჯაშუშის, ლორენს არაბის სახელით შემორჩა, თუმცა მას სხვა არაერთი პროფესია და სახელი ჰქონდა. თომას ედვარდ ლორენსის ბიოგრაფიის რამდენიმე შტრიხს დავით პაიჭაძე გააცოცხლებს და თან დაიხმარებს მუსიკას კინოფილმიდან "ლორენს არაბი", რომელშიც მთავარ როლს პიტერ ო'ტული ასრულებს.

დავით პაიჭაძე:
ძალიან მოკლედ თომას ედვარდ ლორენსზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კაცი-ლეგენდა: კლასიკური ფილოლოგიისა და შუა საუკუნეების სპეციალისტი, "ოდისეას" ინგლისურ ენაზე მთარგმნელი პირველი მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა არაბების ამბოხებას თურქების წინააღმდეგ. ამ დროს ლორენსი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკას ახორციელებდა, რომელიც ოტომანთა იმპერიის - მსოფლიო ომში გერმანიის მოკავშირის - გახლეჩასა და დასუსტებას ლამობდა. მანამდე კი, 1911 წლიდან, ანუ 23 წლის ასაკიდან სირიაში არქეოლოგიურ ექსპედიციაში მუშაობდა. სირიაში გამგზავრებამდე ლორენსმა არა მხოლოდ სამეცნიერო წიგნები მოიწუართნა, არამედ რევოლვერის მიზანში სროლაც ისწავლა ორივე ხელით. იქ მუშაობისას აღმოაჩნდა მკვიდრ მოსახლეობასთან ურთიერთობის იშვიათი ნიჭი. შეეძლო რუტინული სამუშაო შეეწყვიტა და ნახევარი დღე სამუშაოდ დაქირავებულ არაბებთან საუბარში გაეტარებინა: ემსჯელა მათ ნათესაურ კავშირურთიერთობებზე, ელაპარაკა ძველი ლეგენდების შესახებ ან, სულაც, ეჭორავა. ერთი კვირის მერე კი ირკვეოდა, რომ ლორენსის მუშები იმდენ საქმეს ასწრებდნენ, რამდენსაც სხვა ინგლისელ არქეოლოგებთან დასაქმებული არაბები 20 დღეს მაინც ანდომებდნენ. "ის, უბრალოდ, ერთი ჩვენგანია. ყველაფერი, რაც ვიცით და შეგვიძლია, იცის და შეუძლია მასაც და, ხანდახან, ჩვენზე უკეთესად" - თქვა ლორენსზე ერთმა არაბმა.

ზოგი წყარო ამბობს, რომ ჯერ კიდევ სირიაში ყოფნისას ლორენსი ბრიტანული დაზვერვისთვის მუშაობდა, მაგრამ, რაც უნდა ყოფილიყო, ექსპედიციის დასრულების შემდეგ მან წარმოადგინა სამეცნიერო ანგარიში და დისერტაციაც დაიცვა. ლორენსი არქეოლოგიურ მეცნიერებაში პიონერად ითვლება ისე, რომ ნოვაციაზე არც უფიქრია - მან პირველმა გამოიყენა ფოტოაპარატი გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების დასაფიქსირებლად - რადგან ეზარებოდა დროისა და ქაღალდის ხარჯვა სიტყვიერი აღწერებისათვის და მეორეც, ფოტოგრაფიით გახლდათ გატაცებული.

არაბთა წარმატებული აჯანყების შემდეგ, რომლის დროს პოლკოვნიკი თომას ედვარდ ლორენსი ადგენდა აჯანყებულთა არმიის საბრძოლო გეგმებს, აფეთქებდა მატარებლებს, თავადვე სჯიდა მოღალატეებს სიკვდილით (რადგან არაბებს სისხლის აღებისა ეშინოდათ), აკონტროლებდა უზარმაზარ ფინანსურ ნაკადებს ამბოხებულთა მხარდასაჭერად - ლორენსს იმედები გაუცრუვდა. რასაც მისი ქვეყნის მთავრობის სახელითა და დავალებით არაბებს ჰპირდებოდა, იმის შესრულება ბრიტანეთმა აღარ მოისურვა: ახლო აღმოსავლეთში ერთი დიდი არაბული სახელმწიფოს ნაცვლად (ასე ხედავდა ლორენსი არაბთა აჯანყების შედეგს), ინგლისმა და საფრანგეთმა რამდენიმე არაბული სახელმწიფოს შექმნას შეუწყვეს ხელი. გაწბილების მიუხედავად, ლორენსმა კიდევ ერთხელ გაუწია სამსახური ბრიტანეთის იმპერიას ამ რეგიონში - 1921 წელს, უინსტონ ჩერჩილის დავალებით.

ამის შემდეგ ლორენსი პოლიტიკას ჩამოსცილდა და აღმოჩნდა, რომ თავის გასატანად რამე უნდა ეღონა: პირადი გამორჩენა მას არაფრისგან ჰქონია. დიდება არ აკლდა, მაგრამ ის მხოლოდ ამძიმებდა: ამიტომაც ჯეიმს ჰიუმ როსის სახელით ბრიტანეთის სამხედრო ავიაციაში ჩაეწერა უბრალო კურსანტად. ვინაობის გამჟღავნებას სკანდალი მოჰყვა და ლორენსი ავიაციიდან დაითხოვეს. მალე, ამჯერად შოუს გვარით, ის სატანკო ნაწილის მოხალისე ხდება, თუმცა დიდხანს ვერც იქ გაძლო. პარალელურად ლორენსი მუშაობს წიგნზე, რომლის გამოცემამ გააკოტრა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ "სიბრძნის შვიდი ბურჯი" ლიტერატურის შედევრად და არა მარტო არაბული კამპანიის, არამედ, საერთოდ, ომის შესახებ დაწერილ წიგნთა შორის ლამის ყველაზე მწარე და მართალ წიგნად არის მიჩნეული, ლორენსმა ის სულ 500 ცალად გამოსცა, რადგან მიაჩნდა, რომ მხოლოდ ახლობლებისთვის წერდა.

ჩვენი თხრობის მიღმა რჩება ლორენსის სულიერი აშლილობა, რომელიც უმძაფრდებოდა საზოგადოების ყურადღების ზრდასთან ერთად. სიცოცხლის მიწურულს კი თითქოს მიაგნო სიმშვიდეს - ლონდონისგან მოშორებით, ისევ საავიაციო ნაწილში მსახურობდა, მუშაობდა წიგნზე და ერთი ჰობი ჰქონდა: მოტოციკლეტით ქროლვა, რომელიც მას ბერნარდ შოუმ აჩუქა; 1935 წლის 13 მაისს, საკუთარ სახლთან ახლოს, მაღალი სიჩქარით შეასკდა ხეს. ვერავინ გაიგო, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ თვითმკვლელობა. ამ დროს ლორენს არაბი 47 წლისა იყო.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა კინოფილმიდან "ლორენს არაბი"]

ჟან-პოლ ბელმონდო 70 წლისაა

დავით კაკაბაძე:
შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ კომპოზიტორ მორის ჟარის მუსიკა კინოფილმიდან "ლორენს არაბი", რაც "მეათე სტუდიის" შემდეგ სიუჟეტზე გადასვლას გაგვიადვილებს. ჩვენი საუბრის შემდეგი თემა კინოხელოვნებაა. ალბათ, ძნელად მოიძებნება მსახიობი, რომელიც სამშობლოსა თუ უცხოეთში არა მარტო პოპულარობით, არამედ ისეთი საყოველთაო კეთილგანწყობით სარგებლობდეს, როგორიც ბედმა ჟან-პოლ ბელმონდოს არგუნა. დიდი კონკურენციის მიუხედავად (ფრანგული კინო ხომ მუდამ განებივრებული იყო საუცხოო მსახიობებით) ბელმონდო, ან, როგორც მას თანამემამულეები უწოდებენ "ბებელი", ათწლეულების მანძილზე რჩებოდა ერთ-ერთ წამყვან ვარსკვლავად, რომლის სახელი დრამებისა თუ კომედიების, მათ შორის მეორეხარისხოვანი ფილმებისთვისაც კი, მაყურებლის ინტერესის გარანტი იყო. ქართველ მაყურებელს უთუოდ ახსოვს მისი კინოსურათები "უკანასკნელი ამოსუნთქვით", "კარტუში", "შესანიშნავი", "ბორსალინო", "ურჩხული", "პროფესიონალი"- ყველას რა ჩამოთვლის - ჟან პოლ ბელმონდო 70-ზე მეტ ფილმშია გადაღებული... მაგრამ ახლა მარიამ ჭიაურელი ზოგიერთ მათგანს მაინც გაგახსენებთ, რადგანაც სულ რამდენიმე დღეში, 9 აპრილს, ფრანგ მსახიობს 70 წელი უსრულდება.

