Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდგომარეობა ბაღდადის ფრონტზე


ერაყის წინააღმდეგ მებრძოლ მოკავშირეთა ჯარები ბაღდადის ასაღებად ემზადებიან. როგორც ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან, ამერიკის მეწინავე ჯარებმა დაიკავეს ბაღდადის გარეთ მდებარე

სადამის აეროპორტი. აეროპორტის მიდამოებში ბრძოლები გრძელდება. მოკავშირეთა ცნობით, დედაქალაქის ჩრდილოეთით მათი ჯარები აკონტროლებენ სადამის მშობლიური ქალაქის, ტიკრიტისკენ მიმავალ გზას. ქვეყნის სამხრეთში ბრიტანეთის ჯარებმა სამხედრო ბაზა მოაწყვეს ქალაქ ბასრაში.

ერთ-ერთი ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი რონ სინოვიცი ამერიკის მე-3 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადასთან ერთად იმყოფება ერაყში. პარასკევს დილით ამერიკის ჯარების სწორედ ამ ნაწილებმა დაიკავეს ბაღდადის აეროპორტი. რონმა ჩვენი გადაცემის წინ გამოგვიგზავნა სატელეფონო კორესპონდენცია ბაღდადის მისადგომებიდან.

[სინოვიცის ხმა] " დაძაბული დღე იყო, განსაკუთრებით დღევანდელი დილა. გარიჟრაჟზე ძალიან ბევრს ისროდნენ. მრავალი მხრიდან გვესმოდა მცირეკალიბრიანი იარაღის სროლის ხმა... შეერთებული შტატების ჯარებმა გააფართოვეს უსაფრთხოების პერიმეტრები. თავად აეროპორტში მთელი დღე ბრძოლა მიმდინარეობს. მე-3 დივიზიის ნაწილებმა ღამით მიაღწიეს აეროპორტს და ბრძოლით გაიკვლიეს გზა. აეროპორტი მრავალი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაა. ეს ერაყის ყველაზე დიდი აეროპორტია. ამერიკის ჯარები აეროპორტის პერიმეტრის შიგნით შევიდნენ, მაგრამ მრავალი შენობისთვის მოუწიათ ბრძოლის გამართვა."

დაბომბვის გამო ასაფრენი ბილიკები გამოუსადეგარია, მაგრამ აეროპორტის აღებას დიდი სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. თუმცა არ შეიძლება არც მისი სტრატეგიული ღირებულების უგელებელყოფაც. ჩრდილოეთისკენ წაწევის შემდეგ მეწინავე ჯარებსა და მოკავშირეთა კონტროლქვეშ მყოფ აეროპორტს შორის ქვეყნის სამხრეთში მანძილი გაიზარდა, რაც პრობლემებს ქმნის მომარაგებაში.

რაც შეეხება სიმბოლოებს, პარასკევს მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა, ვინსენტ ბრუკსმა გამოაცხადა, რომ სადამის აეროპორტს სახელი გამოეცვალა და მას ამიერიდან ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი ერქმევა.

მაშინ, როცა ბაღდადის აეროპორტი დაიკავეს, მოკავშირეებმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კუთში, სადაც ერაყის რესპუბლიკური გვარდიის 2500 მეომარი ტყვედ ჩაბარდა. მაგრამ, იმავე ბრუკსის თქმით, რესპუბლიკური გვარდია ჯერ კიდევ ძლიერია და მისგან დიდი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი ბაღდადისთვის ბრძოლებში.

ერაყის სამხრეთიდან, ბასრიდან იტყობინებიან, რომ აქ ბრიტანეთის ჯარებმა პირველად მოაწვეს სამხედრო ბაზა. ბასრა ბრიტანელებს ორი კვირის განმავლობაში ჰყავდათ ალყაში.

წუხელ მოკავშირეებს მხოლოდ გამარჯვებები არ უზეიმიათ. ბაღდადიდან ჩრდილო-დასავლეთით თვითმკვლელის მიერ მანქანის აფეთქებას სამი ამერიკელი ჯარისკაცი, ერთი ფეხმძიმე ქალი და თავად მძღოლი ემსხვერპლა.

დაბოლოს, პარასკევს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯეფ ჰუნმა გაამართლა კასეტური ბომბების გამოყენება. მისი თქმით, ეს ბომბები კონკრეტულ ამოცანას ასრულებს და "სავსებით კანონიერია". ადამიანის უფლებების დამცველები გმობენ ამ ტიპის ბომბების გამოყენებას, ვინაიდან ისინი დიდ ფართობს ფარავენ და მათი გამოყენებისას, შესაბამისად, დიდია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.
XS
SM
MD
LG