Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმა ახალი ანტიქართული კამპანიის პროვოცირებას იწყებს


რუსეთის დუმა ახალი ანტიქართული კამპანიის პროვოცირებას იწყებს. პროვოკაციის საბაბია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში დადებული შეთანხმება,

რომელიც, დუმის დეპუტატების აზრით, მტრული ნაბიჯია და რუსეთის ეროვნული უშიშროების ინტერესებს ეხება. ქართულ-ამერიკული სამხედრო შეთანხმების პასუხად მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვას დუმა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეუდგება. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმის დადგენილების პროექტს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებს და ამ ეტაპზე ოფიციალურ რეაგირებას მიზანშეწონილად არ თვლის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსეთის სათათბიროს დადგენილების პროექტი აბსურდულია და მასზე ყურადღების გამახვილება არც კი ღირს, რომ არა ერთი გარემოება: რუსეთის დუმის მიმდინარე ინიციატივები ახალ ანტიქართულ კამპანიას მოასწავებს და მასზე წაყრუება მიზანშეუწონელია. ყველაფერი კი იმაზე იქნება დამოკიდებული, მართლაც იქცევა თუ არა პროექტი დადგენილებად და მართლაც შეეცდება თუ არა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებით მანიპულირებას. "მხედველობაში ვიღებთ რა რუსეთის ხელისუფლებისადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მრავალგზის მიმართვებს რუსეთის ფედერაციასთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარების თაობაზე,-ნათქვამია დადგენილების პროექტში, - სახელმწიფო დუმა შესაძლებლად მიიჩნევს, რეგიონში არსებული ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად, მიიღოს აუცილებელი ზომები და გადახედოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი თავის პოზიციას."-
დუმის დადგენილების პროექტის ამ პუნქტს დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის წევრები. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა იმედოვნებს, რომ დუმა დადგენილებას დაამტკიცებს და აფხაზეთის რუსეთის ასოცირებულ წევრად მიღების იდეასაც მწვანე შუქს აუნთებს. საქართველოს მთავრობაში მოვლენების განვითარების ამგვარ სცენარს არ პროგნოზირებენ, მაგრამ რუსეთის აგრესიაზე ადეკვატური რეაგირებისათვის მზადყოფნას აცხადებენ.
[კახა სიხარულიძის ხმა]"ვამახვილებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სიგნალია, რომ სხვა უფრო მეტი გართულებები არ იყოს: სხვა დონეზე არ დაიძაბოს ურთიერთობები, არ ჩაიშალოს მოლაპარაკებები და არ გაჩერდეს კიდევ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით, არ შეჩერდეს მოლაპარაკებები ჩარჩო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თორემ დუმამ რამდენი დადგენილებაც არ უნდა მიიღოს, ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია. დუმას, ნებისმიერ პოლიტიკოსს ყველა პარლამენტში და ყველა ქვეყანაში აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი და ჰქონდეს თავისი ინიციატივა. დღეს ვთვლით, რომ პრევენტიულ ნაბიჯებს ვდგამთ და ვლაპარაკობთ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ავიცილოთ თავიდან."[სტილი დაცულია]
კახა სიხარულიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დასძენს, რომ რუსეთი ამგვარი უპრეცედენტო პოლიტიკური ზეწოლითაც კი ვერ აიძულებს საქართველოს კურსის შეცვლას. ამასვე ადასტურებს მინისტრი მენაღარიშვილიც. მთლიანობაში კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო შეთანხმების საბაბით წამოწყებულ ანტიქართულ კამპანიაში რუსეთის სათათბირო ჩამორჩა როგორც დროს, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების დინამიკას. სხვანაირად ვერ შეაფასებ დადგენილების პროექტის იმ პუნქტებს, სადაც დუმა შიშს გამოთქვამს საქართველოს ნატოში დაჩქარებული შესვლის, რეგიონში ძალთა ბალანსის რღვევისა და საქართველოს ანტიერაყულ კოალიციაში გაერთიანების გამო.
XS
SM
MD
LG