Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ყოვნდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება


ანდრო ეული, პრაღა ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებათა გამო ქვეყნის მოსახლეობა შესაძლოა, სულ მალე, სასმელი წყლისა და სურსათის მწვავე უკმარისობის წინაშე აღმოჩნდეს. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი

ჩარლს რეკნაგელი იტყობინება ქუვეითიდან, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ჯერაც არ დაუწყიათ სრულმასშტაბიანი დამხარების მიწოდება სამხრეთ ერაყში, ვინაიდან არასტაბილური ვითარების გამო დაყოვნდა იქ ჰუმანიტარული დახმარების გასანაწილებელი პუნქტების შექმნა.


როგორც გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელმა ედნა სევიჯმა აცნობა ჩვენს კორესპონდენტს, მას შემდეგ, რაც 16 დღის წინათ ომი დაიწყო, ერაყმა ძალზედ უმნიშვნელო დახმარება მიიღო. სევიჩის თქმით, გაერომ დააყოვნა დახმარების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი არ წარმოადგენს სარწმუნო შეფასებას - რამდენად იქნება გარანტირებული ჰუმანიტარული სააგენტოების უშიშროება ერაყში [ედნა სევიჯის ხმა]: "გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოებიდან ძალზედ უმნიშვნელო დახმარება იქნა ჩატანილი, ვინაიდან ნიუ-იორკიდან არ ყოფილა მიღებული ნებართვა, რომ ერაყში ჩასვლა ამჟამად არაა სახიფათო".

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, გაეროს ექსპერტთა პირველი ჯგუფი სამშაბათს ჩავიდა სამხრეთი ერაყის ნავსადგურ უმ ყასრში და წერილობითი მოხსენება გააგზავნა ნიუ-იორკში.

იმ დროს, როცა უშიშროების საკითხი რჩება ჰუმანიტარულ სააგენტოთა თანამშრომლების მთავარ პრობლემად, სამხრეთ ერაყში დახმარების მიწოდებას კიდევ რამდენიმე ფაქტორი აფერხებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაძაბულობამ იჩინა თავი ამერიკელ სამხედროებსა და გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებს შორის იმის თაობაზე, თუ რომელმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს - სად და როგორ უნდა განაწილდეს ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი.

ვაშინგტონსა და ლონდონს აუცილებლად მიაჩნიათ ერაყში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა მოსახლეობაში სადამ ჰუსეინის მოწინააღმდეგეთა რიცხვს. მაგრამ, მოკავშირეები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერაც ვერ შეთანხმებულან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ერაყში მათი საქმიანობის კოორდინირება.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ მილიონობით დოლარი გამოჰყო ერაყისთვის სურსათის მისაწოდებლად, რასაც წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები გაანაწილებენ, და შესაძლოა, ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოები იმედოვნებენ, რომ სასმელი წყლის უკმარისობის პრობლემა სამხრეთ ერაყში, ქუვეითიდანა და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ბოთლებში ჩამოსხმული წყლის ტრანსპორტირების მეშვეობით მოგვარდება. გაეროს ბავშთა ფონდმა UNICEF-მა ბოთლებში ჩამოსხმული წყლით დატვირთული სამი ავტომანქანა გააგზავნა ორშაბათს სამხრეთ ერაყში და იმედოვნებს, რომ სულ მალე, 40-დე გაიზრდება ყოველდღიურად სამხრეთ ერაყში მიმავალი, სასმელი წყლით დატვირთული ავოტმანქანების რიცხვი.

ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო სააგენტოთა თანამშრომლები აცხადებენ, რომ ნაწილობრივ შეძლეს ქალაქ ბასრაში სასმელი წყლის უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. ქალაქის წყალმომარაგების სისტემა გასულ კვირაში მომხდარი ბრძოლების დროს გამოვიდა მწყობრიდან.
XS
SM
MD
LG