მარიამ ჭიაურელი:
არა, ჟან პოლ ბელმონდო, რასაკვირველია, ახალგაზრდა გვახსოვს - გვახსოვს ღიმილით სახეგაბადრული, თავდაჯერებული, ლაღი და, კრივით საკმაოდ შელახული ცხვირის მიუხედავად, მსახიობებს შორის ბევრ მზეჭაბუკზე უფრო მომხიბვლელი.

პირველი დიდი წარმატება - რომ იტყვიან, გარღვევა - ფრანგი მსახიობის კარიერაში 1959 წელს უკავშირდება, როცა ჟან-ლუკ გოდარის ფილმი, "უკანასკნელი ამოსუნთქვით", შედევრად იქნა აღიარებული. მასში მთავარ გმირს, უფრო სწორად ანტიგმირს (განგსტერს, რომელსაც პოლიცია დაეძებს), 26 წლის ჟან-პოლ ბელმონდო განასახიერებს. ფილმის სიუჟეტი, სიმართლე რომ ითქვას, ბანალური ამბავია (ბელმონდოს პერსონაჟი, მისთვის ძვირფასი ერთადერთი ადამიანის, სატრფოს ღალატის შემდეგ, პოლიციის ხელში ჩავარდნასა და ბედთან შეგუებას სიკვდილს ამჯობინებს), მაგრამ ყველა - კინომაყურებელიც და კრიტიკოსებიც - მოხიბლა სრულიად ახლებურმა, კოლაჟის პრინციპით, უჩვეულოდ მოძრავი კამერით გადაღებულმა ფილმმა, რომლის ეკრანებზე გამოსვლით ახალი კინემატოგრაფიული სტილი - "ნუველ ვაგი", ანუ "ახალი ტალღა" დაიბადა. ჟან-პოლ ბელმონდოს კიდევ არაერთხელ უთამაშია ამ მიმდინარეობის წამყვანი წარმომადგენლების, მათ შორის რეჟისორების: ფრანსუა ტრიუფოს, კლოდ შაბროლის, ალენ რენეს, ანიეს ვარდას ფილმებში.

თუმცა, ბელმონდო, მოგეხსენებათ, მსუბუქ კინოჟანრებშიც მშვენივრად გრძნობდა თავს: მას იღებდნენ სათავგადასავლო ფილმებში, დეტექტივებში, კომედიებში. მსახიობი თითქმის არც ერთ როლზე არ ამბობდა უარს, თუ არ ჩავთვლით ჰოლივუდში მიპატიჟებას. იყო დრო, როცა ერთ წელიწადში მისი მონაწილეობით გადაღებული სამი კინოსურათი გამოდიოდა, მუდამ კასკადიორის გარეშე: ჟან-პოლ ბელმონდო არავის ანებებდა როლის სახიფათო ნაწილის შესრულებას, თავად, ანუ "დუბლიორის" გარეშე უმკლავდებოდა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ყველა ეპიზოდს. ის შვეულმფრენსაც ჩამოჰკიდებია და ხიდიდან გაქანებულ მატარებელზეც დამხტარა, ავტომანქანით თავბრუდამხვევი ტრიუკებიც ჩაუტარებია და 320-მეტრიან ეიფელის კოშკზეც ამძვრალა.

ბუნებრივია, ასეთი მსახიობის ცხოვრებაში ასაკი ბევრ რამეს შეცვლიდა და ასეც მოხდა: თმაშევერცხლილმა ბელმონდომ გეზი ისევ სახასიათო როლებზე აიღო, რათა, მისივე სიტყვებით "ფრანგული კინოს მფრინავი ბაბუის" იარლიყი არ დაემსახურებინა და 1988 წელს კლოდ ლელუშის ფილმით "ლომი" ათლეტური კინოგმირის იმიჯს გამოეთხოვა. მსახიობი თეატრსაც დაუბრუნდა, რომლის სცენაზე ის, საკმაოდ ცნობილი მოქანდაკის, პოლ ბელმონდოს შვილი, კარიერის დასაწყისში ერთხელ უკვე იდგა: ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მას სახელი გაუთქვა კეანის როლმა ჟან-პოლ სარტრის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, აგრეთვე სირანო დე ბერჟერაკმა.

მაგრამ ჩვენ ჟან-პოლ ბელმონდო, რა თქმა უნდა, კინოფილმებიდან გვახსოვს; გვახსოვს "შესანიშნავი", რომლის გმირი, იაფფასიანი ბესტსელერების ავტორი ნამდვილ გმირობაზე, ბოროტებისაგან კეთილი ნების ადამიანების ხსნაზე ოცნებობს და თავისი უკეთესი "ალტერ ეგოს", ბობ სენკლერის თავბრუდამხვევ თავგადასავლებს ბულვარულ რომანებში აღწერს. ძნელად თუ მოიძებნება მსახიობი, რომელიც თვითირონიით ამ როლში ჟან-პოლ ბელმონდოს შეედრებოდეს. იქნებ ამიტომაც სარგებლობს ფრანგი ვარსკვლავი არა მარტო პოპულარობით: საყოველთაო კეთილგანწყობით.

[მუსიკა კინოფილმიდან "შესანიშნავი"]

მორცხვი პროვოკატორი. სერჟ გინზბურგი - 75

დავით კაკაბაძე:
მართალია, ვინმემ შეიძლება ფრანკოფილობა დაგვაბრალოს, მაგრამ ჟან-პოლ ბელმონდოზე საუბრით საფრანგეთის თემა დღევანდელ "მეათე სტუდიაში" არ ამოგვიწურავს. ახლა გვინდა გავიხსენოთ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული შანსონიე სერჟ გინზბურგი. საამისო საბაბი კი მისი 75 წლის იუბილე გახლავთ.

[მუსიკა. Ballade de Johnny-Jane]

"სერჟი ისეთი არ იყო, როგორიც უნდოდა, ყოფილიყო და ამიტომ თვითდამკვიდრებას სკანდალის გზით ცდილობდაო", თქვა ერთხელ გინზბურგზე მისმა მუზამ და პარტნიორმა, ცნობილმა ბრიტანელმა კინომსახიობმა ჯეინ ბირკინმა. მართლაც, ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ესტრადისა თუ კინოს მეორე ვარსკვლავი, რომელსაც გინზბურგის დარად შეძლებოდა პროვოკაციის გზით გამუდმებით მასმედიის ყურადღების ცენტრში ყოფილიყო - მაშინაც კი, როცა შემოქმედებითი დაღმასვლის პერიოდს განიცდიდა.

მომხმარებლური საზოგადოებისადმი პროტესტი სერჟ გინზბურგმა ერთხელ 500-ფრანკიანი ბანკნოტის საჯარო დაწვით გამოხატა; საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი, "მარსელიეზა", მან ანტისაომარ სიმღერად გადააკეთა. მაგრამ სკანდალურობის ხარისხით მაინც ვერც ერთი გამოხდომა ვერ შეედრებოდა იმ საყოველთაო აღშფოთებას, რომელიც მოჰყვა გინზბურგისა და მისი 14 წლის ქალიშვილის ვიდეოკლიპს, რომელშიც ნახევრად შიშველი მამა-შვილი ლოგინში კოტრიალობს. სიმღერას, რომლისთვისაც ეს ვიდეოკლიპი გადაიღეს "ლიმონის ინცესტი" ჰქვია.

[მუსიკა. "Lemon incest"]

მაგრამ არ გეგონოთ, სერჟ გინზბურგი მხოლოდ ამგვარი სკანდალების წყალობით ხვდებოდა გაზეთების ფურცლებზე. თანამედროვე ფრანგული მუსიკის განვითარებაზე მისი გავლენა მართლაც უზომოა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის ბევრია ისეთი, ვინც სრულიად მიუღებლად მიიჩნევდა მისი ცხოვრების სტილს. სერჟ გინზბურგის სიმღერების შემსრულებელთა შორის შეხვდებით ივ მონტანსა და ვანესა პარადის, ჟულიეტ გრეკოსა და დონა სამერს, პეტულა კლარკსა და ბრიჟიტ ბარდოს. ამ უკანასკნელთან ერთად, 1967 წელს, მან ჩაწერა სიმღერა "მიყვარხარ", რომელიც თვით სექს-ბომბად აღიარებულ ბარდოსაც კი იმდენად ზომაგადასულად ეროტიკულად მოეჩვენა, რომ წინ აღუდგა მის გამოქვეყნებას, რის გამოც ამ სიმღერამ მთელი 17 წელი "ფილიპსის" ხმის ჩამწერი კომპანიის თაროებზე გაატარა.

[მუსიკა. "Je t'aime moi non plus"]

სერჟ გინზბურგი 1921 წლის 2 აპრილს პარიზში, ხარკოვიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა. ათი წლისა ხატვამ გაიტაცა და ეს გატაცება სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას უერთგულა. მართალია, 17 წლის ასაკში მონმარტრის აკადემიაში ჩაირიცხა და, როგორც მისი მასწავლებლები ამტკიცებენ, ამ სასწავლებლის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოწაფეც იყო, მაგრამ მერე, როცა აღიარებამ დაიგვიანა, გინზბურგმა ხელი აიღო ხატვაზე და მთელი ყურადღება მუსიკაზე გადაიტანა. ამ გადაწყვეტილებამ გინზბურგს სახელი და ფული კი მოუტანა, მაგრამ თავად ხელოვანს არაერთხელ უნანია, რომ მხატვარი არ გამოვიდა: "ხატვა ჩემი მთავარი გატაცება იყო. მასში ჩემთვის უმაღლესი ხელოვნება აღმოვაჩინე, რომელიც ინტელექტუალურადაც მთლიანად მაკმაყოფილებდა. სიმღერამ და მისი გზით მოპოვებულმა წარმატებამ კი კალაპოტიდან ამომაგდოო", თქვა სერჟ გინზბურგმა 1974 წელს, ერთ ინტერვიუში.

გინზბურგი-მხატვარი მორიდებული, მორცხვი კაცი იყო, გინზბურგი-შანსონიე - პროვოკატორი. მის სახელთან დაკავშირებული სკანდალები განსაკუთრებით გახშირდა 80-იან წლებში, როცა გინზბურგი რამდენიმეჯერ გვარიანად ნასვამი გამოცხადდა სატელევიზიო შოუებში მონაწილეობის მისაღებად. ხმაურმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გინზბურგმა უხამსი ფორმით შესთავაზა სიყვარული შოუს კიდევ ერთ მონაწილეს, ცნობილ ამერიკელ პოპ-ვარსკვლავს უიტნი ჰიუსტონს.

