Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2002 წელს საქარველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით


ანგარიშის ბოლო, მესამე, ნაწილის პირველი მონაკვეთი საქართველოში რელიგიის თავისუფლებას შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია საქართველოში იცავს რელიგიის თავისუფლებას და მთავრობაც,

ძირითადად, ამ უფლებას პატივს სცემს, ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოებისა და ექსტრემისტული გაერთიანებების თუ კერძო პირების მხრივ ხშირია მცირე - არატრადიციული თუ არამართლმადიდებელი -გაერთიანებების მიმართ აგრესია, მუქარა, მათი უფლებების შეზღუდვა. საქართველოში კონსტიტუცია მართლმადიდებელი ეკლესიის საგანგებო როლს უსვამს ხაზს, თუმცა ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამოყოფილია. გაფორმდა ეგრეთ წოდებული კონკორდატი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამ ფაქტმა რელიგიურ უმცირესობაში შეშფოთება გამოიწვია. 2002 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მართლმადიდებელი ეკლესიის სქიზმატურმა ნაწილმა, რომელიც ფიქრობს, რომ კონკორდატი რელიგიურ თავისუფლებას არღვევს. სასამართლომ ეს საკითხი არ განიხილა. "იეღოვას მოწმეების" გაერთიანება ხშირად იყო სხვადასხვა თავდასხმისა თუ შეზღუდვის მიზეზი. ეს გაერთიანება არ აუკრძალავთ, მაგრამ იურიდიულად მისი არსებობა იმგვარად იქნა შეფასებული სასამართლოს მიერ, რომ მის მოწინააღმდეგეებს საფუძველი მიეცათ უფრო თამამად იმოქმედონ ამ უმცირესობის მიმართ. საქართველოში პრობლემები აქვთ იქ დაფუძნებულ არაორთოდოქსულ რელიგიურ ჯგუფებს, ძირითადად, კათოლიკეებს, სომეხთა ეკლესიას, პროტესტანტებს და ებრაულ თემს, რომელთაც ადრე ქონება ჩამოართვეს და ახლა უძნელდებათ მისი დაბრუნება. ამ ქვეთავში არაერთხელ არის მოხსენიებული რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმები, რომელთა თავიდან აცილებას პოლიცია ვერ ახერხებს. ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რელიგიური თავისუფლების თვალსაზრისით, უფრო დაწვრილებით შეიძლება გაეცნოთ რელიგიური თავისუფლების წლიურ საგანგებო ანგარიშში.
შემდეგი ქვეთავი სახელმწიფო დეპარტამენტის ამ მიმოხილვისა ეძღვნება გადაადგილების უფლებას. ამ მხრივ, საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეებს, ასევე, აძლევს გარანტიას, თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. საქართველოში, აღნიშნულია ანგარიშში, არ არსებობს ჩაწერის წესი. აქვე წერია, რომ საქართველოდან მეორე მსოფლიო ომის დროს გასახლებული მოქალაქეები, მესხი თურქები, ანუ მათი შთამომავლები, დღემდე ვერ ახერხებენ მიიღონ უკან დაბრუნების უფლება. ანგარიში აღწერს საქართველოს შიგნით იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობას; ლაპარაკია აფხაზეთიდან განდევნილი, ასევე სამხრეთ ოსეთიდან გასახლებული მოქალაქეების მდგომარეობაზე, რომ ისინი ვერ ეღირსნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას. ანგარიში ეხება, აგრეთვე, ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოსულ 4000 ლტოლვილს.

მიმოხილვის მესამე თავი პოლიტიკურ უფლებებს შეეხება. მასში შეუფარავად არის ლაპარაკი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე; ასევე ნათქვამია, რომ სეპარატისტული ჯგუფების მიერ ოსეთსა და აფხაზეთში მოწყობილი არჩევნები ეუთოს მიერ უკანონოდ იქნა შეფასებული.
მეოთხე თავში განხილულია მთავრობის დამოკიდებულება უცხოელი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და აღნიშნულია, რომ მთავრობის შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ ამ ორგანიზაციებს საქმიანობა. სხვათა შორის, მოხსენიებულია თავისუფლების ინსტიტუტზე თავდასხმის ამბავი ივლისში.
საქართველოში, კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია დისკრიმინაცია რასის, სქესის, ფიზიკური ნაკლის, ენის და სოციალური სტატუსის საფუძველზე, - ვკითხულობთ მეხუთე თავში. აქვე დეტალურადაა განხილული თითოეული ამ ჯგუფის მდგომარეობა, უფლება-უუფლებობის თვალსაზრისით, და ჩანს, რომ ანგარიშის ავტორებმა გამოყვეს საქართველოში ქალების უფლებათა სერიოზული დარღვევა, რაც აქ, აშკარად, ოჯახური ტრადიციებით საზრდოობს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიმოხილვის ბოლოს ლაპარაკია მშრომელთა უფლებებზე, პროფესიულ კავშირებში გაერთიანებაზე, ბავშვების იძულებით შრომაზე, შრომის პირობებზე, ასევე - ადამიანების ტრეფიკინგზე. ტრეფიკინგის წინააღმდეგ მოქმედი ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტი ასევე ცნობილია ანგარიშის ავტორებისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე:

http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2002/18366.htm
XS
SM
MD
LG