Accessibility links

logo-print

როგორ აპირებს საქართველო ებრძოლოს ექსტრემიზმს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ერაყში მიმდინარე ანტიტერორისტული ომის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ექსტრემისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას გეგმავს. 5 აპრილს საქართველოს

უშიშროების საბჭოს სხდომაზე უშიშროების მინისტრის მიერ წარდგენილი 5 კანონპროექტი სწორედ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზის შექმნას ითვალისწინებს. წარმოდგენილ პროექტთა შორისაა პროექტი, სახელწოდებით " ექსტრემისტულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანიბის აკრძალვის შესახებ", რომელმაც ამ ორიოდე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის შეშფოთება გამოიწვია.

შეგახსენებთ: ამ ორიოდე თვის წინათ უშიშროების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ოდნავ სხვა სახელწოდებას ატარებდა და "ექსტრემალურ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების, ლიკვიდაციისა და აკრძალვის შესახებ" კანონპროექტად იწოდებოდა. იმ პროექტის საჯარო განხილვისას არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებით შეაშფოთა მესამე მუხლმა, რომლის თანახმადაც, უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობად იგულისხმებოდა ისეთი ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც უცხო სახელმწიფოსაგან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციიდან ითხოვს ან ღებულობს ფინანსურ შემოწირულობებს ან რომლის პოლიტიკა და საქმიანობა განისაზღვრება ან შემუშავდება უცხო სახელმწიფოსთან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თნამშრომლობით, თუ აღნიშნული ქმედებები მიმართულია საქართველოს ინტერესების საზიანოდ. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ მიეღოთ განმარტება, შეფასდება თუ არა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად, მაგალითად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აქციები, რომლებიც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაზე გატარებას აპროტესტებენ.
ახალ პროექტში ასეთი მუხლი საერთოდ არ არსებობს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, უშიშროების სამინისტრომ დამოუკიდებელი იურისტების მიერ წარმოდგენილი შენიშვნების საკმაოდ დიდი ნაწილი გაითვალისწინა. თუმცა, სამწუხაროდ, ახალ კანონპროექტშიც საკმაოდ ბევრია საკამათო საკითხი. მაგალითად:
კანონპროექტის მეოთხე მუხლით, ექსტრემიზმის გამოვლინებად, სხვა მრავალთან ერთად, ითვლება საჯარო განცხადება ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვის თაობაზე. არადა, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიილტვის, რაც, სხვათა შორის, ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილის ევროკავშირისთვის გადაცემასაც გულისხმობს. ან კიდევ ერთი პუნქტი კანონპროექტიდან, რომელიც ასევე ექსტრემიზმად აცხადებს ომის პროპაგანდას. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ომის პროპაგანდად შეფასდეს პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადება, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჯერ კიდევ 12 წლის წინ უნდა დაემხოთ ამერიკელებს, ან აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თვმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის არაერთი განცხადება, რომ აფხაზეთის კონფლიქტი მხოლოდ ძალისმიერი ხერხით შეიძლება მოგვარდეს?
XS
SM
MD
LG