Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2002 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ


დღევანდელი "უხილავი ფარდა" საქართველოში ადამიანის

უფლებების დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშს ეძღვნება. ამ ანგარიშის პირველი ნაწილი უკვე გაგაცანით.

მიმოხილვის პირველი თავი, "ადამიანის ხელშეუხებლობის უფლება", უკანონო, თვითნებურ დაკავებასა და დაპატიმრებას ეხება. ანგარიშის თანახმად, საქართველოში კონსტიტუციით დადგენილი ნორმები ირღვევა, პროკურორებს კვლავაც გავლენა აქვთ გამოძიებაზე. ამასთან, წინასწარ პატიმრობაში დაკავებული პირები, კანონის დარღვევით, უფრო ხანგძლივად ჰყავთ ხოლმე საპატიმროში. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 1999 წელს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის ახალი კანონი, მაგრამ ეს პრობლემა არ მოგვარებულა. ირღვევა საქმის აღძვრის, დანაშაულის რეგისტრირების წესიც, რადგან, როგორც ანარიშში წერია, პოლიცია დროს იტოვებს იმისათვის, რომ დაკავებულს ქრთამი გამოსძალოს. მოუგვარებელი რჩება სამედიცინო ექსპერტიზის პრობლემა. ეს სფერო კვლავ სახელმწიფოს ხელშია და მხოლოდ მისი დასკვნებია აღიარებული პროკურატურის მიერ. საქართველოში 2002 წელს დაკავებულისთვის მისი უფლებების გაცნობის მხრივაც მოიკოჭლებდნენ სამართალდამცავი ორგანოები.
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, საერთოდ, სასამართლოების საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეებს დამოუკიდებელი პროცესების გარანტიას აძლევს, ეს უფლება ამ ქვეყანაში დაცული არ არის, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. 1999 წელს გატარებული სასამართლო სისტემის რეფორმების მიუხედავად, - მაშინ არჩეულ იქნენ უკეთესი კვალიფიკაციის მოსამართლეები, -მიმომხილველთა თანახმად, აღმასრულებელი ორგანოები მასზე მაინც ახდენენ ზეწოლას. პრობლემად რჩება მოსამართლეთა არაკომპეტენტურობა, კორუპცია მათ რიგებში, მექრთამეობის ჩათვლით. საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არ იყო თანხმობა იმაზე, თუ ვინ შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკურ პატიმრად. ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციები 20-25 პატიმარს მიიჩნევდნენ პოლიტიკურად, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი კი - მხოლოდ 3-5 პირს. ომბუდსმენი კი საერთოდ უარყოფდა პოლიტიკური მოტივით დაკავებული მოქალაქეების არსებობას. თვითონ დაკავებული პირები, მხედრიონის ჩათვლით, ასევე, ეგრეთ წოდებული ზვიადისტები - თავიანთ თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ. უფლებადამცავთა თანახმად, ბევრ ზვიადისტს არასოდეს იარაღი არ სჭერია ხელში და, ამდენად, პოლიტიკური პატიმრები იყვენ. ანგარიშში შემდგომ აღწერილია ამ დაპატიმრებული პირების განთავისუფლების ამბავი და საფუძველი.
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია კრძალავს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კერძო სატელეფონო საუბრების მოსმენას, სამართალდამცავი ორგანოები ხშირად არღვევენ ამ კანონს.
ანგარიშის შემდგომი თავი საქართველოში სამოქალაქო უფლებების დაცვას შეეხება.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა ჟურნალისტებს - და, საერთოდ, მასმედიის საშუალებებს - ემუქრებოდნენ და მათზე ზეწოლას ცდილობდნენ. დამოუკიდებელი პრესა საქართველოში, საერთო ჯამში, თავისუფალია. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, უშიშროებისა დ სხვა სახელისუფლო ორგანოები შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ დაეშინებინათ პრესის წარმომადგენლები. საქართველოში დამოუკიდებელი მასმედია, ანგარიშის ავტორების დაკვირვებით, აკრიტიკებს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ანგარიშში აღწერილია თუ როგორ არის განაწილებული საქართველოში პროცენტულად სამთავრობო პრესა და მასმედიის დამოუკიდებელი საშუალებები. კონკრეტულად არის მასში განხილული და აღწერილი "რუსთავი 2-ს" გარშემო შექმნილი ვითარება, მოთხრობილია იმ ინციდენტის შესახებ, როცა ამ ტელეარხის შენობაში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ და საფინანსო დოკუმენტაცია მოითხოვეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საგადასახადო ორგანოები აწუხებენ სატელევიზიო კომპანიებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშის ავტორებისთვის ცნობილია ფაქტებიც, როცა, მაგალითად, ზუგდიდში პოლიციამ სცემა ადგილობრივი ტელეარხის თანამშრომლები და დააზიანა აღჭურვილობა. რადიკალურ რელიგიურ ექსტრემისტთა სამიზნე გახდა კერძო სატელევიზიო სადგური "პირველი სტერეო", რომელიც უცხოურ ევანგელისტურ პროგრამას გადასცემდა. ანგარიშში აღწერილია შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს საქართველოში ხელისუფლების, საქმოსანთა და სხვადასხვა გაერთიანების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. მაისში პარლამენტარი ვიტალი ხაზარაძე დაემუქრა გაზეთ "ახალ თაობას", თუკი გაზეთი ბოდიშს არ მოიხდიდა პარლამენტარის მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო.
ბოლოს კიდევ ერთ ქვეთავს გაგაცნობთ მოკლედ. მასში თავყრილობის მოწყობისა და გაერთიანებების თავისუფლების შეზღუდვაზეა ლაპარაკი. კონსტიტუციური უფლება საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ირღვევა. მთავრობა მოქმედებს იმ კანონის თანახმად, რომელიც თავყრილობების მოწყობის უფლების აღებას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცადნენ საკონსტიტუციო სასამართლოში შეეტანათ სარჩელი, რომ ეს კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე, განაცხადა რა, რომ ჩივილი შეუძლია კერძო პირს, რომელსაც ეს უფლება შეუზღუდეს. ეს უფლება კი საქართველოში ძალზე ხშირად ირღვევა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიმართ. თავყრილობაში ხელს უშლიან მცირე რელიგიურ გაერთიანებებს, რომელთა უფლებას ერთად თელავენ ფეხით რელიგიური ექსტრემისტები და სამართალდამცავი ორგანოები.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე:
http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2002/18366.htm
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG