Accessibility links

logo-print

რას წარმოადგენს და რამდენად მყარია საქართველოს საგარეო პოლიტიკა


საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეობა რუსეთში მზარდ გაღიზიანებას იწვევს. უფრო მეტიც, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობაში რუსი

პოლიტიკოსები სერიოზულ საფრთხეს ხედავენ, საფრთხეს რუსეთის უშიშროებისთვის. თავის მხრივ, საქართველოში საფრთხეს გრძნობენ რუსეთიდან - ქვეყნიდან, რომლის ჭეშმარიტი ინტერესები კავკასიაში ოფიციალურად დღემდე არ გაცხადებულა, თუმცა ამ ინტერესების არსებობა ყველასათვის ცნობილია. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთში მაინც უკვირთ, რატომ ისწრაფვის საქართველო დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ. რატომ არის ასე, რას წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და რატომ უძნელდება ამ ქვეყანას რუსეთთან საერთო ენის გამონახვა.

რას წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და რაში მდგომარეობს ამ ქვეყნის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები? პრეზიდენტის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში შალვა ფიჩხაძეს ამ შეკითხვაზე ასეთი პასუხი აქვს: " მიზნები და ინტერესები მდგომარეობს იმ ფასეულობების დამკვიდრებაში, რომლებმაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ძლიერ, ყველაზე აყვავებულ და ყველაზე დაცულ სახელმწიფოებად აქცია. იმდენად, რამდენადაც ეს ფასეულობები ყველაზე მეტად სწორედ დასავლურ სამყაროშია დაცული და განხორციელებული, ცხადია, ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მაქსიმალური დახმარება დასავლეთის ქვეყნებისგან და მივბაძოთ მათ. ეს არის ორიენტაცია იმ პრინციპებზე, რა პრინციპებითაც გვსურს ავაგოთ ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო და არა ორიენტაცია რომელიმე გეოგრაფიულ მხარესა ან რომელიმე სახელმწიფოზე." ეს ძალიან მოკლე განმარტებაც კი ბოლომდე ნათელს ხდის იმ კურსს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და რომელშიც შეუძლებელია რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მიზნებისა და ამოცანების დანახვა. მაშინ, რატომ აღიქვამენ რუსეთში საფრთხედ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეობას? პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის თქმით:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] "ეს არის კონტრპროპაგანდა. არავითარი ანტირუსული კურსი საქართველოს არა აქვს. ეს არის ყურით მოთრეული არგუმენტი იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოში გაატაროს საკუთარი ინტერესები და ეს ინტერესები, სხვათა შორის, არის იმპერიალისტური."

რუსეთს საკუთარი სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებს და ეს ინტერესები არ არის თანხვედრაში იმ ფასეულობებთან, რომელთაც თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული დასავლური სამყარო აღიარებს. რუსეთი არის დიდი სახელმწიფო, რომლის ოფიციალურად გაცხადებული მიზნები და ამოცანები სხვაა, ჭეშმარიტი მიზნები და ამოცანები კი სხვა. რას ესწრაფვის და საით მიდის ეს ქვეყანა, ბევრისთვის გაუგებარია. ამდენად, გასაგებია ჯერ კიდევ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების კურსი იმ სამყაროსკენ, რომელიც, რუსეთისგან განსხავავებით, საკუთარ მიზნებს არ მალავს. ბევრისთვის და, მათ შორის, შალვა ფიჩხაძისთვისაც გაუგებარია, რას ესწრაფვის რუსეთი, თუნდაც, კავკასიაში.

[შალვა ფიჩხაძის ხმა] "იმიტომ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესები კავკასიაში, დაწერილი ან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ ნათქვამი, არავის გაუგია. უნდა ვიფიქროთ, რომ ან რუსეთს სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესები ჩამოყალიბებული არა აქვს, ან ჩამოყალიბებული აქვს და ეს ისეთი მიზნებია, რომელთა ხმამაღლა თქმა არ შეუძლია. ხან აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ხან ყევლაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ხელყოფილ იქნეს. ასეთი მერყეობის პირობებში, ძალიან ძნელია მასთან ერთ კურსზე სიარული, რადგან არ იცის ეს კურსი საით მიდის." [სტილი დაცულია]

ეს არის და ეს. თუმცა რუსეთში მაინც ვერ გაუგიათ, რა განსხვავებაა რუსეთსა და დასავლურ სამყაროს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
XS
SM
MD
LG