"სკანდალები სერჟს გაზეთების პირველ გვერდებზე მოსახვედრად სჭირდებოდა. ამით ის თავის არსებობას ადასტურებდა და თვითონაც სრულად შეიგრძნობდა ამქვეყნად ყოფნასო" - ასე განმარტავს ჯეინ ბირკინი იმ კაცის ბუნებას, რომლის გვერდითაც მრავალი წელი გაატარა და რომელიც უკვე 12 წელია, ცოცხალთა შორის აღარ არის: სერჟ გინზბურგი 1991 წლის მარტში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

[მუსიკა. Aux armes et caetera]

კალეიდოსკოპი

დავით კაკაბაძე:
რადიოჟურნალის ბოლოს გთავაზობთ საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს, რომელიც თქვენთვის ბიძინა რამიშვილმა მოამზადა.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
უიღბლო მოგზაური
ხუთშაბათს სავალალოდ დასრულდა სილვენ კენელის სამშვიდობო აქცია. 20 წლის ფრანგი ავსტრალიის პოლიციამ დააკავა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. კენელი ამტკიცებს, რომ სამი წლის წინათ დაიწყო დედამიწის გარშემო ფეხით მოგზაურობა, მოინახულა 37 ქვეყანა და დღეში საშუალოდ 50-60 კილომეტრს გადიოდა. ავსტრალიის პოლიცია მას ბრალს სდებს მაწანწალობასა და თაღლითობაში. გარდა იმისა, რომ მას ბრალად ედება გზად შემხვედრი სასტუმროების მოტყუება, პოლიცია ამტკიცებს, რომ თავად აქციაც ფიქცია არის. პოლიციის ინფორმაციით, კენელი კვირას ნახეს ერთ-ერთი პატარა ქალაქის სასტუმროში, მეორე დღეს კი იგი 200 კილომეტრის დაშორებით იხილეს. კენელის აქციის პრინციპია, არ გამოიყენოს არავითარი ტრანსპორტი, გარდა ნავისა.

მადონა
ამერიკელმა პოპვარსკვლავმა მადონამ შეაჩერა თავისი ახალი სიმღერის, "ამერიკული ცხოვრების" ვიდეოკლიპის გამოშვება, მისი სიტყვებით, "ერაყში მებრძოლი ამერიკელი ჯარისკაცებისადმი პატივისცემის გამო". ერაყის სამხედრო კამპანიის წინ გადაღებული ეს კლიპი, რომელიც ომის საწინააღმდეგო განწყობილებას გადმოსცემს, მწვავედ გააკრიტიკეს ამერიკის კონსერვატულმა წრეებმა. საქმეში ჩახედული ხალხი კი ამბობს, რომ მადონას არა იმდენად პატრიოტიზმი, რამდენადაც კომერციული მოსაზრებები ამოძრავებდა, როცა უარი თქვა კლიპის გამოშვებაზე. ამერიკაში ომის მოწინააღმდეგეთა პროდუქცია ცუდად იყიდება. მაგალითად, ცნობილი პოპჯგუფის "დიქსი ჩიკსის" შემოსავალმა ომის დაწყების შემდეგ 40 პროცენტით იკლო. ამერიკის რადიოსადგურები ბოიკოტს უწევენ მათ ახალ ალბომს, რომელიც მათი თქმით, "არაპატრიოტულია".

შატალო
სამი კვირა ციხეში და შემდეგ სამი კვირით შინა პატიმრობა - ასეთი მკაცრი განაჩენი გამოუტანა ინგლისის ქალაქ პიტერბოროს სასამართლომ 46 წლის ქალს, რომელიც თვალს ხუჭავდა თავისი ვაჟის სიზარმაცეზე. 16 წლის თომასი რეგულარულად აცდენდა სკოლას. სკოლის გამცდენს ისიც კი შესთავაზეს, რომ ავტობუსის ბილეთს გადაუხდიდნენ ან ველოსიპედს მისცემდნენ სკოლაში სასიარულოდ, მაგრამ ამაოდ. მას მერე, რაც სკოლის მესვეურებმა დედა-შვილთან მოლაპარაკებებით ვერაფერი გააწყვეს, საქმე სასამართლოს გადაეცა. თომასის ვექილი ამაოდ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მის კლიენტს არ სურდა, გულით ავადმყოფი დედა მარტო დაეტოვებინა შინ. სასამართლომ მას ყური არ ათხოვა.

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდია", და მასთან ერთად, რადიო "თავისუფლების" ეს გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. "მეათე სტუდიას" დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა. Brigade des stups]
XS
SM
MD
LG