Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქრისტიანი მოსახლეობის ბედი ომის შემდგომ ერაყში ბუნდოვანია


ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებამდე და ომის მიმდინარეობისას დიდი ყურადღება ეთმობა ერაყის შიიტი მუსულმანების, ქურთებისა და თურქების მოთხოვნებსა და იმედებს. ძალიან ცოტა ითქვა დღემდე

ერაყის ქრისტიან მოსახლეობის მომავალზე. ერაყელი ქრისტიენბის უდიდესი ნაწილი ასირიელებად და ქალდეველებად არის ცნობილი. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ჟან-კრისტოფ პეკი შეეცადა უფრო კარგად გაცნობოდა ერაყის ქრისტიანთა მდგომარეობასა და მათ დამოკიდებულებას მიმდინარე ომის მიმართ.

გასულ თვეში ტონი ბლერთან და ხოსე მარია აზნართან შეხვედრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმა გულისხმობს დემოკრატიისა და მშვიდობის მოტანას ერაყის მოსახლეობის ყველა ეთნიკური და რელიგიური წარმომადგენლისთვის. ეს კი პირველ რიგში გულისხმობს ერაყში ისეთი მთავრობის შექმნას, რომელიც მთელი მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებს. ბუშის, ბლერისა და აზნარის ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა: "მთელი ერაყის ხალხმა - სუნიტებმა და შიიტებმა, ქურთებმა, თურქებმა, ასირიელებმა, ქალდეველებმა და სხვებმა უნდა გაინაწილონ მშვიდობა, კეთილდღეობა და თანასწორუფლებიანობა ერაყის ერთიან სახელმწიფოში".

ვაშინგტონის მოლოდინის მიუხედავად, ერაყის შიიტები სიხარულით არ შეხვედრიან ამერიკელ ჯარისკაცებს, როგორც განმათავისუფლებლებს. ეს სკეპტიციზმი ახლო წარსულის გამოცდილებას ეფუძნება, როცა 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის დროს ვაშინგტონმა შიიტები სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ამბოხებისკენ წააქეზა და შემდეგ არ დაეხმარა მათ, რასაც ათობით ათასი შიიტის დაღუპვა მოჰყვა. ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ ერაყის ჩრდილოეთში მოვლენების განვითარება ნავთობით მდიდარ კირკუკსა და მოსულზე კონტროლის აღებისთვის ქურთებისა და თურქების წაკიდებად გამოიწვევს.

ერაყის ასირიელ-ქალდეველი მოსახლეობისთვისაც (ის ერაყის ქრისტიანთა უდიდეს ნაწილს შეადგენს) გაუგებარი რჩება რას მოუტანს მათ ომი.

საფრანგეთის ასირიელ-ქალდეველთა ასოციაციის აქტიური წევრი ნამან ადლუნი ერაყში ომს არასამართლებრივად მიიჩნევს.

[ადლუნის ხმა] 040142
"ჩვენ შერეული გრძნობები გვაქვს. მთლიანობაში ომის წინააღმდეგი ვართ და გვინდა ის რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ამასთან ერთად ჩვენ გვინდა სადამ ჰუსეინის მოშორებაც. ეს ცოტა არ იყოს რთულია. ჩვენი საზოგადოება ორად არის გაყოფილი. ერთი მხარს უჭერს სამხედრო ოპერაციას ერაყში იმ რწმენით, რომ ეს არის თავისუფლებისთვის გაღებული ხარკი. მაგრამ ვართ ჩვენ ვალდებულები მშვიდობაში ასეთი მაღალი ფასი გადავიხადოთ? მეორე ჯგუფი ერაყში ომის წინააღმდეგია და სადამ ჰუსეინთან მშვიდობიანი გზებით ბრძოლას ემხრობოდა".

დღეს ერაყში ერთი მილიონი ქრისტიანია დარჩენილი. მათი უდიდესი ნაწილის - ასირიელ-ქალდეველების გარდა, შედარებით მცირე ჯგუფებს შეადგენენ: სომხები, სირიელი და ბერძენი მართლმადიდებლები და სირიელი და ბერძენი კათოლიკეები.

ასირიელ-ქალდეველები ძირითადად ბაღდადის გარშემო არიან კონცენტრირებული. ზოგიერთი წყაროს თანახმად ქრისტიანები ბაღდადის ექვსმილიონიანი მოსახლეობის თითქმის ერთ მეათედს შეადგენენ. ათეულობით ათასი ქრისტიანი ცხოვრობს ჩრდილოეთ ერაყში: მოსულში, კირკუკსა და ქურთების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. როგორც ამბობენ, 50 ათასამდე ქრისტიანი ცხოვრობს ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრაშიც.

ჯოზეფ იაკუბი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ექსპერტია. ის თვლის, რომ ერაყის ქრისტიანები შეიძლება საბოლოოდ განტევების ვაცის როლში აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ერაყში მიმდინარე ომს ქრისტიანული დასავლეთის მუსულმანური აღმოსავლეთის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვამს.

ასირიელ-ქალდეველები შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ისინი სათანადოდ არ არიან წარმოდგენილი ერაყის პოლიტიკური ოპოზიციის შეკრებებზე. მათ აშფოთებთ ერაყის მომავალი კონსტიტუციის ის პროექტიც, რომელიც ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე ლონდონში შეიმუშავეს. კონსტიტუციის ეს ვარიანტი გაცილებით ისლამურად არის ორიენტირებული, ვიდრე ერაყის ახლანდელი მოქმედი კონსტიტუცია. პარიზში არსებული ასირიელ-ქალდეველთა ასოციაციის წარმომადგენელი ნამან ადლუნი ამის შესახებ ამბობს:

[ადლუნის ხმა] 040143
"ბაღდადის ირგვლივ 500 ათასი ასირიელ-ქალდეველი ცხოვრობს, ეს არის ერაყის ნაწილი, რომელიც არ არის ავტონომიური, არამედ სადამ ჰუსეინის რეჟიმისიგავლენის სფეროში რჩება. თუკი ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ პოსტ-სადამური ერაყის ჩრდილოეთზე - ქურთისტანის საკითხზე კონცენტრირება, ანგარიში უნდა გავუწიოთ ასირიელ-ქალდეველთა აზრსაც."

ერაყის მომავალი არა მხოლოდ იქაური ქრისტიანებისთვის, ყველასვის ბუნდოვანია. თუმცა, ქრისტიანთა შეშფოთებას აძლიერებს ის ფაქტორიც, რომ დღეს მათი აზრის უგულვებელყოფა ხდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG