Accessibility links

logo-print

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ომისშემდგომი ერაყის მოწყობისთვის?


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ს მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი სამოქალაქო ადმინისტრაციას უხელმძღვანელოს ერაყში ომის დამთავრების შემდეგ და დროებით დატოვოს იქ თავისი ჯარი, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია ევროპაში.

უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ვაშინგტონის ამ ინიციატივას დიდ ბრიტანეთშიც, რომელიც ამერიკის მთავარი მოკავშირეა ერაყთან მიმდინარე ომში.


ბრიტანეთს მიაჩნია, რომ გაერომ, ახალი რეზოლუციის მიღებით უნდა მოახდინოს ომისშემდგომ ერაყში დროებითი ადმინისტრაციის ლეგიტიმიზაცია, და მისივე შუამავლობით უნდა მოხდეს მოგვიანებით, ერაყში, ფართო წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნა.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ლონდონის ამგვარი პოზიცია, რასაც ევროპელი მოკავშირეები, და პირველ რიგში საფრანგეთი უჭერს მხარს, ტრანსატლანტიკურ კავშირში უკანსკნელ დროს წარმოქმნილი დაძაბულობის განსამუხტადაა გამიზნული.

პრესკონფერენციაზე, ოთხშაბათს ბელგრადში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს მტკიცედა აქვს გადაწყვტილი ახალი, წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნაში დაეხმაროს ერაყელ ხალხს [კოლინ პაუელის ხმა]: "ძალზედ ბევრი რამ გაკეთდა ორ კვირაში. სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება ამას, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყოველი ჩვენთაგანის სურვილია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს, რათა ერაყელ ხალხს ახალი მთავრობის შექმნის შესაძლებლობა მივცეთ ".

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მზად არიან ერაყელები ახალი მთავრობის შესაქმნელად, სამაგიეროდ კარგადაა ცნობილი ომისშემდგომ ერაყში ვაშინგტონის სამოქმედო პროგრამა. ამ გეგმის თანახმად, ომის დათავრების შემდეგ კოალიციის ძალებმა ერაყში, უშიშროება უნდა უზრუნველყონ, ხოლო ქვეყნის მართვა დროებით, ამერიკელ გენერალს ტომი ფრენკსს დაეკისრება. მას დაექვემდებარება აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელსაც გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ჯეი გარნერი უხელმძღვანელებს და დროებით, ერაყის 23 სამინისტროს საქმიანობას გუწევს კოორდინირებას.

ჯეი გარნერის სამოქალაქო ადმინისტრაციას დაევალება ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს ერაყელ ხალხს, აღადგინოს ქვეყანაში ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა და მოამზადოს საფუძველი ერაყელებით წარმოდგენილი დროებითი ადმინისტრაციის შესაქმნელად, რომელიც მოგვიანებით, ფართო წარმომადგენლობითი მთავრობით შეიცვლება.
XS
SM
MD
LG